17-18 ივნისს, 2025 წელს, ქ. ბრიუსელში განათლების პროფკავშირები და დამსაქმებლები შეიკრიბნენ ,,კოვიდის შემდგომ“ (APRES COVID) პროექტის დასკვნით კონფერენციაზე, რომელიც ევროპის განათლების პროფკავშირებისა ETUCE და ევროპის განათლების დამსაქმებელთა ფედერაციის (EFEE) მიერ წევრი ორგანიზაციებისთვის იყო ორგანიზებული.
კონფერენციაზე განხილული იქნა „მენტალური ჯანმრთელობა და ფსიქოსოციალური რისკები განათლებაში,“ რამაც გააერთიანა განათლების სფეროს წარმომადგენლები, მკვლევარები, ევროკავშირის პოლიტიკის ოფიცრები და ევროპელი პედაგოგები. მათ იმსჯელეს, რომ სოციალური დიალოგი არის ის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებელთა, აკადემიური პერსონალისა და განათლების მუშაკების სამუშაო პირობებისა და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ყველა საფეხურზე.
კონფერენცია გახსნეს ,,ევროპის განათლების პროფკავშირების“ (ETUCE) ევროპულმა დირექტორმა იელმერ ევერსმა და ,,ევროპის განათლების დამსაქმებელთა ფედერაციის“ (EFEE) ვიცე-პრეზიდენტმა პედი ლაველმა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს განსაკუთრებით თანამედროვე გამოწვევების ფონზე, ფსიქოსოციალური რისკების მნიშვნელობა სოციალური დიალოგის კონტექსტში.
კონფერენცია იყო მნიშვნელოვანი პლატფორმა კვლევების შედეგების, ეროვნული გამოცდილებისა და საერთო სტრატეგიების გაზიარებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.
კონფერენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა განათლებაში ფსიქოსოციალური რისკების პრევენციისა და მართვის შესახებ ერთობლივი რეკომენდაციების განახლებული ვერსიის წარმოდგენა, რომელიც ETUCE-სა და EFEE-ის მიერ ერთობლივად შემუშავდა.
დოკუმენტი ამჟამად ორი თვის საკონსულტაციო პროცესს გადის სოციალური პარტნიორების წევრ ორგანიზაციებში, რაც უზრუნველყოფს ფართო ჩართულობასა და საერთო პასუხისმგებლობას რეკომენდაციების განხორციელების გზებზე.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული მაგალითები ესპანეთიდან, რუმინეთიდან, მონტენეგროსა და მალტიდან, მათ გააზიარეს განათლების სფეროში სოციალური დიალოგითა და ინსტიტუციური მხარდაჭერით ფსიქოსოციალური რისკების ეფექტურად დაძლევის გამოცდილებები.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს სამუშაო პირობებსა და პროფესიულ კეთილდღეობას შორის კავშირი, ციფრული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენები, ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიები საგანმანათლებლო სფეროებში.
კვლევითი ორგანიზაციის ,,Visionary Analytics“ წარმომადგენელმა ალექსანდრა მოროზოვაიტემ წარადგინა კვლევის „პროფესიული კეთილდღეობა ევროპის საგანმანათლებლო სისტემებში“ ანგარიში და დასკვნები. ანგარიში ოფიციალურად კონფერენციაზე გამოქვეყნდა, სადაც ასახულია მნიშვნელოვანი რესურსი ფსიქოსოციალური რისკების მართვისა და მასწავლებელთა მხარდაჭერისთვის.
კონფერენციაზე განათლების, მეცნიერებისა და პროფესიული ჯანმრთელობის ექსპერტმა, დოქტორმა ულრიკე ბოლმანმა წარმოადგინა მასწავლებელზე ორიენტირებული ხედვა ხელოვნური ინტელექტის რისკებსა და შესაძლებლობებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ სკოლებში ციფრული ინოვაციების პროცესში აუცილებელია დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება განისაზღვროს პრიორიტეტად.
პროფესორმა პეტერ პაულუსმა საზოგადოებას გააცნო მოდელი „ჯანსაღი სკოლა კეთილდღეობისათვის“, რომლის თანახმად, ჯანმრთელობა განიხილება არა როგორც სასწავლო პროცესის შედეგი, არამედ, როგორც წინაპირობა, წარმატებული განათლების სისტემის საფუძველი.
განსაკუთრებით შთამაგონებელი იყო პროფესორ ჟოაო კარლოს მაჟორის გამოსვლა. მან, როგორც აკადემიურმა და კლინიკურმა ფსიქოლოგმა, იმსჯელა პანდემიის გრძელვადიან ემოციურ ზეგავლენაზე მასწავლებლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. პროფესორმა დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა ტრანსფორმაციული მიდგომისკენ, სადაც პედაგოგის მენტალური კეთილდღეობა აღიქმება საზოგადოების მდგრადობისა და სოციალური თანხმობის საფუძვლად.
კონფერენცია დასრულდა პანელური დისკუსიით, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპელი სოციალური პარტნიორების მზადყოფნა გააგრძელონ ადვოკატირება ღირსეული, ჯანსაღი და მდგრადი სამუშაო გარემოსთვის განათლების სექტორში.
კონფერენცია არის არა მხოლოდ ორწლიანი ,,APRES COVID“ პროექტის დასასრული, არამედ ახალი ეტაპის დასაწყისი ევროპის სოციალური პარტნიორების თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
პროექტის შედეგებისა და წევრი ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობაზე დაყრდნობით, ETUCE და EFEE გეგმავენ ერთობლივი საქმიანობის გაგრძელებას, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ თანამშრომლობა ფსიქოსოციალური რისკების პრევენციისა და მართვის მიმართულებით განათლებაში.