,,სიტყვა ფასდება საქმით და საქმე - შედეგებით!
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, სპმთპ-ის ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებით სპმთპ-ის საქმიანობის ორი მიმართულება განისაზღვრა: დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ზრუნვა პროფესიული განვითარებისათვის.
მას შემდეგ, რეფორმების კვალდაკვალ, სპმთპ-ის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ მუშაობს მის მიერ შემუშავებული 35 ტრენინგ-მოდულით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დასაქმებულთათვის და 15 ტრენინგ-მოდულით სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთათვის.
საანგარიშო პერიოდში, ,,ცენტრმა“ მოამზადა სკოლის მასწავლებლებისათვის 9 ახალი სატრენინგო მოდული და სკოლამდელი აღზრდის დასაქმებულთათვის - 6 ახალი ტრენინგ-მოდული.
საანგარიშო პერიოდში ცენტრის მიერ ჩატარებულია:
1. 512 ტრენინგი, აქედან, 288 ტრენინგი საჯარო სკოლების მასწავლებელთათვის და 224 ტრენინგი სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულებისთვის;
2. 56 საგამოცდოდ მოსამზადებელი გრძელვადიანი საგნობრივი ტრენინგი;
3. 31 მოკლევადიანი საგამოცდოთ მოსამზადებელი საგნობრივი ტრენინგი;
4. 11 ტრენინგი მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების (პორტფოლიოს) თემაზე;
5. სპეციალური ტრენინგ-პროგრამა საგამოცდო პროგრამის დასაძლევად აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი მასწავლებლებისთვის;
6. 2025 წელს დაიწყო ახალი ტრენინგ-კურსი ახალი ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებისთვის, ,,ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება სასწავლო პროცესში“;
7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთათვის სპეციალური ტრენინგი ,,პროგრამა TEAMS-ში მუშაობის სწავლება ქართულ/აზერბაიჯანულ/სომხურ ენებზე“;
8. ,,STEM მიდგომების დანერგვა დაწყებით საფეხურზე“;
9. ,,ბლოგის შექმნა და მასზე ფორტფოლიოს წარმოება“;
10. 10 ტრენინგი სკოლის ბიბლიოთეკარებისთვის ,,ბიბლიოთეკის საქმისწარმოება სკოლის ბიბლიოთეკარებისთვის“.
სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე: - ,,რეფორმის პერიოდში, პირველ პლანზე წამოიწია კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა და საჭიროებებმა. ჩვენც, ჩვენი ენერგია და ფინანსური რესურსი წარვმართეთ პროფესიული ინტერესების დაცვის მიმართულებით. ზოგიერთები გვსაყვედურობენ კიდეც, რომ ავცდით პროფკავშირულ საქმიანობას და ერთგვარად ვასრულებთ სახელმწიფოს ვალდებულებებს. რეფორმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში დავეხმარეთ წევრებს და 2015 წლიდან, ათიათასობით მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსი, აღზრდელებმა/სხვა დასაქმებულებმა - კვალიფიკაცია, დამეთანხმებით, უკეთეს ვერაფერს გავაკეთებდით. ამის თქმის უფლებას მაძლევს მრავალი მასწავლებლის გამოხმაურება და მადლიერება. ბუნებრივია კითხვა: დაზარალდა თუ არა პროფკავშირული მოძრაობა პროფესიული განვითარებისათვის განხორციელებული კოლოსალური მომსახურეობით?! პასუხი ერთგვაროვანია, არა!
„თითოეული წევრის პროფესიონალიზმი და საზოგადოებრივი აქტივობა ამაღლებს პროფკავშირის როლს!“
ნურც ის დაგვავიწყდება, ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლება-განათლების ხარისხის სრულყოფისთვის.
პროფესიონალიზმის ამაღლებასთან ერთად, იზრდება მოტივაცია პედაგოგებში, რათა აქტიურად ჩაერთონ პროფკავშირულ საქმიანობაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
რაც მთავარია და სასიხარულო, ჩვენს წევრებში მაღალია სიახლეებისადმი მიმღებლობა და კოლეგიალობის პრინციპებიდან გამომდინარე მზაობა, დაეხმარონ კოლეგებს“