წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა მასწავლებლის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, მიმდინარე წლის 12 იანვარს. 
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლობას უხდის მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის.
🟢რაც შეეხება თავად საქმეს, 2020 წლის 25 მარტის ბრძანებით, სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა ამავე სკოლის პედაგოგი და შეთავსებით კოორდინატორი - ზვიად შველიძე.
ბატომა ზვიადიმ დახმარების თხოვნით მომართა სპმთპ-ს. მიუხედავად პანდემიისა და მთელი რიგი შეზღუდვებისა, სპმთპ-ის იურიდიულმა დეპარტამენტმა დისტანციურ რეჟიმში მოახერხა საქმის შესწავლა და სარჩელის მომზადება.
🟢თავდაპირველად საქმე განიხილა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, სადაც პედაგოგის ინტერესებს იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ (უჩა) ბაკურაძე. ჩატარდა რამოდენიმე სხდომა. ჩვენმა არგუმენტებმა დაარწმუნა მოსამართლე, რომ ზვიად შველიძის მიმართ დაირღვა საქართველოს შრომის კანონმდებლობა და სკოლის შინაგანაწესი. შესაბამისად, მოსამართლე მარინა კიკნაძემ გამოიტანა სამართლიანი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა პედაგოგის სასარჩელო მოთხოვნები - თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
🟢ნიგოითის საჯარო სკოლა არ დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციოში, სადაც ზვიად შველიძის ინტერესებს კვლავ წარმოადგენდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, გრიგოლ (უჩა) ბაკურაძის სახით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ზვიად შველიძე უნდა დაბრუნდეს ნიგოითის საჯარო სკოლაში და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური სამსახურში აღდგენის მომენტამდე, რაც რამოდენიმე ათას ლარს შეადგენს (ანუ იმ თვეების ხელფასი, რაც უნდა მიეღო, რომ არა უკანონო გათავისუფლება).
იმ შემთხვევაში, თუ ნიგოითის საჯარო სკოლის დირექტორი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში (რომელიც ბოლო ინსტანციაა), სპმთპ კვლავ დაიცავს ზვიად შველიძის ინტერესებს, გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლამდე.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად სპმთპ აწარმოებს რამოდენიმე საქმეს, საქართველოს საერთო სასამართლოებში, საკუთარი წევრების ინტერესების დასაცავად. იმედი გვაქვს მათი წარმატებით დასრულების!