ქ. თბილისის N24 საჯარო სკოლის დირექტორის გიორგი კაკაბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებებით და ვიდეო მიმართვებით საზოგადოებას აწვდიან არასწორ ინფორმაციას. თავად ბატონი კაკაბაძე აცხადებს, რომ პროფკავშირის რაიონული ლიდერის, ამავე სკოლის მასწავლებლის თამარ ბარისაშვილის გათავისუფლების დროს მან იხელმძღვანელა საქართველოს ,,შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით. პარალელურად, იგი ავრცელებს პედაგოგთა პროფკავშირის მიმართ შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს.
სპმთპ-ის იურიდიულ დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, მოგაწოდოთ განმარტებები გიორგი კაკაბაძის საქმიანობასა და გათავისუფლების საფუძველთან დაკავშირებით.
ნათელი სურათის წარმოდგენის მიზნით, აუცილებლობად მივიჩნიეთ შეგახსენოთ, რის საფუძველზე დაიწყო კონფლიქტი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელსა და პედაგოგთა პროფკავშირს შორის.
2021 წლის 14 სექტემბერს, 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კაკაბაძის ბრძანებით შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა ინგლისური ენის ოთხ მასწავლებელს. მათგან სამმა მასწავლებელმა მოგვმართა სპმთპ-ს, იურიდიული დახმარებისათვის. ჩვენ მიერ დადგინდა, რომ გათავისუფლება იყო უკანონო და მივმართეთ სასამართლოს. საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ მასწავლებელთა გათავისუფლება ცნო უკანონოდ და სკოლას დააკისრა სავალდებულო განაცდურის ანაზღაურება, ჯამში 120 000 (ასოციათასი) ლარზე მეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანისთანავე ბატონმა კაკაბაძემ დაიწყო კამპანია სპმთპ-ის წინააღმდეგ. პროფკავშირის მიმართ საჯარო ცილისმწამებლური განცხადებების პარალელურად, კაკაბაძე ჩაერია სკოლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობაში და დევნიდა 24-ე სკოლის პროფკავშირის წევრ-მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს თამარ ბარისაშვილს, რომელიც არის სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი. ბატონი კაკაბაძე აცხადებდა, რომ სკოლაში პროფკავშირი არ არსებობს და ეჭქვეშ აყენებდა მის ფუნქციონირებას. დღესაც იგივეს აგრძელებს. ბატონ კაკაბაძეს არაერთხელ განვუმარტეთ და ოფიციალური დოკუმენტებით დავუსაბუთეთ, რომ მის ე.წ. „მოსაზრებას“ არავითარი საფუძველი არ გააჩნია.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ ბატონ კაკაბაძეს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მე-2 მუხლის თანახმად, ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნის და მასში გაერთიანების უფლება. ამავე კანონის მე-5 მუხლის „1“ პუნქტის თანახმად, პროფესიული კავშირი დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან, დამსაქმებლებისგან, დამსაქმებელთა გაერთიანებებისგან, პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისგან, არ არის მათ წინაშე ანგარიშვალდებული და არ ექვემდებარება მათ კონტროლს. ამავე კანონის მე-10 მუხლის „1“ პუნქტის თანახმად, პროფესიული კავშირი იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს.
მიუხედავად ჩვენი განმარტებებისა ბატონმა კაკაბაძემ ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, ცალმხრივად გააუქმა სკოლასა და სპმთპ-ს შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულება, 2023 წლის მაისში. ამ ქმედებით მან 24-ე სკოლის 48 პროფკავშირის წევრ-მასწავლებელს ჩამოართვა კოლექტიური მოლაპარაკების უფლება. გიორგი კაკაბაძემ დაარღვია კანონის მოთხოვნები, გაილაშქრა მთელი რიგი საკანონმდებლო დანაწესის წინააღმდეგ: საქართველოს შრომის კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, 52-ე, 54-ე, 55-ე, 56-ე, 57-ე მუხლებით განსაზღვრულია კოლექტიური ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის საფუძვლები, კოლექტიური შრომითი ურთიერთობის მხარეები და მათი მოლაპარაკებების კეთილსინდისიერად წარმოების ვალდებულებები, დასაქმებულთა გაერთიანების წინასწარი ნებართვის შექმნის და წევრობის უფლება, გაერთიანების საქმიანობაში ჩარევის აკრძალვა და ა.შ. ,,პროფესიული კავშირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი აწესრიგებს კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების და მისი შესრულების კონტროლის უფლებებს.
ყურადსაღებია, საქართველოს ,,სისხლის სამართლის კოდექსის“ 166-ე მუხლი, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მკაცრად დასჯადი ქმედებაა.
სპმთპ-სა და განათლების სამინისტროს შორის, 2017 წლიდან, გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტი ,,დარგობრივი შეთანხმება“, რომელიც 2023 წლის ,,ევროკომისიის ანგარიშში“ აღიარებულია როგორც სოციალური დიალოგის და სოციალური პარტნიორობის დადებითი, დემოკრატიული მოვლენა. ზემოაღნიშნული „დარგობრივი შეთანხმების“ მე-2 თავის (მხარეთა უფლება-მოვალეობანი) 2.4 მუხლის თანახმად, განათლების სამინისტრო იღებს ვალდებულებას, პროფკავშირის საქმიანობაში ჩარევის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და პროფკავშირის საქმიანობისათვის ხელშეშლის ფაქტებზე, იმ ქმედებებზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს, პროფკავშირის მომართვის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ბატონი კაკაბაძის ყველა ქმედება სკოლის პირველადი ორგანიზაციის და მთლიანად სპმთპ-ის მიმართ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს პროფკავშირული ორგანიზაციის დევნის.
რაც შეეხება 24-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებული მასწავლებლის, პროფკავშირის რაიონული ლიდერის თამარ ბარისაშვილის პროფკავშირული ნიშნით დევნას და მასზე განხორციელებულ ზეწოლებს, გაცნობებთ:
1. 2023 წლის 21 თებერვალს, გიორგი კაკაბაძის N1/კ-14 ბრძანებით, თამარ ბარისაშვილს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - „შენიშვნა”, რის მიზეზად კაკაბაძე უთითებდა თამარ ბარისაშვილის მიერ სკოლის საკუთრების უნებართვოდ გამოყენებას, კერძოდ ჯეო-კლასის გახსნას სკოლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის სხდომისთვის, სადაც მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ და მხოლოდ ისევ 24-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებმა. ონ-ლაინ შეხვედრა მიმდინარეობდა არასამუშაო საათებში. შეხვედრის არათუ ინიციატორი არ ყოფილა თამარ ბარისაშვილი, არამედ არც კი დასწრებია მას.
,,პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულია ,,დამსაქმებლის ვალდებულებები პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14, მე-19 მუხლებით დაუშვებელია მასწავლებლის დისციპლინური დევნა სკოლისაგან თავისუფალ დროს და მასწავლებელს უფლება აქვს გამოიყენოს სკოლის რესურსები ინფორმაციის მოძიებისათვის, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად. კანონის მოთხოვნების თანახმად, სკოლას უნდა აღმოეჩინა მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა სკოლის პროფკავშირული ორგანიზაციისათვის. ამის ნაცვლად, ბატონმა კაკაბაძემ დაარღვია კანონის მოთხოვნები და პირველი დისციპლინური სახდელი - „შენიშვნა“ დააკისრა თამარ ბარისაშვილს.
პროფკავშირული ნიშნით დევნა სახეზეა!
2. 2023 წლის 18 ივლისს, გიორგი კაკაბაძის N1/კ-72 ბრძანებით თამარ ბარისაშვილს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „გაფრთხილება“, რომლის მიზეზად იგი უთითებდა სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვებას.
2023 წლის 4 ივლისს, მოსწავლეთა არდადეგების პერიოდში, თამარ ბარისაშვილი 09:00 საათზე გამოცხადდა სკოლაში. მოგვიანებით მოუწია სკოლის დატოვება, რადგან N130-ე საჯარო სკოლაში უნდა მიეღო მონაწილეობა მასწავლებლის შესარჩევი კომისიის მუშაობაში. იგი იმავე დღეს დაბრუნდა სკოლაში და მაინც, გიორგი კაკაბაძემ დააკისრა დისციპლინური სახდელი - „გაფრთხილება“.
პროფკავშირული ნიშნით დევნა სახეზეა!
3. ჩქარობდა გიორგი კაკაბაძე თამარ ბარისაშვილის გათავისუფლებას და 18 ივლისს, ერთდროულად ორი სახდელის დაკისრებაზე გამოსცა ორი ბრძანება, რაც ადასტურებს კაკაბაძის ტენდენციურობას. რიგით მესამე სახდელი -,,საყვედური“ თამარ ბარისაშვილს დაეკისრა გიორგი კაკაბაძის N1/კ-71 ბრძანებით. სახდელის საფუძველი გახდა სკოლის პროფკავშირის ონ-ლაინ კრებაზე თამარ ბარისაშვილის მიერ, თითქოსდა, მისი ერთ-ერთი კოლეგა მასწავლებლის, სკოლის პროფკავშირის ყოფილი თავმჯდომარის შეურაცხყოფას.
ონ-ლაინ კრებაზე თამარ ბარისაშვილმა ეთიკის ნორმების დაცვით უპასუხა პროფკავშირის წევრების შეკითხვებს, რომელიც ეხებოდა სკოლის პროფკავშირის ყოფილი თავმჯდომარის მიერ დაშვებულ შეცდომებს, რითაც 2021 წელს ისარგებლა გიორგი კაკაბაძემ და უკანონოდ გაათავისუფლა 4 მასწავლებელი.
სახდელის დაკისრების ,,გამყარების" მიზნით, ბატონმა კაკაბაძემ დისციპლინური სახდელი - ,,საყვედურის“ შეფარდების საფუძვლად, დამატებით, მიიჩნია პროფკავშირის ონ-ლაინ კრებისთვის სკოლის თიმსის პლატფორმის გამოყენებაც.
სპმთპ-ის იურიდიული სამსახური განგიმარტავთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 167/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია სკოლის მიერ მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც მან სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა.
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჭ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასკოლო დრო არის სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო.
სკოლის პროფკავშირის ონ-ლაინ კრება ინიცირებული იყო არა სკოლის, არამედ მასწავლებლის მიერ, ასევე, ონ-ლაინ კრება არ იყო სასკოლო-სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესი და არ იმართებოდა სასკოლო დროს.
მესამე სახდელითაც სახეზეა პროფკავშირული ნიშნით დევნა და კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც თამარ ბარისაშვილმა სკოლის სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა. სამეურვეო საბჭომ საქმე ხელმეორე განხილვისათვის დაუბრუნა დისციპლინურ კომიტეტს. მიუხედავად ამისა, დისციპლინურ კომიტეტზე ხელმეორედ განხილვამდე, ბატონმა კაკაბაძემ თამარ ბარისაშვილის გათავისუფლების ბრძანებაში საფუძვლად გამოიყენა დისციპლინური სახდელი „საყვედური“.
ბატონმა კაკაბაძემ იცრუა და თამარ ბარისაშვილთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გამოცემულ ბრძანებაში მიუთითა, რომ სამეურვეო საბჭომ ძალაში დატოვა თამარ ბარისაშვილის სახდელი „საყვედური“.
ამ ფაქტს სხვას ვერაფერს დავარქმევთ, თუ არა დირექტორის მხრიდან პროფკავშირის ლიდერის დევნას.
დირექტორის ტენდენციურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს კიდევ ერთი გარემოება, ყველა დისციპლინური წარმოების საფუძველი გახდა ერთი და იგივე პედაგოგის, სკოლის პროფკავშირის ყოფილი თავმჯდომარის საჩივრები.
ვეყრდნობით რა, საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას, ვადასტურებთ, რომ სახეზეა პროფკავშირული ნიშნით დევნა პროფკავშირის წევრი მასწავლებლების და ქალბატონი თამარ ბარისაშვილის, ჩარევა სკოლის პროფკავშირული ორგანიზაციის საქმიანობაში და პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია.
კატეგორიულად არ ვეთანხმებით კაკაბაძის „მოსაზრებას“, რომ მან ბარისაშვილის გათავისუფლებისას იხელმძღვანელა შრომის კოდექსით განსაზღვრული შრომითი დავების ნორმებით.
და, კიდევ ერთის შესახებ, შეგნებულად არ მივდივართ სიღრმეებში, პროფკავშირის წევრი მასწავლებლების დევნის ფაქტების განხილვით. ვფიქრობთ, საკითხის გამწვავება გამოიწვევს დაპირისპირებას სკოლის პედკოლექტივში, რა მიზანსაც ემსახურება კაკაბაძის განცხადებები.
სპმთპ-ს მიზანია, დამთავრდეს ბატონი კაკაბაძის მიერ პედაგოგებს შორის მიზანმიმართულად შექმნილი კონფლიქტი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობაზე და სკოლის იმიჯზე.
განცხადებაში მოყვანილი კანონის მოთხოვნები მცირე ჩამონათვალია ბატონი კაკაბაძის დარღვევებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს ფორმატი არ იძლევა მეტის შესაძლებლობას.
პატივისცემით, გიორგი ქოსაშვილი
სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი