თერჯოლის ორგანიზაცია – მასწავლებელთა პროფესიონალიზმი, ერთობა, სოლიდარობა!

2025 წლის 22 მარტს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ხათუნა გურულის ინიციატივითა და მხარდაჭერით, შთამბეჭდავი შემოქმედებითი საღამო გაიმართა, გზავნილით – „პროფესიონალი მასწავლებლები აძლიერებენ თანამედროვე პროფკავშირს.“

თერჯოლელმა პედაგოგებმა კოლეგებსა და მოწვეულ სტუმრებს მხატვრული და ფერწერული ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები და მუსიკალური ნომრები წარუდგინეს. ემოციებით, სითბოთი და პროფესიული სიამაყით დატვირთულმა ღონისძიებამ არამხოლოდ შემოქმედებითი ნიჭი, არამედ პედაგოგთა ერთიანობა, კოლეგიალობა და ურთიერთდაფასება წარმოაჩინა.

დღეს სპმთპ უკვე 40 000 მოტივირებულ, მაღალი ცნობიერების წევრთა ერთობაა. ამ დიდ ორგანიზაციაში, თერჯოლის საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულების ერთიანობა არამხოლოდ სტატისიტიკა, არამედ ახალი ძალაა. სპმთპ-ის თერჯოლის რაიონული ორგანიზაცია 2024 წელს ჩამოყალიბდა და რაიონულმა კონფერენციამ თავმჯდომარედ აირჩია N 1 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ხათუნა გურული.

ღონისძიების იდეის ავტორი და ორგანიზატორი, სპმთპ-ის თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ხათუნა გურული ხელოვნების წამყვანი მასწავლებელია. მან ჩვეული გულწრფელობით, პასუხისმგებლობით და მაღალი პროფესიონალიზმით მოამზადა ღონისძიება. მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენას ხათუნა გურულის ნახატებიც ამშვენებდა.

თერჯოლის შემოქმედ მასწავლებელთა ღონისძიების პროგრამას ქ. თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი ნატო კვეტენაძე გაუძღვა. ქალბატონი ნატო მაღალი სამოქალაქო ცნობიერებით და პროფესიონალიზმით გამორჩეული პედაგოგია. მან ყველა კოლეგის შემოქმედება და მოღვაწეობა გააცნო დამსწრე საზოგადოებას. თავადაც კიდევ ერთი თვითშემოქმედების ნიჭით გააოცა ყველა, ტკბილხმოვანებით შეასრულა ქართული სიმღერა.

ღონისძიებამ წარმოაჩინა ნიჭიერი მასწავლებლები, არა მხოლოდ ნამუშევრებით, არამედ გემოვნებიანი თვითშემოქმედებით. ყველა სკოლამ წარმოადგინა მაღალი დონის ინდივიდუალური და გუნდური ნომერი.

თერჯოლის პროფკავშირმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ განათლების სფეროში ერთობა და მხარდაჭერა უდიდეს ძალას წარმოადგენს. საამაყოა, რომ დღეს თერჯოლაში პედაგოგები ავრცელებენ არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს, ერთმანეთს შთააგონებენ და აძლიერებენ პროფკავშირულ სულისკვეთებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე; თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე; თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი; სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე; ვიცე პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე; სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ექსპერტი და მენტორი მასწავლებელი როლანდ ხოჯანაშვილი.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ყოველთვის იყო, არის და იქნება სოციალური პარტნიორობის დასავლური, მაღალი კულტურის, ისეთი ძლიერი ფუნდამენტური ღირებულებების ორგანიზაცია, როგორიცაა დამოუკიდებლობა და წარმომადგენლობითობა, სოლიდარობა, კოლეგიალობა, უფლებებისა და დემოკრატიის დაცვა.

22 მარტს, სიმბოლური დამთხვევა იყო, სპმთპ-ის პრეზიდენტმა დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის ხელშეკრულება გააფორმა ბათუმის სამოქალაქო განათლებისა და ხელოვნების მასწავლებელ გიორგი დიდიძესთან, რომელიც 2010 წლიდან არის სპმთპ-ის წევრი, 2010 წლის ყრილობის დელეგატი და წლების განმავლობაში, აშშ-ის მასწავლებელთა პროფკავშირის საერთაშორისო პროექტების ყველა ეტაპის აქტიური მონაწილე.

ღონისძიების ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის გადაეცა სერტიფიკატები.

ერთად ერთმანეთისთვის! პროფესიონალიზმი და სოლიდარობა აძლიერებს თანამედროვე პროფკავშირს!