როგორც თქვენთვის ცნობილია, 2024 წლის 6 მარტს შეიქმნა პედაგოგთა ინტერესების დამცველი ორგანიზაცია ,,განათლების მუშაკთა გაერთიანება“. განვლილ პერიოდში, ჩვენ არ გამოვაქვეყნეთ არცერთი განცხადება, რომელიც ზიანს მიაყენებდა ახლადშექმნილ გაერთიანებას, რადგან ინტერესით ველოდებოდით, რა ახალ იდეებს შემოგთავაზებდა ზემოაღნიშნული ორგანიზაცია, პროფკავშირული მოძრაობის განვითარებისა და პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დასაცავად. საპასუხოდ მივიღეთ აღვირახსნილი კამპანია და ბრალდებების კასკადი სპმთპ-ის მიმართ. ცილისწამებაზე პასუხის გაცემას არც ახლა ვაპირებდით, რომ არა მათ მიერ გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გაგზავნილი წერილის თაობაზე. ზემოაღნიშნული ორგანიზაცია მოითხოვს არ დაუშვან სამეურვეო საბჭოს წევრებად საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) წევრი მასწავლებლები. ამის საფუძვლად მოჰყავთ აბსურდული განმარტებები სპმთპ-ის წესდებიდან და მიაჩნიათ, რომ სპმთპ-ის წევრის სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევა შელახავს არაწევრების უფლებებს, წარმოადგენს მათი ორგანიზაციის ,,არაწევრი მასწავლებლების დისკრიმინაციის აშკარა და მკაფიოდ გამოხატულ საფრთხეს“.
გვინდა განვუმარტოთ ამ იდეის ავტორებს:
სპმთპ-ის წესდების მე-2 მუხლი შედგება 25 პუნქტისგან, რომელიც ითვალისწინებს, როგორც წევრების ასევე, არაწევრების ინტერესებს. მაგალითად, 2.1.3 პუნქტით სპმთპ-ის ძირითადი მიზანია ,,ზრუნვა ხარისხიანი და ეფექტიანი განათლებისათვის საჭირო პირობებისა და გარემოს შესაქმნელად“. სპმთპ იცავს და ლობირებს არა მხოლოდ წევრებს, არამედ ყველა დასაქმებულს. სრულიად გაუგებარია ჩვენი წესდების მოთხოვნების ამგვარი ინტერპრეტირების და სიტყვა ,,ლობირების“ განმარტების საფუძველზე ჩვენი წევრებისათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების აკრძალვა.
ბუნებრივია კითხვა: როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები იმ სკოლებში, სადაც პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი წევრია?! ან ვის აქვს უფლება, ჩვენს წევრებს-პედაგოგთა 60%-ზე მეტს აუკრძალოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება?!
შრომის კოდექსის 57-ე მუხლის თანახმად, თუ დაწესებულებაში დასაქმებულთა 50%-ზე მეტია პროფკავშირში გაწევრიანებული, მაშინ არაწევრ დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მასზეც გავრცელდეს ,,კოლექტიური ხელშეკრულების“ პირობები და სხვა. ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას ვურჩევთ, ყურადღებით წაიკითხოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, სადაც მკაფიო ჩანაწერებია, რომ პროფკავშირის მიერ განხორციელებული აქტივობებით კანონში/კანონქვემდებარე აქტებში შესული ცვლილებები ვრცელდება ყველა დასაქმებულზე. მაგალითისთვის ისიც საკმარისია, რომ ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივებითა და საკანონმდებლო წინადადებებით განხორციელებული 21 საკანონმდებლო ცვლილება გავრცელდა ყველა პედაგოგზე/დასაქმებულზე, არა მხოლოდ ჩვენს წევრებზე.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციას დასაქმებულთა ძალიან მცირე პროცენტი ჰყავს გაწევრიანებული. სასურველია, გამოაქვეყნონ წევრთა სტატისტიკა. გაურკვეველია ვის წარმოადგენენ, ვისი სახელით საუბრობენ და ვის ინტერესებს იცავენ?! თუ ჰყავთ წევრები, არავინ უკრძალავს მათ სამეურვეო საბჭოს წევრებად კანდიდატურების წარდგენას, ისევე, როგორც პროფკავშირის არაწევრ პედაგოგებს. ეს განსაზღვრულია კანონით. გამომდინარე აქედან, ზემოაღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელების და დამფუძნებლების წუხილი და მათი მხრიდან სამეურვეო საბჭოს წევრობის პროცესის ტრაგიკულად წარმოჩენა, რბილად რომ ვთქვათ, ყალბია! ზემოაღნიშნული ორგანიზაცია უნდა იცავდეს დემოკრატიულ ღირებულებებს! აბსურდულია, რომ თავად ეწევა პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციას. შევახსენებთ, შრომის კოდექსის მე-2.3 მუხლს: ,,აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ..., მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.“
წერილისა და იდეის ავტორებს ვურჩევ, ჯერ შექმნან ორგანიზაცია, გაერკვიონ პროფკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებში - რას ნიშნავს წარმომადგენლობითობა და რა არის მისი ფუნქცია, შემდეგ მოითხოვონ კოლექტიური მოლაპარაკებების უფლება! დღეს, ,,განათლების მუშაკთა გაერთიანება“ გამოხატავს მხოლოდ დამფუძნებლების კერძო ინტერესებს. პარადოქსია ისიც, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიდეო-მიმართვაში თავად აცხადებს, რომ ვერ იტანს სიტყვა პროფკავშირს. ასევე, ამ ორგანიზაციის წევრია განათლების სამინისტროს ორი დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლებული სკოლის ყოფილი დირექტორი. მას სახდელები დაეკისრა პედაგოგთა უკანონო გათავისუფლებების, პროფკავშირული ნიშნით პედაგოგთა დევნისა და მათზე განხორციელებული ზეწოლების გამო. გირჩევთ გაეცნოთ ყოფილი დირექტორის ბიოგრაფიას და მის დამოკიდებულებებს პედაგოგების მიმართ, ასევე გასულ წლებში, ხელმძღვანელის აქტივობებს პროფკავშირის, როგორც ინსტიტუციის, დისკრედიტაციის მიზნით.
პატივისცემით, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე