2025 წლის 16 მაისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილი, სათაო ოფისის კანცელარიის უფროსი ქეთევან ვადაჭკორია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე ვალერი ჭიპაშვილი, ხარაგაულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა ვეფხვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის/რესურსცენტრის თანამშრომლები და ხარაგაულის საჯარო სკოლების დირექტორები იმყოფებოდნენ სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში.
ღონისძიება გაიმართა ვაშლევის საჯარო სკოლის დირექტორის ქეთევან ლურსმანაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლალი სებისკვერაძის ხელშეწყობით.
სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. დირექტორმა ქეთევან ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, სკოლის მიღწევებისა და გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას.
სსიპ სადგურ მარელისის სრულად ავტორიზებული საჯარო სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ გამოცდილების გაზიარების მიზნით წარმოადგინა პრეზენტაცია და ისაუბრა ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული საკითხების შესახებ. ქალბატონმა ვერამ წარმოადგინა სკოლაში განხორციელებული და ჩატარებული სხვადასხვა აქტივობების ამსახველი მასალა, რამაც ხელი შეუწყო წარმატებით გაევლოთ ავტორიზაცია. აქცენტები გაკეთებული იყო სკოლის ფილოსოფიაზე, სასკოლო კურიკულუმზე, სკოლის ადმინისტრირებასა და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე, ასევე მოსწავლეთა მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებაზე.
,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარემ, ექსპერტ როლანდ ხოჯანაშვილმა დირექტორების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, სტანდარტის, ავტორიზაციის, კურიკულუმის რევიზიის, მოსწავლეთა მიღწევის დიაგნოსტირების ინსტრუმენტების და სხვა პროფესიულ საკითხებზე. დირექტორებმა მადლობა გადაუხადეს როლანდ ხოჯანაშვილს არაერთგზის გაწეული დახმარებისათვის.
,,ჩვენი მიზანია, რომ სასკოლო საზოგადოების საუკეთესო ინტერესები დავიცვათ, უამრავი საკითხია, რომლებიც გადასაწყვეტი ან შესაცვლელია. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ცივილიზებული, კონსტრუქციული პოზიციონირებით მუდამ იქნება მასწავლებელთა მხარეს. სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული კუთხით კიდევ უფრო გავაძლიერებთ სკოლების მხარდაჭერას“ - განაცხადა როლანდ ხოჯანაშვილმა.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობა, უახლოესი მიზნები, ხედვა, ღირებულებები, საჯარო/კერძო სკოლების მასწავლებელთა უფლებების დაცვის პარალელურად ადმინისტრაცია/ტექნიკური პერსონალის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის ინიციატივები.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, რესურსცენტრის უფროსმა და სკოლის დირექტორებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალშიც გაგრძელდეს საქმიანი ურთიერთობა პროფკავშირთან, რაზეც მიიღეს დაპირება, რომ ინტენსიურად გაგრძელდება სკოლების კვალიფიციური მხარდაჭერა. ნაკლების ჩვენება