32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ლადო აფხაზავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სკოლებს ეწვია.

სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ცირა გულუას ორგანიზებით ლადო აფხაზავამ სოფელ ახალაბასთუმნის,შამგონისა და რუხის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სახალისო, ინოვაციური მეთოდებით დაგეგმილი გაკვეთილები ჩაუტარა. აგრეთვე, მან კოლეგებს 2018 წლის მასწავლებლის ევროვნული ჯილდოს შესახებ ინფორმაცია გააცნო და აქტიურობისკენ მოუწოდა. სკოლებში სასიამოვნო და ყველასთვის დასამახოვრებელი გარემო შეიქმნა.

სკოლებში სტუმრობის შემდეგ, ცირა გულუამ 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის აქტიურ წევრს, ლადო აფხაზავას, სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის აქტიურ წევრებთან ნანა გულუასა და მაკა პაპავასთან ერთად ენგურის ხიდთან ემოციებით დატვირთული საღამო მოუწყო.

,,აქ ყოფნა დიდ ემოციებთან ყოფილა დაკავშირებული. აფხაზეთი საქართველოა! ახლა უფრო დიდებული და მიუწვდომელია საქართველო! უამრავი აფხაზი უპრობლემოდ შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე და ეს მართლაც მოსაწონი და მნიშვნელოვანია შერიგებისთვის. მძიმე ხელბარგით, კილომეტრობით დადიან გაწამებული მოსახლეობა საქართველოდან საქართველოში და ბევრს უჭირს თქმა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ცირა გულუა, დიდი მადლობა ამ ემოციისთვის” - აღნიშნავს ლადო აფხაზავა, ლანჩხუთის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

,,სანამ ენგურის ხიდს მივადგებოდით, ლადოს ვუთხარი, რომ იქ სადაც აფხაზეთი იწყება, სხვა სურნელია და ამას მხოლოდ პატრიოტი თუ იგრძნობს..... მოინათლა ჩემი მშობლიური კუთხის მადლით!” - ცირა გულუა, სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ენგურის ხიდზე ქართველმა პედაგოგებმა მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოდ საქართველოს დროშა აღმართეს იმ იმედით, რომ ძალიან მალე ენგურს გაღმა შეხვდებიან აფხაზ კოლეგებსა და მოსწავლეებს.