8 დეკემბერს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული სარჩელი, რის შედეგადაც, ქ. თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლას დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მასწავლებლის სასარგებლოდ, 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდზე, თვეში 328 ლარისა და 30 თეთრის ოდენობით (ჯამში 7550 ლარი). მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლალი დოლიძეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიც, 100 ლარის ოდენობით.
გაცნობებთ, რომ ლალი დოლიძე სამსახურიდან გათავისუფლდა 2011 წლის 2 სექტემბერს, სკოლის იმჟამინდელი დირექტორის, ზაზა გრიგალაშვილის ბრძანებით.
ბრძანებაში მითითებული იყო, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს წარმოადგენდა მხარეთა შეთანხმება, რაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ლალი დოლიძეს არასოდეს გამოუთქვამს სურვილი/თანხმობა, დაეტოვებინა სამსახური.
სასამართლო პროცესზე, სკოლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მხარეთა შეთანხმებას მართლაც არ ჰქონია ადგილი და მიუთითა, რომ ლალი დოლიძის გათავისუფლების რეალურ საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ იყო სერტიფიცირებული და საათების განაწილების დროს უპირატესობა მიენიჭათ სერტიფიცირებულ პედაგოგებს, რის შედეგადაც ლალი დოლიძე დარჩა საგაკვეთილო საათების გარეშე.
მოსამართლე ქეთევან კუჭავამ მოუსმინა ორივე მხარის არგუმენტებს და დარწმუნდა, რომ დირექტორის ბრძანება, პედაგოგთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, იყო უკანონო.
სპმთპ მადლობას უხდის ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ ქეთევან კუჭავას, სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის.
ლალი დოლიძის უფლებებს იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაკურაძე. სულ გაიმართა ორი სხდომა - 1 ნოემბერს და 8 დეკემბერს.
სპმთპ წარმატებით აგრძელებს ორგანიზაციის წევრების უფლებების დაცვას სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის სასამართლოებში!