მიმდინარე წლის 28 იანვარს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის“ ინიციატივით, საბავშვო ბაგა–ბაღებში დასაქმებულ პირთა შრომითი და სოციალური უფლებების შესახებ სხდომა გაიმართა.
შეხვედრა ჩატარდა ,,ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიასა“ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად მერიის ,,თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლები და სპმთპ–ის წევრი, 6 რაიონიდან 30–მდე ბაგა-ბაღის დირექტორები, აღმზრდელები და მეთოდისტები ესწრებოდნენ.
სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ და აღნიშნა, რომ დედაქალაქში გაიხსნა ახალი საბავშვო ბაგა–ბაღები და შეიქმნა სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დამატებითი ჯგუფები. გულიკო ზუმბაძემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით კომისიას ჩატარებული აქვს გარკვეული მუშაობა და გეგმავს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ კანონპროექტის საყოველთაო განხილვების მოწყობას. ქალბატონი გულიკო ზუმბაძის განმარტებით, დასაქმებულთა შრომითი, სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მომავალი საქმიანობის უკეთ დაგეგმვისათვის კომისია დაინტერესდა, როგორია პროფკავშირის ხედვა, რათა პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივად დაისახოს პრიორიტეტები. სხდომა დიალოგის ფორმატში წარიმართა.
სპმთპ–ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა ქალბატონ გულიკო ზუმბაძეს თანამშრომლობისა და საბავშვო ბაგა–ბაღების პრობლემების გადაჭრის მიზნით გაწეული საქმიანობისათვის. მაია კობახიძემ მადლიერებით აღნიშნა ხელისუფლების ინიციატივა ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ კანონპროექტის მომზადების თაობაზე. მან ყურადღება გაამახვილა კანონპროექტის მე–15 მუხლის ბ) ქვეპუნქტსა და 21–ე მუხლზე, რომელიც ეხება სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციას და ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობას.
,,აღნიშნული მუხლები ამოქმედდება 2020 წლიდან, რასაც გაგებით ვეკიდებით, ვინაიდან დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობასთან. უნდა აშენდეს ახალი საბავშვო ბაგა––ბაღები, განხორციელდეს არსებული დაწესებულებების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება და მატერიალურ ტექნიკური ბაზით აღჭურვა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს 4–წლიანი გეგმა, სადაც განისაზღვრება შესრულების კონკრეტული ვადები. თუმცა, არის საკითხები რომლის გადაწყვეტა დღესვე შეიძლება და გარდაუვალია:
1. აღმზრდელთათვის უკანონოდ ჩამორთმეული პედაგოგის სტატუსის აღდგენა;
2. უნდა შემუშავდეს, ყველა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო ბაღების დასაქმებულთა, ერთიანი სახელფასო სისტემა, დაწესდეს შრომის ანაზღაურების ქვედა ზღვარი და შემუშავდეს ხელფასების ეტაპობრივი ზრდის სქემა;
3. ვინაიდან ჯგუფებში ბავშვთა ოპტიმიზაცია დამოკიდებულია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჩვენი მოთხოვნაა, 2020 წლამდე პრობლემის გადაჭრის მიზნით, სკოლამდელ დაწესებულებებში დაემატოს პერსონალი. მაგალითად, ჯგუფში, სადაც 35–ზე მეტი ბავშვია მუშაობდეს ორი აღმზრდელი და ორი თანაშემწე;
4. ყველა მუნიციპალიტეტს თავის სურვილის მიხედვით აქვს შედგენილი შრომითი ხელშეკრულება, შრომის შინაგანაწესი, დისციპლინური წარმოების წესი და სხვა. მიგვაჩნია, რომ უნდა შემუშავდეს პროფესიული და შრომითი ურთიერთობების დამარეგულირებელი ერთიანი სტანდარტები;
5. კანონპროექტში არ ჩანს პროფკავშირის როლი და მნიშვნელობა. უნდა დაემატოს ნორმა, რომლის თანახმად, პროფესიულ კავშირთან თანამშრომლობით შემუშავდება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების და შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები, ასევე დასაქმებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები“–განაცხადა მაია კობახიძემ.
სპმთპ–ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია კანონი დროულად იქნას მიღებული და პროცესი დროში არ გაიწელოს.
სპმთპ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ განმარტა კანონპროექტის 21–ე მუხლის მე–2 პუნქტი, რომლის თანახმად საბავშვო ბაგა–ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო დღის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 9 საათით, სამჯერადი კვებით. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს სამუშაო დღის ხანგრძლივობას და არა დასაქმებულის დატვირთვას, რაც კანონის ამოქმედების შემდეგ უნდა მოწესრიგდეს კანონქვემდებარე აქტით და აღნიშნული ნორმა თავისთავად ითვალისწინებს საბავშვო ბაგა–ბაღებში ცვლების საჭიროებას.
საბავშვო ბაგა ბაღების აღმზრდელებმა სააღმზრდელო– საგანმანანთლბლო საქმიანობაში ხელისშემშლელ ძირითად პრობლემად დაასახელეს ჯგუფებში ბავშვთა გადაჭარბებული რაოდენობა და ბავშვთა უსაფრთხოების მიზნით მოითხოვეს დამატებით პერსონალის შემოყვანა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ნინო ბურძენიძემ და დავით კერესელიძემ საბავშვო ბაღებში მიმდინარე სააღმზრდელო პროცესის თავისებურებებზე, განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე, იმ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა განხორციელება მომავალში იგეგმება.
სხდომის დასასრულს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, რომ კომისია შეხვედრაზე გამოთქმულ მოსაზრებებს შეაჯამებს, იმსჯელებს და მათი გათვალისწინებით შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.