2024წლის, 30 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე, ჩვენს ორგანიზაციაში ვიზიტით იმყოფებოდა მარტინ რომერი.
ბატონი მარტინი არის მსოფლიოს მასწავლებელთა საერთაშორისო გაერთიანების ,,განათლების ინტერნაციონალის“ (EI) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ევროპული დირექტორი 2017 წლამდე.
ბატონ რომერს დიდი წვლილი და დამსახურება მიუძღვის სპმთპ-ის დამოუკიდებლობისა და თვითყოფადობის შენარჩუნების, აღდგენისა და განვითარების საქმეში, რაც ცნობილია ჩვენი წევრებისათვის!
მარტინ რომერის ვიზიტის დროს შედგა დისკუსიები და აქტუალური საკითხების განხილვა, სპმთპ-ის საქმიანობის სრულყოფისათვის, მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებისათვის. განვიხილეთ ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დეცენტრალიზაციის და ამ პროცესში პროფკავშირის, როგორც მთავარი აქტორის მნიშვნელობის, სტრუქტურის და დაფინანსების სპეციფიკის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ბატონი მარტინი, საქართველოში 3-ჯერ ჩამობრძანდა საგანგებო ვიზიტით, 2010-2012 წლებში - სპმთპ-ზე განხორციელებული რეპრესიების გამო და 2013 წელს-იმ პერიოდში ახლადშექმნილი ყვითელი პროფკავშირის წინააღმდეგ.
2017 წლის 16 მარტს, ,,განათლების ინტერნაციონალის” გენერალური მდივნის მრჩევლის სტატუსით, მან მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპმთპ-ის შორის ,,დარგობრივი შეთანხმების“ გაფორმების პროცესში. სპმთპ 2006 წლიდან ითხოვდა ,,დარგობრივი შეთანხმების“ გაფორმებას. განათლების სამინისტრომ სოციალური პარტნიორობის სრულყოფის ნაცვლად, 2010-2012 წლებში, მასწავლებლებს ჩამოართვა გაერთიანების და გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლება. 2013 წლიდან დავიწყეთ ორგანიზაციის აღდგენითი სამუშაოები. ათასობით მასწავლებელმა გამოგვიცხადა ნდობა. პარალელურად ამისა, აღვადგინეთ ურთიერთთანამშრომლობა განათლების სამინისტროსთან და ჩვენი ინციატივებით ცვლილებები განხორციელდა კანონმდებლობაში, მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით. მიუხედავად ამ გარემოებებისა, მასწავლებელთა 50%-ზე მეტის გაწევრიანებამდე არ მოგვითხოვია ,,დარგობრივი შეთანხმების“ გაფორმება. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ,,დარგობრივი შეთანხმების" გაფორმება ფართოდ გააშუქეს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, გზავნილით ,,საქართველოს მასწავლებლებმა განათლების სამინისტროსთან ისტორიული შეთანხმება გააფორმეს“.
სპმთპ-ის წევრების სახელით, გვსურს, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ მარტინ რომერს უპრეცედენტო მხარდაჭერისა და დახმარებისათვის!
