საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია განათლების სფეროში დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა. შესაბამისად, სპმთპ-ის „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ უწყვეტ რეჟიმში ატარებს სხვადასხვა თემატიკის საგანამანათლებლო ტრენინგებს.

მიმდინარე წლის 24-25 თებერვალს, სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით, 158-ე საბავშვო ბაგა-ბაღში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე - „ზოგადი უნარების განვითარება“. ტრენინგში, რომელსაც „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ტრენერი მარინა მკალავიშვილი უძღვებოდა, ვაკე-საბურთალოს რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 50 მსმენელი მონაწილეობდა. ტრენინგის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორს, ქეთევან ვადაჭკორიას და ტრენერს, მარინა მკალავიშვილს მათთვის ასე მნიშვნელოვანი და საჭირო ტრენინგის ორგანიზებისთვის.

ყველასთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის #478 დადგენილება- „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა ფლობდეს 2024 წლის 1 სექტემბრამდე დასაქმებული და 2024 წლის 1 სექტემბრიდან დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასებისთვის. სტანდარტი შედგება 4 ნაწილისგან, რომლებშიც დეტალურადაა გაწერილი აღმზრდელ-პედაგოგის განათლება, პროფესიული მახასიათებლები, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემო და პროცესი და აღმზრდელ-პედაგოგის უწყეტი პროფესიული განათლება და თვითგანვითარება.

რამდენიმე პუნქტიანი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს არის ის, რომ ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულები.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი კვლავ გააგრძელებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული სპმთპ-ის წევრების მომზადებას რაც შესაძლებლობას მისცემს მათ დააკმაყოფილონ ახალი პროფესიული სტანდარტის მოთხოვნები და წარმატებით გაიარონ სერთიფიცირება.