ძვირფასო კოლეგებო,
მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში ,,საქართველო 2023“, სადაც დიდი ყურადღებაა გამახვილებული სოციალურ დიალოგსა და სოციალურ პარტნიორობაზე, კერძოდ, ,,სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების“ მე-19 თავში აღნიშნულია ,,… რაც შეეხება სოციალურ დიალოგს ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ერთი დარგობრივი შეთანხმებაა გაფორმებული...“. სასიხარულოა, რომ ამ ერთადერთ დარგს წარმოადგენს განათლება და ერთადერთი ორგანიზაცია არის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, რომელმაც ურთიერთანამშრომლობის დამარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტი გააფორმა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული დარგობრივი შეთანხმება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს შორის, გაფორმებულია 2017 წლის 16 მარტს, რომელსაც საერთაშორისო წარმომადგენლებმა უწოდეს ,,ისტორიული შეთანხმება“.
ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ,,ქვეყნის მასშტაბით, კოლექტიური ხელშეკრულებების მხრივ დაფარვა მცირეა, უმეტესად კომპანიის ან საწარმოს დონეზე....სოციალურ პარტნიორებს სჭირდებათ შესაძლებლობების გაძლიერება ეფექტური სოციალური დიალოგის წარმოებისთვის.“ დამსაქმებლებსა და პროფკავშირს შორის კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმების მიმართულებითაც გვაქვს ჩატარებული გარკვეული მუშაობა, რომლის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, 2144 დაწესებულებასთან გვაქვს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულება, აქედან, 1260-საჯარო სკოლასთან, 884 - სკოლამდელ დაწესებულებებთან საქართველოს 48 მუნიციპალიტეტში და ორი - სახელმწიფო უნივერსიტეტებთან. ეს მარტივი პროცესი არ არის!
სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ ერთი ფაქტიც, ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ცალმხრივად შეწყვიტა კოლექტიური ხელშეკრულება პროფკავშირთან და უკანონოდ გაათავისუფლა ამავე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
გაუგებარია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიცია, ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის დარღვევებისა და უკანონო ქმედებების მიმართ. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენიათ, მაშინ როდესაც ევროკომისია მოუწოდებს ჩვენს ქვეყანას გამოასწოროს არსებული ნაკლოვანებები სოციალური პარტნიორობისა და კოლექტიური მოლაპარაკებების მიმართულებით.
პატივისცემით, მაია კობახიძე
