32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.

რუბრიკამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და არაერთი წარმატებული პედაგოგი და სკოლის ლიდერი წარმოაჩინა.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ბორჯომის №1 საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ლია გულიკაშვილი.

120104871 1244216165939123 1369045602982390676 n

დოსიე: დავიბადე 1960 წლის 10 მარტს, ქალაქ ქუთაისში. 1977 წელს დავამთავრე ქალაქ ქუთაისის 23-ე საშუალო სკოლა, ხოლო 1985 წელს - ქალაქ გორის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი - სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა. 1987 წლიდან ვმუშაობ ბორჯომის #1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1989-99 წლებში ვიყავი ბორჯომის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდური ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის მთავარი სპეციალისტი, ხოლო 1999-2004 წლებში - საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ბორჯომის სამმართველოს უფროსი.მუდმივად ვზრუნავდი ჩემს პროფესიულ განვითარებაზე, რაც აისახა პედაგოგთა პირველი ტესტირებისას ( მომენიჭა უმაღლესი კატეგორია). 2012 წელს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შემდეგ გავხდი უფროსი მასწავლებელი, ხოლო 2019 წელს - წამყვანი. 2016 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მომანიჭა წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება.

მყავს მეუღლე, ორი შვილი და ცხრა შვილიშვილი.

გაააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას? რითია გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან?

ბორჯომი გამოირჩევა არა მარტო თავისი უნიკალური ბუნებითა და მინერალური წყლებით, არამედ თავისი კულტურითა და ისტორიით. ჩემი სკოლა თითქმის საუკუნეს ითვლის, მის კედლებში გამორჩეული პედაგოგების მიერ უამრავი ღირსეული პიროვნება აღზრდილა, ამიტომაც ვცდილობთ გავაგრძელოთ ეს ტრადიციები.

97636cbe b37b 4e68 acc6 326e1607e562

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

სკოლის დირექტორმა ბატონმა დავით ქომეთიანმა, რომელიც ამავე დროს ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელიც იყო, უდიდესი როლი შეასრულა ჩემი პროფესიის არჩევაში. მისმა პროფესიონალიზმმა, ლიტერატურის სიყვარულმა მეც უზომოდ შემაყვარა პედაგოგობა.

რა არის თქვენთვის წარმატება და რა გაძლევთ მოტივაციას?

ჩემი წარმატება მოსწავლეთა შედეგებია, სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას, ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე ვარ დღეს.

იხ.ლინკი:https://www.youtube.com/watch?v=v_VHlMafnFA&fbclid=IwAR1pMarNYjHjEtTlrs-rDSdiMduqlBLWTAK_oS6lYYADa2RlEPigRw0-AGk

ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

უფლის, მისი ნების გარეშე ხომ არაფერი ხდება, ასევე იმ ადამიანებისა, რომელთა წრეშიც მიხდება ცხოვრება და მოღვაწეობა.

თქვენს პროფესიაში რომელ თანამედროვე მიდგომებს და მეთოდებს გამოყოფთ, რომლებსაც სწავლებისას განსაკუთრებით იყენებთ?

ვემხრობი ჰუმანისტურ თეორიებს, ჩემთვის მოსწავლის პიროვნული განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ სწავლებისას უპირატესობას ვანიჭებ ისეთ სტრატეგიებსა და მეთოდებს, რომლებიც ხელს უწყობს და ავითარებს მოსწავლეებში პატრიოტიზმს, სამართლიანობას, თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების უნარებს. (ვაწყობთ ლაშქრობებს, ექსკურსიებს, ლიტერატურულ საღამოებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ - ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისა და კულტურის გასაცნობად, ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს ( ,,კარცერ-ლუქსი", ,,გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“, ,,ვიცოდეთ ,,ვეფხისტყაოსანი“ ,,მე ისევ მოვალ სიკვდილის მერე“)

 

რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის და როგორი უნდა იყოს თანამედროვე პედაგოგი?

მასწავლებელს უნდა მიეცეს სკოლაში ,,თავისუფალი გაკვეთილების მსგავსი" პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რომ მან სასწავლო პროცესი თითოეულ მოსწავლეს თავისუფლად მოარგოს, შეძლოს მოსწავლეთა პიროვნული თვისებებისა და უნარების მკაფიოდ გამოვლინება და მათზე მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთგაგებასა და საუკეთესო კომუნიკაციას. თანამედროვე პედაგოგი უნდა იყოს მოტივირებული, უყვარდეს თავისი საქმე და აღსაზრდელები, გამოირჩეოდეს პიროვნული თვისებებით, ფლობდეს არა მარტო თანამედროვე, არამედ ტრადიციულ მეთოდებსაც, რომლებსაც გამოიყენებს სწავლა-აღზრდის პროცესში.

იხ.ლინკი: https://www.youtube.com/watch?reload=9&v=71s4S7YbFX0&fbclid=IwAR11J1SuZsmfZimu5QUx3kJmpq749QFOu689tRedbQ38KiS2BVhqJYdpIes

გარკვეული წლების მერე როგორ ხედავთ თქვენს თავს ფილოლოგიაში? როგორია თქვენი სამომავლო პერსპექტივები?

კვლავ ვიზრუნებ პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაზე; მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაზე. ამ მიმართულებით ვგეგმავ რამდენიმე პროექტის განხორციელებას.

სწავლებისას ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით? როგორია თანამედროვე ახალგაზრდობა? რამდენად მოტივირებულები არიან სწავლა/სწავლების პროცესის დროს და წინა თაობის ახალგაზრდებისგან რითი გამოირჩევიან ?

მოსწავლეებში წიგნიერების დაბალი დონე ყველაზე დიდი პრობლემაა, ისინი უფრო მოტივირებულნი არიან თანამედროვე ტექნოლოგიებით, წინა თაობებისაგან სწორედ ამით გამოირჩევიან. მიმაჩნია, რომ ტექნოლოგიების განვითარება ხელს არ უნდა უშლიდეს წიგნიერებას, ე.ი. ჩვენ სადღაც რაღაც გვეშლება, სწორედ ესაა მისაგნები და საშველი.