17 თებერვალს, სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე და სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, ნათია კორძაძე ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულებს შეხვდნენ.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულებისთვის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონთან დაკავშირებული პროცესების დეტალურად გაცნობა.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის პრობლემები, რაც გამოიკვეთა საქართველოს რამდენიმე რაიონში, როდესაც დაიწყეს აღნიშნული კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები. კერძოდ, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების თანამშრომლებს გაეგზავნათ ოფიციალური წერილები, მოსალოდნელი რეორგანიზაციის, ან მოსალოდნელი ლიკვიდაციის წარმოების დაწყებისა და აქედან გამომდინარე - „შრომითი ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ“ და ამასთან, დასაქმებულებისგან მოითხოვდნენ ხელის მოწერით დაედასტურებინათ თავიანთი თანხმობა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა ამ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო აქტიოური მუშაობა და თანმიმდევრული, თავდაუზოგავი და კომპეტენტური ბრძოლით მიაღწია სასურველ შედეგს. კერძოდ, შეჩერდა საქართველოს მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაგა-ბაღების ცალკე არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებად (ააიპ) დარეგისტრირების პროცესი და შენარჩუნდა ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებები. იქ, სადაც მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება, თავისთავად, ბაგა-ბაღების ორი გაერთიანების სანაცვლოდ დაფუძნდა ერთი გაერთიანება და პროფკავშირის აქტიური ჩართულობით უკლებლივ ყველა თანამშრომელს ავტომატურად შეუნარჩუნდა სამუშაო ადგილი. ასევე, სპმთპ-ის ძალისხმევით კანონში ჩაიწერა, რომ ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებულია საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში ჩართოს პროფკავშირის წარმომადგენელი.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია კორძაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულების სამუშაო გრაფიკზე, მათ შრომის ანაზრაურებაზე, ახალ პროფესიულ სტანდარტზე და იმ მოთხოვნებზე, რასაც ეს სტანდარტი უყენებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულებს ან მომავალში დასაქმების მსურველებს.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უწყვეტი განათლების ციკლის პირველი და მნიშვნელოვანი რგოლი სწორედ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებია და ამ დაწესებულებებში დასაქმებულებმა უნდა გააძლიერონ საგანმანათლებლო პროგრამები, რისთვისაც საჭიროა მათი გადამზადება და რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს კიდეც, თუმცა იმ მოთხოვნების მიხედვით, რასაც პროფესიული სტანდარტი უყენებს დასაქმებულებს, წარმოუდგენელია საქართველოს რომელიმე მუნიციპალიტეტში შესაბამისი კადრების მოძიება. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი როლი დაეკისრება პროფკავშირს, რომელმაც უნდა დაიცვას თავისი წევრების შრომითი და სოციალური უფლებები შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების დროს.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა 2017 წელს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, სპმთპ-ის ინიციატივით შეტანილ ცვლილებებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, მოისმინეს სპმთპ-ის სამომავლო გეგმები დარგში არსებულ გამოწვევებზე. მათ მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს, ვიცე-პრეზიდენტს, ნათია კორძაძეს და სპმთპ-ის ქარელის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, თამილა შავდათუაშვილს ამ შეხვედრისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების შრომითი, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობისთვის.