მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში სექტემბრიდან საჯარო სკოლის ყველა პედაგოგი ჩაერთო. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პროცესს თვალს ადევნებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია კობახიძე ამბობს, პედაგოგთა დიდი ნაწილისთვის სქემით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპული საკითხები მისაღებია.

ისეთები, როგორიცაა მასწავლებლის შეფასების კომპლექსური სისტემა, სავალდებულო აქტივობები, რომელიც პედაგოგთა და სკოლის შესაძლებლობებს ითვალისწინებს; კრედიტ ქულების ბევრად უფრო რეალისტური მიდგომა; ასევე, პედაგოგთა კატეგორიებად დაყოფა; შიდა სასკოლო შეფასება და ვაკანსიის შემთხვევაში პედაგოგთა შესარჩევი კონკურსის წესი. მაია კობახიძის შეფასებით, ამ შემთხვევაში სურათი ოპტიმისტურია და კიდევ უფრო უკეთესი შედეგი გვექნება საპილოტე წლის განმავლობაში.

ამასთან ერთად პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე იმ შენიშვნებს და მოსაზრებებს გვიზიარებს, რომლებიც პედაგოგებს სქემის მიმართ გააჩნიათ.

„შეინიშნება პედაგოგთა კრიტიკა სხვადასხვა მიმართულებით. სქემა ითვალისწინებს იმ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომლებიც არსებობს განათლების მოქმედ სისტემაში, მაგრამ სქემა არ ითვალისწინებს პედაგოგთა გადამზადების სრულყოფილ მექანიზმებს. ახლაგაზრდა კადრების მომზადება გათვალისწინებულია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო. თუმცა ეს ერთგვარ დისკრიმინაციაში ამყოფებს მოქმედ მასწავლებლებს.

რატომ არ ვეხმარებით იმ პედაგოგებს, რომლებსაც აქვთ სკოლაში მოღვაწეობის 5- წლამდე სტაჟი? მათი დანაშაული არ არის, როცა ისინი პროფესიაში შემოვიდნენ და სახელმწიფოს მათთვის არ ჰქონდა პროფესიის ხელშეწყობის არანაირი პროგრამა. ასევე, არ უნდა დავტოვოთ სქემით გათვალისწინებულ სიახლეებთან საშუალო თაობის პედაგოგები, რომლეთაც აქვთ 5-დან 20-წლამდე მუშაობის გამოცდილება. საშუალო ასაკზე ზემოთ პედაგოგებმა განათლება მიიღეს საბჭოთა კავშირის დროს. მოგეხსენებათ, მაშინ სულ სხვა მოთხოვნები იყო მასწავლებლის პროფესიის მიმართ და მათ განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებათ. ამ კითხვებზე ჩვენ ამ ეტაპზე პასუხები არ გვაქვს“, – აღნიშნავს კობახიძე.

მაია კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური მოთხოვნა აქვს, მასწავლებელს დაუწესოს მაღლი სტანდარტები და მოთხოვნები, მაგრამ ამავე დროს სახელმწიფოსაც აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს პედაგოგებს. რომელთა უმრავლესობასაც ბოლო 25 წლის განმავლობაში არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონია სახელმწიფოს მხრიდან.

„დღეს თვითშეფასების კითხვარის და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შესახებ ტრენინგები ფასიანია. აქედან გამომდინარე, უფასო ტრენინგებით მომსახურების საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. ამ მიმართულებით უფრო მეტი ფინანსური რესურსი უნდა ჩაიდოს.

პედაგოგთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი შიდა სასკოლო დაკვირვებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ეს უპირეველეს ყოვლისა, არაინფორმირებულობის შედეგია. ვინაიდან შეფასების კომპონენტები მათთვის უცნობია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პედაგოგთა შიდა სასკოლო დამკვირვებელთა წევრებისათვის ტრენინგები უნდა დაიწყოს 2016 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლებს სრულად მიეწოდებათ ინფორმაცია. ძალიან კარგი გზამკვლევები შემუშავდა ახალი სქემის ამუშავებისთანავე და ვფიქრობთ, პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმების შესახებაც უნდა შემუშავდეს გზამკვლევი, რომელიც მიეწოდებათ მასწავლებლებს“.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე მასწავლებლის ხელფასის საკითხსაც ეხება. მისი თქმით, საბაზო ხელფასის ზრდა აპრილში არ უნდა დასრულდეს. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. სხვა შემთხვევაში დაიკარგება პედაგოგთა მოტივაცია და სკოლის განვითარების პერსპექტივაც.

„მასწავლებლის საბაზო ხელფასი უნდა გაიზარდოს ეტაპობრივად, იმ გათვლებით, რომ 2-3 წელიწადში გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. აპრილში გაიზრდება პედაგოგთა საბაზო ხელფასი, მაგრამ ამით სრულდება ეს პროცესი, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ვინაიდან 45 400-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელი ჰყავს ჩვენს ქვეყანას და მათ განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება, რომ არ დაიკარგოს მათი მოტივაცია. ასეთმა მასწავლებლებმა მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში უნდა განახორციელონ სავალდებულო აქტივობები, რომ გადავიდნენ ზედა დონეზე. მხოლოდ მაშინ მიეცემათ ძალიან ეფექტური და ადეკვატური კატეგორიის შესაბამისი დანამატები. ასეთი მიდგომით დროში იწელება ხელფასების ზრდის პროცესი.

მინდა მცირეკონტიგენტიანი სკოლების პრობლემასაც შევეხო. განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს. მათ არ აქვთ საკმარისი საათების რაოდენობა. დღეს მხოლოდ უცხო ენის პედაგოგს მიეცემა სრული დატვირთვის შესაბამისი დანამტი, თუ სკოლას არ აქვს სკოლაში საკმარისი საათების რაოდენობა. მაგრამ საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგები ხშირად მოგვმართავენ ჩივილით, რომ სკოლაში არ არის საკმარისი საათების რაოდენობა. ამ პედაგოგების დანაშაული არ არის შექმნილი ვითარება და მათ დანამატები უნდა აიღოს სრულად. პედაგოგს ყველა უყენებს მაღალ მოთხოვნებს, რაც მისასალმებელია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ პედაგოგის უკან დგას ადამიანი, რომელიც ასევე ცხოვრობს ყოველდღიური პრობლემებით. დაწესებულ პროფესიულ სტანდარტთან ერთად სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყონ პედაგოგებს“, – აცხადებს კობახიძე.

image1საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარეს პასუხობენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი და განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. მაჩაბლის თქმით, სახელმწიფოს ფინანსური რესურსები ყველა მასწავლებლის დატრენინგებას ვერ გასწვდება.

„მოგეხსენებათ სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის იმხელა, ყველა თემას და მიმართულებას შევეხოთ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის დაფინანსება, რაც გვაქვს. იგივე თვითშეფასების კითხვართან დაკავშირებით ძირითადი მიზნობრივი ჯგუფი არის სკოლის ფასილიტატორები. ამაზე სახელმწიფო დაფინანსება ცენტრს გააჩნია. ფასილიტატორებს ემატება ტრენერ-კონსულტატნტები და შეფასების ჯგუფების წევრები, რომელთა ტრენინგი 2016 წლის დასწაყისიდანვე ძალიან ინტენსიური იქნება.

ცენტრი მათი მეშვეობით გადის თითოეულ მასწავლებელზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვერ გავწვდებით და რაღაც კომპონენტები თვით მასწავლებლების მიერ უნდა იყოს დაფინანსებული. სქემის მიხედვით არ იყო გათვალისწინებული, რომ თითოეულ მასწავლებელს ცენტრი დაუჯდებოდა და შეავსებინებდა, მაგალითად, თვითშეფასების კითხვარს“,-აღნიშნავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვული ცენტრის დირექტორი.

რაც შეეხება მაია კობახიძის შენიშვნას, დამწყები მასწავლებლებისთვისაც იყოს მხარდამჭერი პროგრამა განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პასუხობს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვული ცენტრი უკვე ახორციელებს მსგავს პროგრამას, რომელსაც „დამწყები მასწავლებლის მხარდამჭერი პროგრამა“ ჰქვია.

რაც შეეხება ტრენინგებს, ლია გიგაურის თქმით, უნიფიცირებული ტრენინგები საჭიროებებზე მორგებული ტრენინგებით შეიცვალა, რადგან საჭიროებებზე კვლევა ახლახან დაიწყო, შესაბამისად, მასწავლებელთა განვითარებაც საჭიროებებს უნდა დაეფუძვნოს.

10993462_974767189207693_1373596220220038794_n„ხელშეწყობა სჭირდებათ როგორც დამწყებ, ასევე ასაკოვან პედაგოგებს, რომელთაც გაუჭირდათ ახალ სქემაზე გადასვლა. თუ ამ ხელშეწყობის ფარგლებში მასწავლებლები ვერ უპასუხებენ იმ გამოწვევებს, რომლებიც აქვს დღევანდელ მოსწავლეებს, ასეთ შემთხვევაში ეს ამ მასწავლებლების პრობლემად რჩება. ჩვენ ამ სისტემას მხოლოდ სოციალური დახმარების სისტემად ვერ გადავაქცევთ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემა და მასწავლებელმა უნდა იზრუნოს საკუთარ განვითარებაზე. თანამედროვე სასწავლო სტატეგიებით და მიდგომებით ჩატარებული გაკვეთილი მოსწავლეში მოტივაციას აჩენს. პედაგოგებთან ერთად ბავშვის უფლებებიც უნდა იყოს დაცული. მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარისხიანი განათლება“, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.