მსოფლიო მასშტაბით, მასწავლებლები და განათლების დარგის ტექნიკური პერსონალი მრავალი გამოწვევის წინაშეა, როგორიცაა გადატვირთული სამუშაო რეჟიმი, არასახარბიელო ანაზღაურება და შრომის დაუფასებლობა. სამუშაო პირობების გაუარესება, დაბალი ანაზღარება, გადატვირთული სამუშაო რეჟიმი და გაზრდილი ბიუროკრატია აიძულებს მასწავლებლებს მიატოვონ მათთვის საყვარელი პროფესია, რაც სრულიად სამყაროსთვის დიდი გამოწვევაა.
მსოფლიოს მასწავლებელთა გზავნილი ხმამაღალი და მკაფიოა!
2024 წლის 29 ივლისიდან 3 აგვისტომდე, ქ. ბუენოს აირესში, ,,განათლების ინტერნაციონალის“ მე-10 მსოფლიო ყრილობაზე 150 ქვეყნის განათლების პროფკავშირების 1200 წარმომადგენელი შეიკრიბა. ისინი 32 მილიონი მასწავლებლის ერთიან ხმას წარმოადგენენ. განათლების პროფკავშირებმა მსოფლიო ყრილობაზე განიხილეს მსოფლიოს განათლების სისტემის და მასწავლებელთა ყველა პრობლემა. მათ ყრილობის მაღალი ტრიბუნიდან გააკეთეს ერთიანი გზავნილები, მოითხოვეს თანმიმდევრული ქმედებები მასწავლებელთა დეფიციტით გამოწვეული კრიზისის აღმოსაფხვრელად.
EI-ის გენერალური მდივანი დევიდ ედვარდსი: ,,მასწავლებელთა დეფიციტი ყველაზე კრიტიკული თემაა. არასაკმარისი კვალიფიციური მასწავლებლების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ხარისხიანი განათლების მიწოდებას ჩვენი მოსწავლეებისთვის. მომავალი თაობა ამას უპირობოდ იმსახურებს და საზოგადოების გაძლიერებისათვის აუცილებელი პირობაა. მასწავლებელთა დეფიციტის ტენდენციის შესაჩერებლად საჭიროა ეფექტური პოლიტიკური ქმედებები, მეტი დაფინანსება საჯარო განათლების და მეტი ინვესტირება მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობებისთვის. გვჭირდება მასწავლებელთათვის ხარისხიანი სამუშაო პირობების შეთავაზება, მასწავლებელთა პროფესიის დაფასება, პედაგოგიური ღირებულებების დაცვა და მასწავლებელთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.“
მასწავლებელთა რაოდენობის შემცირება გამოწვეულია დაბალი ანაზღაურებით, სამუშაო დატვირთვის ზრდით, არაშესაბამისი სამუშაო პირობებით. მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტია, სადაც მასწავლებლებს უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე იგივე კვალიფიკაციის სხვა პროფესიის დასაქმებულებს. უფრო მეტიც, მასწავლებლების 60 % აღნიშნავს, რომ გადიან დიდ სტრესს, რაც მათ უბიძგებს დატოვონ პროფესია. ნაკლები ახალგაზრდა ინტერესდება მასწავლებლის პროფესიით. 2030 წლისთვის სამყაროს 44 მილიონი მასწავლებელი სჭირდება. კრიზისი სახეზეა!
გლობალურ დონეზე, მასწავლებლის დეფიციტით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, მნიშვნელოვანი ღონისძიებებია საჭირო.
,,განათლების ინტერნაციონალის“ მოთხოვნის საფუძველზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიარესმა შექმნა მასწავლებლის პროფესიის მხარდასაჭერი ,,მაღალი დონის პანელი“, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და UNESCO-ს მხარდაჭერით. ზემოაღნიშნულ პანელზე მომზადდა რეკომენდაციები, სადაც ხაზგასმულად არის აღნიშნული მასწავლებელთა გადაწვეტილების მიღების პროცესებში ჩართვის გზები, პროფკავშირთან სოციალური დიალოგის გაძლიერება მასწავლებელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის, შრომის ანაზღაურების ზრდისა და პროფესიული განვითარებისათვის ინვესტირებაზე მსჯელობის მიზნით და სხვა.
EI-ის პრეზიდენტი სუზან ჰოფგუთი: ,,მასწავლებლები მთელი მსოფლიოდან განგაშის ზარს სცემენ, მასწავლებელთა დეფიციტი სახეზეა! საჭიროა გარდაუვალი გადაწყვეტილებების მიღება. უმაღლესი პანელის რეკომენდაციებში აისახა ჩვენი, პროფკავშირების მოთხოვნები, რაც გვიჩვენებს სწორ გზას. ჩვენ სრულად ღია ვართ გავაგრძელოთ ბრძოლა, რათა ყველა ბავშვს ჰქონდეს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება. მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ საჯარო განათლების სისტემის სრულყოფილი დაფინანსება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებაში ინვესტიციები“.
EI-ის მე-10 მსოფლიო ყრილობამ ერთხმად მიიღო შესაბამისი რეზოლუცია - ,,მასწავლებლის დეფიციტის აღმოფხვრის გზების ძიებისთვის“ და აგრძელებს კამპანიას ,,მეტი დაფინანსება საჯარო განათლებას“, მასწავლებელთა შრომითი პირობების და ანაზღაურების გაუმჯობესებისათვის, კონკურენტუნარიანი გარემოს, მასწავლებელთა დაფასების და აღიარების მოთხოვნით.
EI-ის წევრი ორგანიზაციები განაგრძობენ განათლების სისტემაში დასაქმებულთა მეტ მობილიზებასა და ორგანიზებას, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელთა მოზიდვის ღონისძიებებს, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელთა პროფესიაში დამაგრებას და ზრუნვას მათი კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
