21 აპრილს, სპმთპ-ის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე, 42 დელეგატმა მხარი დაუჭირა სპმთპ-ის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატს, ზოია ჯანაშიას და ახლი ვადით ერთხმად აირჩია.
კონფერენციას დელეგატებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე ესწრებოდა.
სპმთპ-ის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, მიღწეულ წარმატებებზე, განხორციელებულ მიზნებზე, პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე ზოია ჯანაშიამ თავის ანგარიშში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 2014 წელს #1 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის განვითარება და გაძლიერება, რაც წევრთა მოზიდვასა და დამაგრებას გულისხმობდა. „2014 წელს ჩვენს ორგანიზაციაში 157 წევრი იყო, დღევანდელი მონაცემებით კი 405 წევრი გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ წევრთა რაოდენობა გაიზარდა, დამშვიდების საფუძველი არ მაქვს, რადგან ჩემთვის კვლავ აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხად რჩება ახალი წევრების მოზიდვა და ძველი წევრების დამაგრება. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა გაწევრიანებას ხელს უშლის ის ფაქტორი, რომ ჯერ კიდევ დაბალია სამოქალაქო ცნობიერება, პიროვნული თავისუფლება და აქტიურობის ხარისხი“ - აღნიშნა ზოია ჯანაშიამ.
სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მუდმივად ზრუნავს იმისთვის, რომ ყველა რიგითმა წევრმა ადგილზე იგრძნოს პროფესიული გაერთიანების მხარდაჭერა, ორგანიზაციისა და მისი ლიდერების ბრძოლა თითოეული წევრის შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.
სამტრედიის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფკავშირული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა თემატიკის 37 ტრენინგ-სემინარი ჩატარდა. რაიონის წევრები მონაწილეობდნენ სპმთპ-ის წყნეთის სასწავლო ბაზაზე ჩატარებულ სემინარებში და ყველა იმ აქტივობასა და ღონისძიებაში, რომელსაც სპმთპ თავისი წევრების მონაწილეობით ახორციელებს.
„2014-2017 წლებში, 5774 ლარის სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარება გავუწიეთ ჩვენი ორგანიზაციის წევრებს. აღვნიშნეთ პედაგოგის დღე, დავაჯილდოვეთ უხუცესი პედაგოგები, სხვადასხვა პროექტში გამარჯვებულ პედაგოგებს გადავეცით ფულადი ჯილდო, დავაფინანსეთ შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები, დასვენების პროგრამები, ფულადი ჯილდო გადავეცით ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე 100%-იანი გრანტის მფლობელი მოსწავლეების მასწავლებლებს“ - აღნიშნა ზოია ჯანაშიამ და დასძინა რომ ორგანიზაცია კვლავ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას ყველა იმ მიმართულებით, რაც აქტუალური და პრობლემურია დღეს საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთათვის. მან მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტს ნათია კორძაძეს მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. ზოია ჯანაშიამ ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დიდი ჯიხაიშის #1 საჯარო სკოლის დირექტორს მანანა ხაზალიას და ამ სკოლის პედაგოგებს, რომლებმაც ნდობა გამოუცხადეს სპმთპ-ის სამტრედიის რაიონულ ორგანიზაციას, დატოვეს ე.წ. „ყვითელი პროფკავშირი“ და ერთ დღეში გაწევრიანდნენ სპმთპ-ის რიგებში. ზოია ჯანაშიამ მადლობა გადაუხადა სამტრედიის რაიონის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ხათუნა გაგუას და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და პროფკავშირების მიმართ მათი დემოკრატიული მიდგომებისთვის.
კონფერენციის დელეგატებსა და სტუმრებს სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, ნათია კორძაძე მიესალმა, მან სპმთპ-ის 4-წლიანი საქმიანობა შეაჯამა და ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
კონფერენციის დასასრულს სპმთპ-ის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზოია ჯანაშიამ ორგანიზაციის აქტიური წევრები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.