2025 წლის 7-9 მარტს, სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ მეოთხე შეხვედრა გაიმართა პედაგოგთა პროფესიული განვითარების სატრენინგო ცენტრში (ტყიბულის მუნიციპალიტეტი,ს.საწირე)
შეხვედრაზე იმყოფებოდა 26 მასწავლებელი, სპმთპ-ის გლდანის, რუსთავის, ბათუმის, მარნეულის, ბოლნისის, კასპის, ადიგენის, ასპინძის, საჩხერის, ბორჯომის, ცაგერისა და ლენტეხის საქალაქო და რაიონული ორგანიზაციებიდან.
შეხვედრის გახსნისას, სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, დამსწრეთ დეტალურად გააცნო მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დაცვისა და გაუმჯობესების, ასევე მათი პროფესიული განვითარების მიზნით სპმთპ-ის მიერ გაწეული საქმიანობა. ისაუბრა ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს’’ შექმნის მიზნებსა და ამოცანებზე.
მასწავლებლებმა ორი დღის განმავლობაში იმუშავეს სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, როლანდ ხოჯანაშვილის ხელმძღვანელობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტის კომპონენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე. კოლეგებმა იმსჯელეს სკოლის როლზე, უსაფრთხო და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაზე, სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების განსაზღვრაზე, აგრეთვე სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგიაზე.
საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, სკოლების მზაობის შეფასების გათვალისწინებით, შეიმუშავეს პროფკავშირის შესაძლებლობები, რათა დაეხმარონ კოლეგა სკოლებს ამ პროცესში ჩართვისას. ასევე, გაზიარეს საუკეთესო პრაქტიკა.
როლანდ ხოჯანაშვილმა ყველა მონაწილეს წარუდგინა და გაუზიარა დამუშავებული მასალები და რესურსები. სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გორის N 7 საჯარო სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა,ნათია გაბროშვილმა, რემედიაციისა და ადაპტაციაზე ისაუბრა.
შეხვედრის ბოლო ნაწილში, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ დეტალურად შეაჯამა სპმთპ-ის ბოლო წლების შედეგები და სამომავლო გეგმები, პასუხი გასცა მასწავლებელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია კორძაძემ, ისაუბრა მასწავლებელთათვის მნიშვნელოვან დაზღვევის, დეკრეტული შვებულებისა და საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურების წესსა და მასთან დაკავშირებულ პრობლმებზე. ამ მიმართულებით, სპმთპ-ის ჩართულობით აღდგენილ მასწავლებელთა უფლებებზე.
ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობდა ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის წევრი ქ. ბათუმის კერძო სკოლის მასწავლებელი გიორგი დიდიძე. ის ბოლო ორი წელია დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და აქტიურად განაგრძო პროფკავშირული საქმიანობა საქართველოში. პედაგოგიური საქმიანობის გარკვეული წყვეტის მიუხედავად გიორგი დიდიძე ყოველთვის რჩებოდა სპმთპ-ის აქტიურ მხარდამჭერად. ის კოლეგებს ესაუბრა პროფკავშირის შესახებ და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.
საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში ჩაერთო სპმთპ-ის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მათემატიკის მასწავლებელი ნათელა თევზაძე
სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზაციის ლიდერს, მაია კობახიძეს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნეს, რომ მათი ჩართულობით, უფრო მეტი კოლეგა გაითავისებს პროფკავშირების როლსა და მნიშვნელობას.
შეხვედრის მეორე დღეს მოეწყო დოკუმენტური ფილმის - ,,განვლილი გზა 2010-2014 წწ”ჩვენება, რამაც ემოციური მუხტი შეიტანა საკონსულტაციო საბჭოს წევრებში. ფილმი ნათელი მაგალითია სპმთპ-ის მოღვაწეობის, ხელისუფლების ზეწოლის პერიოდში ორგანიზაციის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და ორგანიზაციის აღდგენის წარმატებული შედეგების, რაც ერთგვარი გზამკვლევია დასაქმებულთა ბრძოლისა და ერთობის, მათი მოტივაციის ამაღლებისათვის.