უკანასკნელ პერიოდში, სპმთპ-სა და პირადად ჩემ მიმართ, ახლად შექმნილი ორგანიზაციისგან - ,,საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანება" გაისმის უსაფუძვლო, აღვირახსნილი ცილისწამება. შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია მასწავლებელთა ის ჯგუფი, რომელიც თითქმის 2 წელია ებრძვის პროფკავშირულ მოძრაობას და განსაკუთრებით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს. მათი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე გაუგებარი და ამაზრზენია პროფკავშირის სახელით პედაგოგთა უფლებების დამცველის მანტიის მორგება. ეს მათი უფლებაა, რაც ჩვენი აზრით ძალიან შორს არის ზნეობრივ პრინციპებთან.

ზემოაღნიშნული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ინიციატორი და ხელმძღვანელი პირი არის პედაგოგთა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი გიორგი კაკაბაძე, რომელიც 2023 წლის დეკემბერში გათავისუფლდა თანამდებობიდან, მასწავლებლების პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციისა და სხვა დარღვევების საფუძველზე.

ალბათ გახსოვთ, რომ ბატონ კაკაბაძესა და სპმთპ-ის შორის კონფლიქტი დაიწყო 2 წლის წინ, რისი მიზეზიც გახდა ბატონი კაკაბაძის მხრიდან 4 მასწავლებლის გათავისუფლება. მათ უფლებებს სასამართლოში ვიცავდით ჩვენ. სამივე ინსტანციის სასამართლომ მასწავლებელთა გათავისუფლებები ცნო უკანონოდ. შურისძიების მიზნით გიორგი კაკაბაძემ გაათავისუფლა იმავე სკოლის წარმატებული მასწავლებელი, სპმთპ-ის დიდუბის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი.

დამნაშავე კაკაბაძის ღვარძლიანი განცხადებები სცილდება ეთიკის ყოველგვარ ნორმებს. სხვა უამრავ დეზინფორმაციასთან ერთად, მისი ბრალდებები პროფკავშირისა და პირადად ჩემ მიმართ აბსურდებამდე მივიდა. ასტრონომიული რიცხვების დასახელებით, ,,ყოველთვიურად ჩემი მხრიდან თანხების მითვისებასთან" დაკავშირებით ცილისწამება გაცდა ყოველგვარ საზღვრებს. შურისძიების განცდით შეპყრობილი ბატონი კაკაბაძე წლებშიც აირია: თითქოსდა 2007 წლიდან, ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანებთან ,,დაქალობით“ დაიწყო ყველაფერი, ,,მანანა ღურჭუმალიძის მოპარული ფულები გავაპრავე“, ,,მანანა ღურჭუმალიძე ქვეყნიდან გავაპარე და უცხოეთში ცხოვრებისათვის ხელი შევუწყვე“, მაშინ როდესაც 2007 წელს და 2010 წლის ზაფხულშიც, როდესაც მანანა ღურჭუმალიძემ დატოვა საქართველო, მე ვიყავი რიგითი მასწავლებელი და ჩემი პროფკავშირული საქმიანობა შემოიფარგლებოდა ერთი სკოლის პროფკავშირის თავმჯდომარეობით. შეხებაც არ მქონდა მანანა ღურჭუმალიძესთან და პროფკავშირის შიდა საქმიანობასთან.

ვხელმძღვანელობ რა ჰუმანური პრინციპებით, ვთავაზობ ბატონ კაკაბაძეს ბოდიში მოიხადოს უსაფუძვლო ბრალდებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, 10 სამუშაო დღის განმავლობაში მივმართავ სასამართლოს!

ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან, აბსოლუტურად შეუსაბამოდ, მასწავლებელთა ხელფასების საკითხზე გამოქვეყნებულ სტატიაზე სათაურად გამოყენებულია ბატონი კაკაბაძის ბინძური ბრალდება, რასაც არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე.