32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
mai tribunastan,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ეყრდნობოდა ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც 2017 წლის იანვრიდან ხელფასების ზრდა განხორციელდება, დღეს არსებულ საბაზო ხელფასზე საკვალიფიკაციო დანამატების ზრდის გათვალისწინებით. ჩვენ თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავით მასწავლებლის ხელფასების ზრდის ასეთი სქემისა და 2014 წელს ვთავაზობდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირველ რიგში, გაზრდილიყო საბაზო ხელფასი იმ პრინციპით, რომ იგი გაუთანაბრდებოდა საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს, რაც დაახლოებით 900 ლარია. პარალელურად ამისა, უნდა გავრცელებულიყო საკვალიფიკაციო დანამატების ზრდის სისტემა. ჩვენ ასეთი მოთხოვნით მივმართეთ საქართველოს პარლამენტს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, მიმართვას ხელს აწერდა საქართველოს საჯარო სკოლების 17 000–მდე პედაგოგი და არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, არც პარლამენტმა და არც ,,პედაგოგთა ბედით დაინტერესებულმა“ ექსპერტებმა ჩვენს მოთხოვნებს მხარი არ დაუჭირეს. დღეს, განცხადებები იმის თაობაზე, რომ პედაგოგები მოატყუეს, ჩემი აზრით, ემსახურება უფრო პოლიტიკურ მიზნებს, ვიდრე მასწავლებელთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ზრუნვას. პედაგოგებმა კარგად იციან სქემის მოთხოვნები, და თუ არ შეიცვალა ხელფასების ზრდის მოქმედი მიდგომები, მასწავლებელთა მდგომარეობა არ გამოსწორდება.
საქართველოს პედაგოგები მხარს უჭერენ ჩვენს წინადადებებს საბაზო ხელფასის ეტაპობრივ ზრდასთან დაკავშირებით და თუ ვინმეს სურვილი აქვს, გაუმჯობესდეს მასწავლებელთა მდგომარეობა, მოდით ერთად ვიბრძოლოთ მიზნის მისაღწევად”- აცხადებს სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე.