საერთაშორისო ორგანიზაცია - ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტი, ETUCE, განცხადებას აქვეყნებს:

საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს შორის 1998 წელს გაფორმებულ დარგობრივ ხელშეკრულებაში გადახედვა და შესწორებების შეტანის აუცილებლობა დადგა. 2006 წელს სპმთპ–მა მიმართა განათლების სამინისტროს, დარგობრივი ხელშეკრულების ახალი ვარიანტის შემუშავებისათვის. საქართველოს განათლების სამინისტრომ უგულებელყო მიმართვა და უარი განაცხადა მოლაპარაკების წარმოებაზე.
იმავე წელს, სპმთპ-მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უკანონო ქმედება გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოში, სასამართლომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაავალა ,,კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება დარგობრივი შეთანხმების დადების მიზნით“. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოლაპარაკებების სანაცვლოდ ღიად განახორციელა რეპრესიები სპმთპ-ზე, რაც მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში.
სპმთპ-მა მხოლოდ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შეძლო დაეწყო ორგანიზაციის აღდგენა და თანამშრომლობა სამინისტროსთან, ხოლო ოფიციალურად მოლაპარაკებები ახალ დარგობრივ ხელშკრუებაზე 2016 წლის თებერვლიდან დაიწყო.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პირველი სამუშაო შეხვედრა 2016 წლის 17 აგვისტოს შედგა, სადაც სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა დარგობრივი შეთანხმების პროექტის პრეზენტაცია წარადგინა. წარმოდგენილი დარგობრივი ხელშეკრულების პროექტი ეფუძვნება საქართველოში მოქმედ სამართლებრივ საფუძვლებსა და საერთაშორისო მარეგულირებელ ისეთ დოკუმენტებს, როგორიცაა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) N87, N98 კონვენციები, ევროპის სოციალური ქარტია, ILO-ს და UNESCO-ს 1966 წლის რეკომენდაცია „მასწავლებლის სტატუსის შესახებ“ და UNESCO-ს 1997 წლის რეკომენდაცია „უმაღლესი განათლების მუშაკთა სტატუსის შესახებ“.
დარგობრივი შეთანხმების პროექტის ძირითადი პრინციპებია: კანონმდებლობის დაცვა; მხარეთა თანასწორუფლებიანობა; ვალდებულების აღების ნებაყოფლობითობა; ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი/პასუხისმგებლობა; ურთიერთმოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული ინტერესებისა და უფლებების დაცვა; ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობა.
დარგობრივი შეთანხმება სრულყოფაში მოიყვანს სამინისტროსა და პროფკავშირს შორის თანამშრომლობას და სოციალურ დიალოგს, კერძოდ მოლაპარაკებები უნდა ემყარებოდეს ურთიერთპატივისცემას, ორმხრივ კეთილსინდისიერებას, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს მხარეებს შორის კონფრონტაციასა და დაპირისპირებას; მხარეები, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხელს უწყობენ სოციალური დიალოგის წარმართვას ყველა დონეზე; სამინისტრო უზრუნველყოფს პროფკავშირის ჩართულობას საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომით, სოციალურ–ეკონომიკურ, სამართლებრივ და პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებისა და განხილვის პროცესში. 
მხარეები შეთანხმდნენ შეთანხმების საბოლოო ვერსიაზე, რაც მზად არის ხელმოსაწერად (სავარაუდოდ 2016 წლის სექტემბერი). 
სპმთპ მიესალმება სამინისტროს მზაობას გააფართოოს პარტნიორობა პროფკავშირთან და მიიჩნევს, რომ ურთიერთთანამშრომლობის დამარეგულირებელი – ახალი დარგობრივი შეთანხმების გაფორმება, ნათლად ადასტურებს დემოკრატიული პროცესების განვითარებას საქართფელოში.

https://www.csee-etuce.org/en/news/archive/1626-georgia-new-sectorial-agreement-between-educators-and-scientists-free-trade-union-of-georgia-and-ministry-of-education-and-science#.V_PS93k8xBI.facebook