მასწავლებლები მოგვმართავენ შეკითხვებით, დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ისეთ სპეციფიურ შემთხვევებზე, როდესაც ანაზღაურებადი დეკრეტული პერიოდი ემთხვევა ზაფხულის ანაზღაურებად შვებულებას.
გთავაზობთ განმარტებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების (შემდეგში დეკრეტული შვებულება) ანაზღაურების შესახებ, კერძოდ გაიცემა თუ არა დეკრეტული შვებულება სრულად პედაგოგებზე, მაშინ როდესაც ემთხვევა კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებას.
ჯერ კიდევ გასულ წელს გვქონდა მოლოდინი, რომ წარმოიქმნებოდა ასეთი ინდივიდუალური შემთხვევები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება დეკრეტული შვებულების ანაზღაურების თაობაზე იძლევა შესაძლებლობას პედაგოგი დაკმაყოფილდეს, ერთდროულად, როგორც კუთვნილი შვებულების თანხით, ისე დეკრეტული შვებულების ანაზღაურებით. იმისათვის, რომ არ შელახულიყო მასწავლებელთა უფლებები ან ჩვენი კონსულტაციით შეცდომაში არ შეგვეყვანა საჯარო სკოლების დირექტორები, 2023 წლის 14 ივლისს, დასაზუსტებლად, მივმართეთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. 2023 წლის 25 ივლისს სააგენტომ წერილობით დაგვიდასტურა, რომ თუ ემთხვევა ერთმანეთს, დეკრეტული შვებულებაც ანაზღაურდება სრულად და კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებაც.
მივმართავთ საჯარო სკოლებს შეასრულონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 01-133/ნ-ის მე-6 მუხლის მეხუთე ნაწილის დანაწესი: „იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგს ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიურ კუთვნილ შვებულების თანხასთან ერთად მიეცემა დახმარება სრული ოდენობით“ და პედაგოგებზე გასცენ როგორც დეკრეტული, ისე კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების თანხები სრულად.