იცით, როდის და როგორ დაიწყო მასწავლებლებისთვის უვადო ხელშეკრულებების გაფორმება საქართველოში?! თუ არ იცით ზუსტად, მაშინ წაიკითხეთ ეს ინფორმაცია:
უვადო ხელშეკრულებების საკითხი, ქვეყნის მასშტაბით, გადაწყდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ დაწყებული სასამართლო დავის შემდეგ. მიუხედავად იმისა, 2013 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა შრომის კოდექსში და პროფკავშირი ჩართული იყო კანონპროექტის შემუშავება-განხილვის პროცესში, ადგილი ჰქონდა პედაგოგთა უკანონო გათავისუფლებებს, ერთწლიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით. 2015 წელს, სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებით, როდესაც პროფკავშირმა მოიგო გორის რაიონის 2 მასწავლებლის სასამართლო პროცესები. გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორმა მასწავლებლები გაათავისუფლა ერთწლიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძვლით. რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა და რესურსცენტრის იურისტმა გააკეთეს განმარტებები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რომ გათავისუფლება იყო კანონიერი. მხოლოდ სასამართლოების გადაწყვეტილებების შემდეგ დაესვა წერტილი, ერთწლიანი ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის საფუძვლით მასწავლებელთა გათავისუფლების მავნე ტენდენციას. მასწავლებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ითვლება უვადოდ, თუ მასწავლებელი ერთიდაიგივე სკოლაში მუშაობს 30 თვე.
ახალი შრომითი ხელშეკრულების ყოველ ახალ სასწავლო წელს გაფორმება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მასწავლებლის საათობრივი დატვირთვა, სტატუსი და ა.შ. არის ცვალებადი. ამ მიზეზით შესაძლებელია შუა წელიწადშიც განხორციელდეს ცვლილებები მასწავლებელთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში.