სპმთპ-ის დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მაია მურჯიკნელის ორგანიზებით, 2023 წლის 22 დეკემბერს, შეხვედრა შედგა დმანისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებთან, რომელიც წარმართეს სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფინანსო დარგში ნათია კორძაძემ და სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა.
ნათია კორძაძემ ისაუბრა სპმთპ-ის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე. მან დეტალური განმარტებები გააკეთა პედაგოგთა სოციალურ-კონომიკურ საკითხებზე, კერძოდ, ხელფასების გამოანგარიშების, კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების, სავადმყოფო ფურცლისა (ბიულეტენის) და დეკრეტული შვებულების ანაზღაურების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევის სამართლებრივ ასპექტებზე. ასევე, დეტალურად განიხილა სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში სპმთპ-ის პოზიციები და ჩართულობა, სპმთპ-ის აქტივობები 2014 წლიდან საბაზო ხელფასის ზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
როლანდ ხოჯანაშვილმა ისაუბრა ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებზე, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის და პროფესიული სტანდარტის, კონსტრუქტივიზმის, სამოქმედო კვლევისა და მისი სახეების, მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირებისა და ცნებათა პედაგოგიკის საკითხებზე.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში. მასწავლებელმა დიდი ინტერესი და მადლიერება გამოხატეს განხილული საკითხების მიმართ, განსაკუთრებით იმ ასპექტში, რომ მათ მიიღეს მართებული პასუხები, მათთვის საინტერესო საკითხებზე. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ხშირად ვერ იღებენ სწორ ინფორმაციას და ხდებიან დეზინფორმაციის მსხვერპლი. მასწავლებლებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის მიმართ, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და შეტანილი წვლილისათვის.