საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებთან საქართველოს მასშტაბით.
სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსმა, მაია ესებუამ და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორმა, ანასტასია ამისულაშვილმა, მორიგი შეხვედრები 19 თებერვალს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის, სოფელ კოდისა და სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების დასაქმებულებთან გამართეს.
შეხვედრები სპმთპ-ის თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გულნარა გოგოლაძის ორგანიზებით გაიმართა.
მაია ესებუა მონაწილეებს ესაუბრა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონზე, განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, ამ პროცესებში სპმთპ-ის ჩართულობაზე, 2017 წელს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში სპმთპ-ის ინიციატივით შეტანილ ცვლილებებზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე, ხელფასების ზრდაზე და სპმთპ-ის წინადადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარუდგინოს 3-4 წლიანი პროგრამა, საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდის თაობაზე, იმ გათვლებით, რომ მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაუთანაბრდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. პარალელურად ამისა, გაიზარდოს სტატუსის შესაბამისი დანამატები.
მაია ესებუამ, ასევე, ისაუბრა ბოლო სიახლეებზე, კერძოდ, სკოლებში ორი უცხო ენის სწავლების შესახებ, რომელიც ისევ სავალდებულო იქნება მოსწავლეებისთვის.
შეხვედრების მონაწილეებმა თავის მხრივ ყურადღება გაამახვილეს თავიანთ პრობლემებზე, ინტერესებზე, მოლოდინებზე. დასვეს შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, რაზეც ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები მიიღეს. მათ, ასევე, მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის წარმომადგენლებს და მათი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გულნარა გოგოლაძეს ასეთი საინტერესო და საჭირო შეხვედრებისთვის.
საუბრებიდან და შეკითხვებიდან გამოიკვეთა დიდი სურვილი და მზაობა - მონაწილეობა მიიღონ და ჩართულები იყვნენ ყველა იმ აქტივობაში, რასაც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული სპმთპ-ის წევრების პროფესიული და კარიერული ზრდისთვის ახორციელებს. ყველა მონაწილე დაეთანხმა სპმთპ-ის წარმომადგენლების მოწოდებას, რომ საჭიროა გაერთიანდნენ და ერთად იბრძოლონ ხარისხიანი განათლებისთვის, უკეთესი სამუშაო პირობებისთვის, უკეთესი ანაზღაურებისთვის, სტატუსისა და პრესტიჟის ამაღლებისთვის.
შეხვედრებს სპმთპ-ის აქტიურ და ერთგულ წევრებთან ერთად, არაწევრი დასაქმებულებიც ესწრებოდნენ. ბევრი მათგანი შეხვედრების დასრულებისთანავე გახდა სპმთპ-ის წევრი.