წლის 21 ნოემბერს, ქ. გორში, სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის მორიგი შეხვედრა შედგა შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პროფწევრებთან.
სპმთპ-ის გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის რაიონული ორგანიზაციების პროფკავშირის აქტივმა მაია კობახიძისგან მიიღო ინფორმაცია საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა წინაშე არსებულ პრობლემებზე, სპმთპ-ის ინიციატივებით მიღებული გადაწყვეტილებებით მასწავლებელთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და რეფორმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის მომსახურეობის თაობაზე.

აუდიტორიასთან დიალოგის ფორმატში, მაია კობახიძემ დეტალური განმარტებები გააკეთა ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც სკოლისა და სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულებმა დააყენეს.
პროფკავშირის წევრებმა სხვადასხვა აქტიალურ თემებზე იმსჯელეს და დასვეს შემდეგი საკითხები: კლასის დამრიგებლობის დანამატის გაზრდა; მცირეკონტიგენტიანი და საზღვრისპირა სოფლების სკოლების პედაგოგთა დანამატების ზრდა და დამატებითი შეღავათების დაწესება, სკოლების ადმინისტრაციისა და ტექპერსონალის ანაზღაურების გაზრდა. იმსჯელეს სკოლებში უკეთესი სამუშაო პირობების შექმნაზე, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისთვის, მათ შორის ინფრასტრუქტურული და მატერიალური რესურსების გამოწვევებზე, აგრეთვე მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებაზე და სხვა.
შეხედრაზე, საბავშვო ბაგა-ბაღების წარმომადგენლებმა განაკვეთის და ცვლიანობის პრობლემებზე ისაუბრეს - ერთცვლაში მომუშავე ბაღებში კადრების ნაკლებობით გამოწვეული სირთულეები განმარტეს, შესაბამისად, შტატების დამატების საჭიროება დაასაბუთეს და გულისტკივილით აღნიშნეს დაბალი ანაზღაურება.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა დეტალური განმარტებები გააკეთა, სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგების სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო ღონისძიებების თაობაზე და ერთიანი სახელფასო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე. მან ისაუბრა ბაღების დასაქმებულებისთვის სპმთპ-ის მიერ განხორციელებულ პროფესიული განვითარების ხელშემწყობ პროგრამებზე.
ახალი სასწავლო წლის დასაწყისიდან სპმთპ-ის პრეზიდენტი ქვეყნის მასშტაბით მართავს რეგიონალურ საინფორმაციო შეხვედრებს. ,,ჩვენ ვუსმენთ წევრებს“ ფორმატში, შიდა ქართლის რეგიონალურ შეხვედრას დაესწრო სპმთპ-ის 180-ზე მეტი პროფწევრი.
მაია კობახიძე: ,,ინიციატივები უნდა მოდიოდეს წევრებისგან! პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საერთო პრობლემებზე მუშაობს, ჩართულია საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილებების პროექტების განხილვის და შემუშავების პროცესში. სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე წარვადგენთ წინადადებებს, რომლის შედეგები გაგაცანით. ახლა მთავარია, ინდივიდუალურ შრომითი უფლებების შელახვის საკითხებზე იაქტიურონ სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების პრიველადი ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა. ყველა დონეზე ჩართულობა არის პროფკავშირის არსი, რაც მოწესრიგებულია სპმთპ-ის წესდებით და ამით განსხვავდება პროფკავშირი სხვა ორგანიზაციებისაგან!” - დაასრულა შეხვედრა მაია კობახიძემ.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და სპმთპ-ის რაიონულ წარმომადგენლებს: სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ინეზა ელისაშვილს, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ნათია გაბროშვილს, სპმთპ-ის ქარელი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, თამილა ხაჭაპურიძეს და სპმთპ-ის კასპის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორს, ელგუჯა ვალიშვილს.