პედაგოგთა გარკვეულმა ჯგუფმა დაიწყო მორიგი პიარ-კამპანია სტატუსების ამაღლებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადა განსაზღვრული იყო 1 მაისამდე. ჩვენ მივმართეთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ვადის გაგრძელების თაობაზე. მინისტრმა დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა და მისი გადაწყვეტილებით ვადა გაგრძელდა 1 თვით - 1 ივნისამდე, რასაც მოჰყვა შეურაცხმყოფელი, ბინძური კამპანია პროპაგანდისტული ლოზუნგებით: ,,გაშიშვლდა პროფკავშირი“, ,,არა პროფკავშირს“, ,,პროფკავშირი არ იცავს მასწავლებლებს“ და ა. შ.
ფაქტი ისაა, რომ ვადის გახანგრძლივებით ისარგებლა 100-ეულობით მასწავლებელმა. ჩვენი მოთხოვნა იყო ობიექტური და რაციონალური, რამაც მასწავლებლებს მისცა შესაძლებლობა აემაღლებინათ სტატუსი.
გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ პედაგოგთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, ვადის გახანგრძლივებას და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებდნენ ჩვენი ორგანიზაციისადმი, დღეს, მადლობას უხდიან ერთმანეთს. გვაინტერესებს, სად არის მათი დადებითი როლი მთელ ამ პროცესში? რატომ არ გრძნობენ პასუხისმგებლობას იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს და აჰყვნენ მათ პოპულისტურ მოთხოვნებს, იმ იმედით, რომ გაუქმდებოდა მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება. შედეგად, მასწავლებელთა ნაწილმა ვეღარ შეძლო პორტფოლიოს ორგანიზება და წარდგენა.
მასწავლებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნაყოფიერად გამოიყენა გახანგრძლივებისთვის გამოყოფილი ერთთვიანი ვადა: დახვეწა, შეავსო და წარადგინა აკადემიურად სრულყოფილი პორტფოლიო. დიახ, პორტფოლიოს ატვირთვისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, სპმთპ-მა შეძლო დახმარება აღმოეჩინა ასეულობით მასწავლებლისათვის. კერძოდ, სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს" თავმჯდომარის როლანდ ხოჯანაშვილი -ს ინიციატივით და ორგანიზებით, ჩატარდა ეროვნული კონფერენცია, რომლის ფარგლებში გამოცდილების გაზიარება მოხერხდა ჩვენი წევრებისა და არაწევრების მიერ (რაც აუცილებელი იყო მენტორის სტატუსის მისაღებად). ასევე, უამრავმა პედაგოგმა მიიღო ჩვენი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული მაღალკვალიფიციური კონსულტაცია წამყვანისა და მენტორის სტატუსისთვის საჭირო სამივე მიმართულებით. კონსულტაციები გაიცა ინტერნეტ-პლატფორმებითა და სპმთპ-ის სოფელ საწირეში მდებარე პროფესიული განვითარების ბაზაზე მოწყობილი შეხვედრებით (ტრენერი, კონსულტანტი და ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი).
პიარ-კამპანიის ავტორები ფიქრობენ, რომ ყველა მასწავლებელს მეხსიერების ვიწრო დიაპაზონი აქვს. მასწავლებლებს ახსოვთ რას ამბობდით 2-3 თვის წინ და რას ამბობთ დღეს!
პატივისცემით, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე