სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ 18 თვიანი პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის“ პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა განათლების სისტემაში დასაქმებულთა კონსოლიდაცია, მათი შრომითი და სოციალური უფლებების დაცვა კოლექტიური მოლაპარაკების გზით, დასაქმებულთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სოციალური დიალოგის განვითარება.
სპმთპ-ს პრეზიდენტმა, ქალბატონმა მაია კობახიძემ მადლიერება გამოხატა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ პროექტის მხარდაჭერისათვის და განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლის, პროექტის მენეჯერის ქეთევან ელიზბარაშვილის დახმარება პროექტის განხორციელებაში. მაია კობახიძემ დიდი მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან სალომე შარაშენიძეს, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს, ეთერ მათურელს, სპმთპ–ის ლიდერებსა და წევრებს მობრძანებისთვის.
„ღრმა კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ პროექტის მიზნები და ამოცანები სრულ თანხვედრაში მოვიდა პედაგოგთა ინტერესებთან. ინტერესთა სფეროს ასეთმა გადაკვეთამ საშუალება მოგვცა ჰარმონიულად გვემუშავა დასახული ამოცანების შესასრულებლად. პროექტის მიმდინარეობამ დაგვანახა, რომ პედაგოგებში არის დიდი სურვილი გაეცნონ პიროვნულ თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, გაითავისონ კანონით მონიჭებული თავიანთი უფლებები და და დაიცვან ის. პროექტმა თავისი ძირითადი მიზანი შეასრულა პედაგოგთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგთა აქტიური მონაწილეობა პროექტის მიმდინარეობის პროცესში.
კიდევ ერთი გარემოება პროექტის მიმდინარეობის პერიოდში –გადავლახეთ უნდობლობის ბარიერი ზოგიერთ საჯარო სკოლის დირექტორთან პარტნიორობის მიმართულებით და ჩავატარეთ სკოლის დირექტორთა სამი სემინარი სოციალური დიალოგის მექანიზმების განვითარების მიზნით.
მადლიერებით უნდა აღინიშნოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ჩართულობა მრგვალი მაგიდების მუშაობაში და ტელეგადაცემების მომზადებაში.
ევროკავშირის უნივერსალური ღირებულებების – ადამიანის უფლებების, ფუნდამენტალური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრება რეალურად ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, რომელშიც დიდი დატვირთვა აქვს სახელმწიფოს პროფკავშირთან თანამშრომლობას“ - განაცხადა სპმთპ-ს პრეზიდენტმა.
სპმთპ-ს აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა, მარი ალუღიშვილმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტში მნიშვნელოვანი იყო გზამკვლევის შემუშავება, რომელიც საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთათვის საჭირო ინფორმაციას შეიცავს. ასევე დაიბეჭდა საინფორმაციო მასალები აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე, გაიმართა ევროკავშირის დღეები ზუგდიდსა და ქუთაისში. მნიშვნელოვანი იყო მედია აქტივობები, 10 რადიო და 2 ტელე გადაცემა „მაესტროს“ ეთერში, რისი საშუალებითაც მსმენელს მიეწოდა საგანმანათლებლო სფეროს აქტუალური საკთხების შესახებ კონკრეტული ფაქტები და დეტალები. დიდი რეზონანსი მოჰყვა საარქივო მასალების გამოფენას, სადისკუსიო მრგვალი მაგიდების მოწყობას, ტრენინგებს და საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა ეთერ მათურელმა მადლობა გადაუხადა სპმთპ-ს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის და აღნიშნა, რომ ნებისმიერ პროექტს მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ის აღწევს მიზანს, კულტურის ამაღლება და უფლებების ცოდნა ცოცხალი პროცესია.
პროექტის აქტივობების შესახებ მადლიერება და თავიანთი მასაზრება დააფიქსირეს გარდაბნის, ახალქალაქის, მცხეთის, ისნის, სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა ბევრი სკოლა და პედაგოგი დაინტერესა პროფკავშირით და მასწავლებლებმა საკუთარი უფლებების დაცვა დაიწყეს.