სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ და პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლების ადმინისტრაციის წარმოდგენლებთან 2-დღიანი შეხვედრა გამართეს. სპმთპ-ის საწირის ტრენინგ-ცენტრში გამართულ დისკუსიაზე პროფკავშირის წარმომადგენლებმა განიხილეს პროფკავშირის საქმიანობის შედეგები და პრიორიტეტები, პორტფოლიოს წარმოება, კურიკულუმი და ავტორიზაციის პრინციპები, სკოლებში ფინანსური საქმისწარმოების სამართლებრივი საფუძვლები.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ ისაუბრა საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უფლებების, კანონქვემდებარე აქტებით დარეგულირებული ფინანსური საქმიანობის მართებულ განხორციელებაზე, კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების, საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტენი), დეკრეტული შვებულებისა და კუთვნილი ანაზრაურებადი/ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოანგარიშების წესის თაობაზე.
შეხვედრას დაესწრო თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე, კერძო სკოლა ,,მზეკაბანის“ დირექტორი და საჯარო სკოლების დირექტორები/ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეთა მოთხოვნით, სექტემბრის თვეში დაგეგმილია ტრენინგი სკოლების ავტორიზაციის თემაზე, რომელსაც წარუძღვება ესგ-ის ექსპერტი, ავტორიზაციის ექსპერტი, სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილი.
