ძვირფასო კოლეგებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების განვითარების სრულყოფილი გეგმა. რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლება, ახალი სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი კონცეფციის მიღება, სკოლების ინსტიტუციური გაძლიერება, სახელმძღვანელოებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გაუმჯობესება და ა.შ. თეზისების დონეზე წარმოდგენილი რეფორმის პრიორიტეტები მისაღები და მისასალმებელია! ახლა უმთავრესია, გავაძლიეროთ ჩვენი ჩართულობა! რეფორმის მარეგულირებელი პროექტების გამოქვეყნების პროცესში, პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, თითოეული თქვენგანის აზრი მნიშვნელოვანი და უმთავრესია!
მიზნაშეწონილად მიმაჩნია, ყველა სიახლე განიხილებოდეს პედაგოგთა კოლექტივებში და გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები მოგვაწოდოთ რეაგირებისათვის!
სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო“ და ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ აქტიურად იმუშავებს.
მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანია თითეული თქვენგანის აქტიური ჩართულობა და მოსაზრებები, დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო ცვლილებების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ძალაში შესვლის შემდეგ პრეტენზიების გამოთქმას სჯობს, აქტიურად ჩავერთოთ განხილვების პროცესში, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს განათლების სამინისტროს მზადყოფნა თანამშრომლობისათვის.
ჩვენი მიმართვა ვრცელდება სპმთპ-ის წევრ და არაწევრ პედაგოგებზე!
ცნობისათვის, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობა მიმდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) 87-ე და 98-ე კონვენციების მოთხოვნების შესაბამისად. კონსტრუქციული სოციალური დიალოგი და კოლექტიური მოლაპარაკებები დარეგულირებულია ,,დარგობრივი შეთანხმებით“, რაც ეფუძნება დასავლურ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და პრინციპებს.
პატივისცემით, მაია კობახიძე
სპმთპ-ის პრეზიდენტი