სპმთპ-ის წევრის სასარგებლოდ დასრულებული კიდევ ერთი სასამართლო პროცესი! 🟢
🟢 წარმატებით დასრულდა სპმთპ-ის წევრის, სსიპ ქ. თბილისის #24 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული ინგლისური ენის პედაგოგის, ანა ცინაძის სასამართლო პროცესი. მიმდინარე წლის 06 აპრილს, თბილისის პირველი ინსტანციის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა უკანონოდ გამოაცხადა დირექტორის მიერ გამოცემული ანა ცინაძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და სკოლას დააკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა, გათავისუფლების მომენტიდან გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტამდე.
ქალბატონი ანა, დირექტორის უკანონო ბრძანებით გათავისუფლდა 2021 წლის 14 სექტემბერს. ამავე დღეს სკოლიდან გათავისუფლდა კიდევ 3 ინგლისური ენის პედაგოგი. აღნიშნული 4 პედაგოგიდან სამმა დახმარების თხოვნით მომართა ჩვენს ორგანიზაციას და იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ბაკურაძემ დაუყოვნებლივ მოამზადა შესაბამისი სარჩელები. ამ ეტაპზე დასრულდა ანა ცინაძის სასამართლო პროცესი პირველ ინსტანციაში, ხოლო დანარჩენი 2 მასწავლებლის საქმე ჯერჯერობით წარმოებაშია და ველოდებით მის წარმატებით დასრულებას.
🟢 გათავისუფლების საფუძვლად დასახელდა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გარემოებების გამო ინგლისურ ენაში განაყოფების გაუქმება და შესაბამისად - საგაკვეთილო საათების შემცირება.
საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ განაყოფების გაუქმების მიუხედავად, სკოლაში რჩებოდა ინგლისური ენის 154 საგაკვეთილო საათი (მეორე სემესტრიდან ემატებოდა 5 სთ.), რაც იძლეოდა ინგლისური ენის კათედრის თხუთმეტივე პედაგოგის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთ მათგანთან, პრაქტიკოსთან, მალევე შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
🟢 შეგახსენებთ, რომ განათლების სისტემაში მოქმედი რეგულაციები სავალდებულოდ არ მიიჩნევს პედაგოგის სრულად დატვირთვას და უშვებს ნაწილობრივ დატვირთვას, რითაც თავისუფლად შეეძლო ესარგებლა სკოლას და თავიდან აერიდებინა 4 ადამიანის უსამსახუროდ, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დატოვება ამ ურთულეს პანდემიურ პერიოდში.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დირექტორის მიერ ანა ცინაძის გათავისუფლება ჩაითვალა უკანონოდ, აგრეთვე სკოლას დაეკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მთელ პერიოდზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სამწუხაროდ სასამართლომ უარი თქვა თანამდებობაზე დაბრუნების ნაწილში, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით (ვინაიდან ვერ მოვისმინეთ დამაჯერებელი არგუმენტი) და ვაპირებთ სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვას. ჩვენ გვჯერა, რომ მომდევნო ეტაპზეც აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას!!!
🟢 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ყოველთვის იდგება საკუთარი წევრების ინტერესების სადარაჯოზე!
