2017 წლის 20 -21 ივნისს, სპმთპ-ის წყნეთის სასწავლო ბაზაზე აშშ-ის ,,შრომის საერთაშორისო სოლიდარობის ცენტრთან” თანამშრომლობით სპმთპ-ის გენდერული თანასწორობის კომიტეტის წევრებისთვის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა სემინარები თემებზე ,,გენდერული თანასწორობის საკითხები შრომით ურთიერთობებში” და ,,სპმთპ-ის როლი საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და პროფესიული უფლებების დაცვაში”.
სპმთპ-ის გენდერული თანასწორობის კომიტეტის შექმნის მიზანია მასწავლებლის როლის გაძლიერება, განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე რეკომენდაციებისა და ინიციატივების ლობირება.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ გენდერული თანასწორობის კომიტეტის წევრებისთვის დაგეგმილი ორ-დღიანი დატვირთული სემინარები გახსნა. მან მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს, სპმთპ-ის საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მზაობისთვის, მათ საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო პროცესი უსურვა.

სემინარზე მონაწილეები ორ ჯგუფად დაიყვნენ. ჯგუფები პარალელურ სესიებზე ეცნობოდნენ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ მოდულებსა და სპმთპ-ის საქმიანობებს განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით. მონაწილეები ჯგუფურ სამუშაოებში წარადგენდნენ საკუთარ ხედვებსა და მსჯელობდნენ რაიონულ დონეზე პროფკავშირული საქმიანობის გაძლირების მიმართულებით ინიციატივებზე სხვადასხვა მიმართულებებით.

სემინარს ,,გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში” ,,სოლიდარობის ცენტრის” ექსპერტი პაატა ბელთაძე უძღვებოდა. მან მსმენელებს მრავალფეროვანი მოდულები წარუდგინა. მათ შორის, გენდერული თანასწორობის ზოგადი ასპექტები, შიდა კანონმდებლობის მოთხოვნები და საერთაშორისო აქტების მიმოხილვა, გენდერული თანასწორობის კუთხით შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები, ქალთა ეკონომიკური მონაწილეობა და თანაბარი ანაზღაურების პრობლემები, ქალთა დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება.

 

სემინარის მიმდინარეობის დროს ჯგუფების წარმომადგენლებსა და ტრენერს შორის აქტიური დისკუსიები გაიმართა. სემინარის მონაწილეებს ღია და თავისუფალ რეჟიმში შესაძლებლობა ეძლეოდათ სემინარის ორგანიზატორებისა და ტრენერებისგან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე კვალიფიციური უკუკავშირები. ისინი მსჯელობდნენ გენდერის საკითხებთან მიმართებაში ცხოვრებისეულ მაგალითებზე და ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებებს.
ემინარის მონაწილეები განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდნენ გენდერული თანასწორობის ექსპერტისა და სპმთპ-ის წარმომადგენლების მიმართ. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ სასემინარო პროგრამის შინაარსმა მათ მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან წარდგენილი თემები კომიტეტის წევრების მომავალ საქმიანობას მკვეთრად შეუწყობს ხელს.

გენდერული თანასწორობის კომიტეტის წევრები პარალელურ რეჟიმში მსჯელობდნენ საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებში სპმთპ-ის როლსა და მნიშვნელობაზე, საგანამანათლებლო დარგის დასაქმებულთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ, პროფესიულ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სემინარის მონაწილეებს დეტალურად ესაუბრა 2014 წლის ბოლოდან სპმთპ-ის მიერ დაწყებულ პედაგოგთა ხელფასების ზრდის კამპანიის არსზე, რის შედეგადაც 2015-2016 სასწავლო წელს საბაზო ხელფასი ორჯერ გაიზარდა, ყურადღება გაამახვილა იმ მიდგომაზე, რომ კვლავ გრძელდება აღნიშნული კამპანიის ლობირება, კერძოდ კამპანია გულისხომბს ,, პედაგოთა საბაზო ხელფასი ეტაპობრივად გაიზარდოს ისე, რომ გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს”.

მაია კობახიძემ მონაწილეებს გააცნო უახლესი ცვლილებები, რაც განხორციელდა ,,დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების წესისა და გაცემის შესახებ” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 87/ნ ბრძანებაში. სპმთპ-ის მოთხოვნის საფუძველზე, ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით განხირციელებული ცვლილებებით, 2017 წლის 16 ივნისიდან, საჯარო სკოლის პედაგოგები ავადმყოფობის ფურცლის ანაზღაურებას მიიღებენ სრული ხელფასიდან, დანამატების ჩათვლით. სპმთპ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების სამინსტროსა და სპმთპ-ის შორის გაფორმებული დარგობრივი შეთანხმების მნიშვნელობაზე, მის ეფექტურ მექანიზმებზე და შეთანხმებით განსაზღვრული სოციალური პარტნიორების ვალდებულებებზე, რაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესების მიზნით, კონსტრუქციული სოციალური დიალოგის წარმართვას.

პროფკავშირულ სემინარებზე სპმთპ-ს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი მონაწილეებს ესაუბრა გაერთიანების თავისუფლების მნიშვნელობაზე, წარადგინა სპმთპ-ის საქმიანობის პრეზენტაცია, ისაუბრა სპმთპ-ის, როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, როლზე, წევრთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფინანსო დარგში, ნათია კორძაძემ სემინარის ჯგუფებს დეტალურად წარუდგინა დასაქმებულთა სოციალურ -ეკონომიკური უფლებების დამცველი მარეგულირებელი ნორმები, სპმთპ-ის მხრიდან განხორციელებული საქმიანობები და შედეგები, რაც პირდაპირ კავშირშია დასაქმებულთა სოციალური საკითხების მოგვარებასა და მათი ინტერესების ლობირებასთან. მან სემინარის მონაწილეებს გააცნო ანაზღაურების რეგულირების წესები, ავადმყოფობის პერიოდში ანაზღაურების წესები, სკოლამდელი აღზრდისა და ადრეული განათლების შესახებ კანონის შემუშავების პროცესში სპმთპ-ის მიერ გაწეული საქმიანობა.

შრომითი და სამართლებრივი ურთიერთობების ასპექტები განიხილა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბაკურაძემ. პედაგოგებმა არაერთ მათთვის საინტერესო საკითხზე მიიღეს სამართლებრივი რჩევები და რეკომენდაციები. მომხსენებელი დაწვრილებით შეეხო საჯარო სკოლების დისციპლინარული კომიტეტის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ასევე შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებს, დამსაქმებლისა და დასაქმებულის შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებსა და სხვადასხვა სამართლებრივ ნიუანსებს.