სპმთპ-ის კიდევ ერთი წარმატებული სასამართლო პროცესი და სამსახურში აღდგენილი პედაგოგი ⏹
🟢 წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რის შედეგადაც, 2018 წლის 10 სექტემბერს გათავისუფლებული ინგლისური ენის პედაგოგი ნათია ჭინჭარაული ახალი სასწავლო წლიდან კვლავ შეუდგება თავის საყვარელ საქმიანობას, საკუთარი სოფლის საჯარო სკოლაში.
🟢 ქალბატონი ნათიას გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში თავდაპირველად მითითებული იყო - „მხარეთა შეთანხმება“. თუმცა მას შემდეგ, რაც პედაგოგმა მომართა სპმთპ-ის იურიდიულ დეპარტამენტს და სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში დამსაქმებელმა განაცხადა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა და სინამდვილეში გათავისუფლების საფუძველი იყო არა „მხარეთა შეთანხმება“, არამედ - „ხელშეკრულების ვადის გასვლა.“
🟢 საქმის შესწავლის შედეგად სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტი მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების დარღვევებს და გათავისუფლება იყო უკანონო.
როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის (სააპელაციო) სასამართლოებში გათავისუფლებული მასწავლებლის ინტერესებს იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაკურაძე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მთლიანად დააკმაყოფილა ნათია ჭინჭარაულის მოთხოვნები, თუმცა მოპასუხე მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართა მიმდინარე წლის 29 აპრილს. ნათია ჭინჭარაულის ინტერესებს წარმოადგენდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტი. ჩვენი ორგანიზაციის იურისტმა, ქალბატონ ნათიასთან შეთანხმებით, გააჟღერა ორივე მხარისთვის მისაღები წინადადება, რამაც დაარწმუნა დამსაქმებელი, რომ საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენდა მხარეთა მორიგება და ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება. ზოგადად, სპმთპ ყოველთვის მოწოდებულია ხელი შეუწყოს დავის მშვიდობიანად გადაწყვეტას, რა დროსაც ბოლომდე დაცული იქნება როგორც პედაგოგის, ისე სკოლის ინტერესები.
🟢ამ შემთხვევაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. გომბორის საჯარო სკოლის დირექტორი წამოვიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და მხარეთა შორის გაფორმდა მორიგება, რომლის მიხედვითაც ნათია ჭინჭარაული შეუდგება მუშაობას სექტემბრიდან.
სპმთპ მადლობას უხდის სკოლის დირექტორს თანამშრომლობისათვის. ვიმედოვნებთ, ეს კარგი მაგალითი იქნება და ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების გაჯანსაღებას.
🟢 გარდა ამისა, სპმთპ განსაკუთრებულ მადლობას უხდის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ბატონ გია ბერაიას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დავის საუკეთესო გზით გადაწყვეტაში.
🟢 ინგლისური ენის პედაგოგი ნათია ჭინჭარაული 3 წლის განმავლობაში მუშაობდა სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში და ამ ხნის განმავლობაში იგი ყოველთვის პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მის მიმართ არასოდეს დაფიქსირებულა რაიმე სახის შენიშვნა ან საყვედური.
ამჟამად, სპმთპ აგრძელებს სხვა პედაგოგების ინტერესების დაცვა-წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში და გვჯერა მათი წარმატებით დასრულების🟢