ძვირფასო კოლეგებო
ალბათ ადევნებთ თვალს სოციალურ ქსელებში საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებულ მსჯელობას. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ გარემოებაზე. ფაქტიურად, პედაგოგთა მხარდამჭერები და სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები სპმთპ-ს გვადანაშაულებენ განათლების სამინისტროს მხრიდან ახალი სახელფასო პოლიტიკის ასეთი ბრძანების წარმოდგენისთვის და რას არ კადრულობენ?! ზოგიერთები ჩვენს ორგანიზაციას კანტორასაც კი უწოდებენ. ჩვენი ოპონენტების გარკვეული კატეგორია გვსაყვედურობს საჯარო სკოლების მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკის კომისიის წევრობასა და მუშაობასთან დაკავშირებით, გვადანაშაულებენ რატომ მივიღეთ არადემოკრატიულ კომისიაში მონაწილეობა და სხვა.

სამწუხაროდ, პედაგოგთა მცირე ჯგუფებიც ცდილობენ პროფკავშირის ავტორიტეტის შელახვას.

ბუნებრივია კითხვა: „რა მიზანი აქვს სპმთპ-ის წინააღმდეგ მიმართულ ორკესტრირებულ კამპანიას?“ იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები ახლოვდება, ბევრ მათგანს თავისი პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. მთავარ ამოცანად კი მიმაჩნია, განხეთქილების შეტანის მცდელობა ჩვენს წევრებს შორის და მთლიანად პედაგოგთა საზოგადოებაში. ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მკვეთრად დავაფიქსირეთ და დავაყენეთ კონკრეტული წინადადებები განათლების სამინისტროს წინაშე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მიზანს ბრძოლის გარეშე მივაღწევთ. ამისთის აუცილებელია ერთობა და სოლიდარობა ჩვენს რიგებში.

გაუგებარი და მიუღებელია პედაგოგების ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობა ხელფასების ზრდის სხვადასხვა ოდენობებიდან გამომდინარე. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მივესალმებით უფროსი მასწავლებლების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას და მადლობა გადავუხადეთ განათლების სამინისტროს. პროტესტი გვაქვს წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისადმი განხორციელებული მიდგომების მიმართ, მცირეკონტიგენტიანი სკოლების და დაწყებითი საფეხურის ყველა სტატუსის მასწავლებლების გამო და სხვა ნაკლოვანებებზე, რასაც იზიარებს უფროსი მასწავლებლების უმრავლესობა.

თუ ჩვენ ვაკრიტიკებთ ,,საჯარო სკოლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანებას, ეს არ ნიშნავს უფროსი მასწავლებლების სიხარულის არ გაზიარებას.

გაუგებარია რიგი სკოლის დირექტორების განცხადებები/ფბ-პოსტები, რომლებიც იგნორს უკეთებენ წამყვან/მენტორ პედაგოგებს და სრულად იწონებენ ხელფასების მომატების სქემას.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, პედაგოგებში დაპირისპირების შესაქმნელად. პროცესი გართულდება სექტემბერში საათების განაწილების დროსაც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესები ასე არ განვითარდეს. ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი! რაც კარგია მოვიწონოთ და ვიბრძოლოთ არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად!

მჯერა მასწავლებლების გონიერების და იმედი მაქვს, პროვოკაციას არ წამოვეგებით. ფაქტიურად, დღეს ბევრის ინტერესშია პროფკავშირის დასუსტება. ჩვენი ძალა კი, ერთიანობასა და სოლიდარობაშია!

ჩემი თხოვნაა, ობიექტურად შეაფასოთ გამოთქმული ყველა კრიტიკა. ნუ აყვებით ემოციებს! ჩვენი ორგანიზაციის ფინანსური და სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ღიაა, თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მოგვმართეთ და მიიღებთ ამომწურავ პასუხებს.

და კიდევ ერთის შესახებ: მადლობას ვუხდი ყველა მასწავლებელს, ვინც გამოეხმაურა ერთ-ერთ სააგენტოზე როლანდ ხოჯანაშვილის მიმართ გამოთქმულ უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებას. ალბათ ეს პრაქტიკა უნდა გაგრძელდეს!

ძალა ერთობაშია!