32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი მაია ესებუა და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორი ანასტასია ამისულაშვილი, მიმდინარე წლის 15-16 იანვარს, სპმთპ-ის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის განვითარება-გაძლიერებისა და წევრთა მოზიდვისა და დამაგრების მიზნით, ბაღდათის რაიონში იმყოფებოდნენ.

სპმთპ-ის ბაღდათის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, თეა თავაძის ორგანიზებით შეხვედრები გაიმართა ბაღდათის რაიონის სოფელ პირველი დიმის, სოფელ მეორე დიმის, სოფელ ვარციხის, სოფელ როხის, სოფელ როკითის, სოფელ ოფჩის №1, ბაღდათის №1, №2 საჯარო სკოლებში და ბარდათის სპორტულ სკოლაში დასაქმებულებთან. ასევე, შეხვედრა გაიმართა ბაღდათის რაიონის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში რაიონის 16 საბავშვო ბაღის დირექტორებთან.

მაია კობახიძე შეხვედრების მონაწილეებს ესაუბრა პროფკავშირის მიზანზე, როლზე, ფუნქციებზე, 2010 წლიდან დღემდე ორგანიზაციის მიერ განვლილ რთულ გზაზე, განათლების სფეროში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის საქმეში მიღწეულ წარმატებებზე, სპმთპ-სა და განათლების სამინისტროს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად დოკუმენტზე - დარგობრივ შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი 2017 წლის 16 მარტს მოეწერა. ასევე, საუბარი შეეხო განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისათვის და მასწავლებელთა პრესტიჟის ამაღლებისთვის განხორციელებულ აქტივობებს, ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს და მიმდინარე წლის გამოწვევებს.

ბაღდათის რაიონში ვიზიტი დატვირთული და ამასთან საკმაოდ შედეგიანი იყო. სპმთპ-ის წევრებმა სიახლეები პრეზიდენტისგან შეიტყვეს და ყველა პრობლემა, რომელიც რაიონის საჯარო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულებს აქვთ პირადად გააცნეს მას.

შეხვედრა შედგა სპმთპ-ის პრეზიდენტსა და ბაღდათის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ივანე ჟორჟოლიანს შორის. მათ განიხილეს პედაგოგთა პროფესიული ზრდის და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.