2023 წლის 24 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სკოლებისა და საბავშვო ბაღების სპმთპ-ის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრა გაიმართა.


სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ რეგიონალური შეხვედრა გამართა, თემაზე - ,,ახალი სასწავლო წელი და პროფკავშირის ამოცანები”. სამცხე-ჯავახეთის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან რეგიონალური შეხვედრის მიზანი იყო სპმთპ-ის წევრთა ინფორმირება, სპმთპ-ის საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობა, წევრთა მოთხოვნებისა და წინადადებების მოსმენა/გაზიარება.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ შეხვედრას ქ. ახალციხის N3 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ბორჯომისა და ადიგენის სპმთპ-ის წევრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების და სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლები.
მაია კობახიძემ ისაუბრა, ახალი აკადემიური წლის გამოწვევებთან დაკავშირებით, სპმთპ-ის სამომავლო ხედვებსა და ინიციატივებზე, მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით სპმთპ-ის საქმიანობის შედეგებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სკოლებისა და ბაგა-ბაღების წარმომადგენლებმა სხვადასვა პრობლემებზე ისაუბრეს.
არაქართულენოვანი სექტორის პედაგოგებმა მოითხოვეს დაწყებითი კლასების I-IV კომბინირებული სწავლების გამოცდების ჩატარება, რადგან სხვა შემთხვევაში მათ უწევთ დაწყებითი საფეხურის რამდენიმე საგნის კომპეტენციის დადასტურება. საბავშვო ბაგა-ბაღების წარმომადგენლებმა დააყენეს შემდეგი საკიტხები: პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით სარგებლობა, შრომის ანაზღაურების ზრდა და არაქართულენოვანი აღმზრდელებისათვის სკოლამდელი მზაობის ტრენინგებით უზრუნველყოფა.
წამოჭრილ საკითხებთან მიმართებაში, სპმთპ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მოთხოვნები სამართლიანია და ამ მიმართულებებით მუშაობა გაგრძელდება შესაბამის სახელისუფლებო უწყებებთან.
დამსწრე საზოგადოება მიესალმა სპმთპ-ის კონკრეტულ ინიციატივებს, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის. სპმთპ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უფლებების დაცვის პარალელურად გაგრძელდება მუშაობა წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
2023-2024 აკადემიურ წელს დაგეგმილია:
- სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” კოორდინაციით რეგიონალური და ეროვნული კონფერენციები.
- სკოლების სამეურვეო საბჭოებისა და დისციპლინური კომიტეტების წევრებისათვის მათი ფუნქცია-მოვალეობების სწავლების მიზნით, სპეციალური ტრენინგების ორგანიზება.
შეხვედრის ბოლოს სპმთპ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის და ერთად დაგეგმეს შემდგომი ნაბიჯები, სკოლებსა და ბაღებში პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების გასაძლიერებლად.