32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

,,განათლების ინტერნაციონალი“ გმობს თავდასხმას მშვიდობასა და დემოკრატიაზე

საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,განათლების ინტერნაციონალი“ (EI) სამძიმარს უცხადებს წევრ ორგანიზაციას, ,,თურქეთის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფესიულ კავშირს“ (EGITIM-SEN) ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად კავშირის ხუთი აქტივისტის დაღუპვასთან დაკავშირებით.

ამჟამინდელი მონაცემებით, ანკარაში ამ საბედისწერო დღეს ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

,,თურქეთის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფესიული კავშირი“ (EGITIM-SEN) შეძრწუნებულია იმ ფაქტით, რომ 10 ოქტომბრის მშვიდობიანი აქციის დროს აფეთქების შედეგად დაღუპულ ას ადამიანს შორის პროფკავშირის მინიმუმ 5 წევრი იმყოფებოდა.

„ჩვენ, კაცები, ქალები, ახალგაზრდები თუ მოხუცები, გავერთიანდით ამ მსვლელობაში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სწრაფვა მშვიდობისაკენ“ - ვკითხულობთ თურქეთის განათლების პროფკავშირის ვებ-გვერდზე. „ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ არასოდეს დავნებდებით, არასოდეს დავივიწყებთ ამ დღეს და არასოდეს ვაპატიებთ მასზე პასუხისმგებელ პირებს“.

,,განათლების ინტერნაციონალის“ ცნობით აფეთქების შედეგად სიცოცხლე დაკარგა გულჰამ ელმასჯანმა, სირინ კილიჩალპმა, ჰაკან დურსუნ აკალინმა, ნიაზი ბუიუკსუტჩუმ და გოკმენ დალმაჩმა.

„მშვიდობის, დემოკრატიისა და შრომისთვის“ მიძღვნილი მსვლელობის ორგანიზატორები იყვნენ პროფესიული კავშირები: ,,თურქეთის სამთო–მრეწველობის პროფკავშირი“ (DISK), ,,თურქეთის საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ფედერაცია“ (KESK), და ,,თურქეთის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა პროფესიული კავშირი“ (EGITIM-SEN). მსვლელობაში აგრეთვე მონაწილეობდნენ პრო-ქურთული საზოგადოებრივი ჯგუფები.

,,განათლების ინტერნაციონალი“ ცალსახად გმობს ამ თავდასხმას მშვიდობასა და დემოკრატიაზე და მოითხოვს, თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, სასწრაფოდ, მიუკერძოებლად და სრულად გამოიძიონ ეს საზარელი შემთხვევა.