ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის

სააგენტოს დირექტორს კახა აბულძეს

ბატონო კახა,
გავეცანით თქვენს 2025 წლის 17 მარტის ბრძანებას ბ66.01250766 ,,ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ დაქვემდებარებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში მოსალოდნელი რეორგანიზაციული და საკადრო ცვლილებების თაობაზე“, რომელსაც საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა პროფკავშირის წევრების, დასაქმებულთა და საზოგადოების მხრიდან. რაც არ უნდა კეთილი მიზნები გამოძრავებდეთ, რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები ყოველთვის იწვევს უარყოფით შეფასებას, ვინაიდან ზარალდება დასაქმებულთა გარკვეული კატეგორია. თქვენმა ბრძანებამ უკვე გამოიწვია არაერთგვაროვანი შეფასებები, მათ შორის პოლიტიკური მოტივითაც.
როგორც თქვენთვის ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის - საქართველოს შრომის კოდექსის, ,,პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთა შრომითი პირობების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს პროფკავშირთან შეთანხმებით.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოვითხოვთ განგვიმარტოთ რეორგანიზაციის აუცილებლობის საფუძვლები და სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმის პროცესში ჩართოთ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) წარმომადგენლები, რისი ვალდებულებაც გქონდათ ბრძანების გამოცემამდე.
მიგვაჩნია, რომ ასეთი ნაჩქარევი რეფორმები აზიანებს დასაქმებულთა ინტერესებს და ჩვენ გამოვიყენებთ კანონით მონიჭებულ ყველა შესაძლებლობას დასაქმებულთა უფლებების დაცვისათვის.

პატივისცემით,
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა
თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტი მაია კობახიძე

წერილი - თბილისის_ბაღები.pdf