როგორც თქვენთვის ცნობილია, 2022 წლის 26 სექტემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლდა 36 აღმზრდელის თანაშემწე. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, მოამზადა სარჩელი და მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დასაქმებულთა სამსახურში აღდგენის მოთხოვნით.
პირველი სასამართლო პროცესი ჩანიშნული იყო მიმდინარე წლის 4 აპრილს, რომელიც პროცესის დასაწყისშივე, მოპასუხე მხარის-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის აბსურდული მოთხოვნით გადაიდო, რადგან თითქოსდა სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე შეიტყო, რომ ააიპ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ლანა შენგელია შეიცვალა სხვა დირექტორით.
მორიგი მოსამზადებელი სხდომა ქ. ზუგდიდში გაიმართა მიმდინარე წლის 8 მაისს. მოპასუხე მხარის-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტმა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული შუამდგომლობა დააყენა სასამართლო პროცესზე, რაც ითვალისწინებდა საქმის განუხილველად დატოვებას სარჩელის ხანდაზმულობის გამო. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსარჩელეთა წარმომადგენლის-პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის იურისტის გიორგი ქოსაშვილის ყველა შუამდგომლობა დაკმაყოფილებული იქნა მოსამართლოს მიერ.
სპმთპ-ის იურისტის ერთ-ერთი შუამდგომლობა იყო ააიპ - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის შეფასებების გამოთხოვა, ვინაიდან ზემოაღნიშნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა აღმზრდელთა თანაშემწეებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა. აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მერიის იურისტის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს შექმნილი კომისია და მისი გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც მოხდა 36 აღმზრდელის თანაშემწის გათავისუფლება. მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განცხადებით ხსენებული შეფასებები შეიძლება უკვე განადგურებულიც კი არის, რაც რბილად რომ ვთქვათ სიყალბეა და მრავალი ეჭვის გაჩენის საფუძველს იძლევა. წარმოუდგენელია ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის, მტკიცებულებად დასახელებული დოკუმენტი, თუ საერთოდ არსებობდა ის, სასამართლო პროცესების მოლოდინში განადგურებული იყოს.
საგანგაშოა მოპასუხე მხარის ქმედებები სასამართლო პროცესებს მიღმა. კერძოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების მხრიდან მიმდინარეობს გათავისუფლებულებზე ზეწოლები და ცრუდაპირებები, მათი შეცდომაში შეყვანისათვის. ინტენსიურად სთხოვენ მომჩივან აღმზრდელთა თანაშემწეებს, სასამართლო დავის შეწყვეტას და სარჩელის უკან გამოტანას, რომლის სანაცვლადოთ თანაშემწეთა ნაწილი აიყვანეს, დროებითი, 3-თვიანი ხელშეკრულებით. ამ თხოვნებს აქვთ როგორც შანტაჟის ხასიათი, ისე „დანამუსების“, თითქოსდა თუ უკან არ გაიხმობენ სარჩელს, ამით სხვა თანამშრომლებს დააზარალებენ და შეიძლება მათ გამო სამსახურიდანაც კი გაუშვან. რაც ბუნებრივია სიცრუეა და ემსახურება ერთადერთ მიზანს, შეწყდეს სასამართლო დავა უკანონო გათავისუფლების შესახებ. სახეზეა სიცრუის კასკადი, რომ თითქოსდა, დროებითი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში სასამართლო აზრს კარგავს, რადგან მაინც განუხილველად დატოვებს საკითხს და უმჯობესია გამოიხმონ სარჩელი სასამართლოდან. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების მხრიდან საუბარიც კი არ არის, სექტემბრიდან დღემდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და უვადო ხელშეკრულების გაფორმებაზე.
შემდეგი პროცესი ჩანიშნულია 22 მაისს. იმედი გვაქვს, გათავისუფლებული თანაშემწეები არ აღმოჩნდებიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაგებულ მახეში და სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.
