ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა თამარ ცანავამ საჯარო სკოლებს გაუგზავნა წერილები სპმთპ-ის ეგრეთ წოდებულ ,,უკანონო” ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. მისი წერილი შემოიფარგლება იმდენად არაკვალიფიციური და აბსურდული ე. წ. იურიდიული განმარტებებით, რომ მიზანშეწონილად არ ვთვლიდით განმარტებების გაკეთებას. სამწუხაროდ, არის ერთეული სკოლები, რომელთაც დაიწყეს ამ მიმართვების განხილვა პედაგოგებთან. იძულებული გავხდით, გავაკეთოთ მოკლე განმარტება:

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) ფუქციონირებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების: ,,შრომის კოდექსის”, ,,სამოქალაქო კოდექსის”, ,,პროფესიული კავშირების შესახებ” და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) კონვენციების მოთხოვნების შესაბამისად. ❗️
სპმთპ-ის წესდება დარეგისტრირებულია იურიდიული ექსპერტიზის გავლის შემდეგ, მოქმედი კანონდებლობის მკაცრი დაცვით საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

სპმთპ არის მსოფლიოს განათლების პროფკავშირების გაერთიანების -საერთაშორისო ორგანიზაციის ,,განათლების ინტერნაციონალის”(EI) და ევროპის განათლების პროფკავშირების - განათლების კომიტეტის (ETUCE) წევრი.❗️
სპმთპ აქტიურ მონაწილობას იღებს მსოფლიო პროფკავშირული მოძრაობის მუშაობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
სპმთპ პარტნიორია და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის და აშშ-ის პედაგოგთა პროფკავშირებთან. ამის ნათელი დადასტურებაა, თუნდაც ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში მონაწილეობა მივიღეთ მსოფლიოს მასწავლებელთა პროფკავშირის ყრილობის მუშაობაში სამმა დელეგატმა და სამმა დამკვირებელმა, ხოლო აშშ-ის მასწავლებელთა პროფკავშირის ყრილობას დავესწარით საერთაშორისო დელეგაციის წევრის სტატუსით. ❗️

დღემდე, არც ჩვენს სახელმწიფოს და არც საერთაშორისო უმაღლეს პროფკავშირულ ორგანოებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ სპმთპ-ის ფუნქციონირების შეუსაბამობა მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებთან. რაც შეეხება სპმთპ-ის წესდებას, როგორც უკვე აღვნიშნე, იგი სრულ თანხვედრაშია მოქმედ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან.

დაინტერესებულ სკოლებს ვურჩევთ შეადარონ ჩვენი წესდება, ახლად დაარსებული ორგანიზაციის - „საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების“ წესდებას და ნათლად დაინახავენ, რომ მათი წესდება გადმოკოპირებულია ჩვენი წესდებიდან. ბუნებრივია კითხვა: თუ ჩვენი წესდება ასეთი ხარვეზიანია, მაშინ რატომ გადაიტანეს თავიანთ წესდებაში?

რაც შეეხება ახლადშექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან იურიდიული ტერმინის ,,გარიგება” განხილვას და მის მიხედვით კრიტიკას, იმ იურიდიული შეთანხმებების, რაც გაფორმებულია სპმთპ-სა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის, სპმთპ-სა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის, რბილად რომ ვთქვათ, ასეთი მიდგომა ნონსენია. სპმთპ-ს სკოლებთან გაფორმებული გვაქვს კოლექტიური ხელშეკრულებები და განათლების სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ დარგობრივი შეთანხმების საფუძველზე, რაც კანონიერი ფორმაა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა უფლებების დამცველ პროფკავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის.

ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის წერილებში აღნიშნული ,,განმარტებები“ შეურაცხმყოფელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ განათლების სამინისტროსა და იმ დაწესებულებების მიმართ, რომელთანაც ხელშეკრულებებითა და წერილობითი შეთანხმებებით ვურთიერთობთ.

მოკლებულია ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს, აბსურდული და მიკერძოებულია ბრალდება, რომ სკოლებთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებების მიხედვით ჩვენ ვიცავთ მხოლოდ და მხოლოდ წევრების უფლებებს და დისკრიმინაციულ პირობებში არიან არაწევრი მასწავლებლები. ცნობისათვის, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ინიციატივებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ვრცელდება ყველა მოქმედ პედაგოგზე.

და, კიდევ ერთის შესახებ: გვაინტერესებს რისთვის შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანება“?! სახელწოდებიდან გამომდინარე, მათ უნდა დაიცვან პედაგოგთა უფლებები, რეალურად კი ისინი იბრძვიან მხოლოდ და მხოლოდ პროფკავშირის, როგორც ინსტიტუციის და კერძოდ, სპმთპ-ის წინააღმდეგ?!

სხვა განმარტება რომ აღარ გავაკეთოთ, ახლად დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან 40-ათასწევრიან პროფკავშირთან ასეთი დამოკიდებულება მორალისგან დაცლილია! უსაფუძვლო, შეურაცხმყოფელი კრიტიკა უზნეობა და არაეთიკურია! ასე აპირებენ პედაგოგთა უფლებების დაცვას? სხვა შეფასებებისგან თავს ვიკავებთ.