თავი I.ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზნები
1. საქართველოს კანონი "პროფესიული კავშირების შესახებ" ადგენს პროფესიული კავშირის (პროფკავშირების) შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს, უფლებებსა და საქმიანობის გარანტიებს.
2. ეს კანონი აწესრიგებს:
ა) საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია პროფესიული კავშირების შექმნის, უფლებებისა და საქმიანობის გარანტიების რეალიზებასთან;
ბ) პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან), სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
მუხლი 2. პროფესიული კავშირების, პროფესიული გაერთიანებების (ასოციაციების) შექმნის უფლება
1. პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია თავისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა.(14.12.2006 N3983)
2. საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება.
3. პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოებში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და სხვა სამუშაო ადგილებზე.
4. თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების, საგადასახადო, საბაჟო, სასამართლოსა და პროკურატურის ორგანოებში პროფესიული კავშირების შექმნის თავისებურებანი განისაზღვრება ამ ორგანოების შესახებ კანონმდებლობით.
5.15 წლის და მეტი ასაკის პირს (მუშაკს), ვინც ეწევა შრომით (პროფესიულ) საქმიანობას ან სწავლობს უმაღლეს, საშუალო-სპეციალურ, პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში, უფლება აქვს შექმნას და შევიდეს პროფესიულ კავშირში, მონაწილეობა მიიღოს პროფკავშირულ საქმიანობაში და თავისუფლად გამოვიდეს პროფესიული კავშირებიდან. დროებით უმუშევრებსა და პენსიონერებს შეუძლიათ დარჩნენ პროფკავშირის წევრებად.
6. პროფესიული კავშირი იქმნება დარგობრივი, საწარმოო, ტერიტორიული ან პროფესიული სპეციფიკის სხვა ნიშნის მიხედვით.
7. პროფესიულ კავშირებს უფლება აქვთ შექმნან:
ა) პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში და სხვა სამუშაო ადგილებზე;
ბ) ეროვნული, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული, რაიონული, საქალაქო, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირული ორგანიზაციები და გაერთიანებები (ასოციაციები).
8. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) დასაფუძნებლად საინიციატივო (საორგანიზაციო) ჯგუფი იწვევს დამფუძნებელ კრებას (კონფერენციას, ყრილობას), რომელიც იღებს წესდებას და ირჩევს ხელმძღვანელ პროფკავშირულ ორგანოებს.
9. პროფესიული კავშირის დაფუძნება შეიძლება სულ ცოტა 100 პირის ინიციატივით.
10. ყველა პროფესიული კავშირი სარგებლობს თანაბარი უფლებებით.
მუხლი 3. ძირითადი ცნებები
1. დარგობრივი პროფესიული კავშირი – პროფესიული კავშირი რომელიც ნებაყოფილობით აერთიანებს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ერთი ან რამდენიმე მონათესავე დარგის საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მომუშავე პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. პროფესიული სპეციფიკის პროფკავშირი-პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფილობით აერთიანებს ერთი ან სხვადასხვა დარგის საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მომუშავე ერთი და იგივე პროფესიის მქონე პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს ერთი ან რამდენიმე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, რაიონის, ქალაქის, რეგიონის ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
3. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, რაიონული, საქალაქო, რეგიონული, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიული კავშირი ან პროფკავშირული ორგანიზაცია – პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფილობით აერთიანებს ერთი პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს შესაბამისად ერთი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, რაიონის, ქალაქის, რეგიონის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
4. საწარმოს დაწესებულების, ორგანიზაციის, რაიონული, საქალაქო, რეგიონული, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) – პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია), რომლებიც ნებაყოფლობით აერთიანებს პროფესიულ კავშირებსა და /ან პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) და მოქმედებს შესაბამისად საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, რაიონის, ქალაქის, რეგიონის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე.
5. პროფესიული კავშირების ეროვნული გაერთიანება (ასოციაცია) – პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია), რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს პროფესიულ კავშირებს და /ან პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
6. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია - პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მომუშავე პროფკავშირის წევრებს, მოქმედებს შესაბამისი პროფესიული კავშირის წესდებით და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულებით.
7. პროფკავშირული ორგანო – ორგანო, რომელიც შექმნილია (არჩეულია) პროფესიული კავშირის წესდების, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წესდების ან პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულების შესაბამისად.
8. პროფკავშირის კომიტეტი (პროფკომიტეტი) - პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ არჩეული პროფკავშირული ორგანო.
9. პროფორგანიზატორი (პროფჯგუფორგი) - პროფკავშირის წევრი, რომელიც არჩეულია იმ პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ, სადაც აღრიცხვაზე იმყოფება პროფკავშირის 15 წევრზე ნაკლები და რომელიც მოქმედებს პროფკავშირის წევრთა კრების რწმუნებით.
10. დამსაქმებელი (სამუშაოს მიმცემი, დამქირავებელი) - ორგანიზაცია ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით (ადმინისტრაციით) ან ფიზიკური პირი, რომელთანაც მუშაკს (მომუშავეს) გაფორმებული აქვს ხელშეკრულება (კონტრაქტი) შრომითი ურთიერთობის შესახებ.
11. მუშაკი – ფიზიკური პირი, რომელიც მუშაობს საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე ან ეწევა ინდივიდუალურ მეწარმეობას.
12. პროფკავშირის წევრი – ფიზიკური პირი (მუშაკი, დროებით უმუშევარი, პენსიონერი, სტუდენტი), რომელიც იზიარებს (ეთანხმება) პროფკავშირის წესდებას, ასრულებს მას და ირიცხება პროფკავშირულ ორგანიზაციაში.
13. პროფკავშირული მუშაკი – პროფკავშირის წევრი, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში ან მუშაობს ამ ორგანოში შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე.
14. კოლექტიური ხელშეკრულება – ხელშეკრულება დამსაქმებელს, საწარმოს, ორგანიზაციას, დაწესებულებასა და პროფესიული კავშირის ორგანიზაციას შორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით, სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებს.
15. დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმება - შეთანხმება აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფესიული კავშირებისა და დამსაქმებელთა (მეწარმეთა) შესაბამის ორგანოებს შორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით და სოციალურ – ეკონომიკურ ურთიერთობებს.
16. გენერალური შეთანხმება – შეთანხმება საქართველოს მთავრობას, პროფესიული კავშირებისა და მეწარმეთა საერთო-ეროვნულ გაერთიანებებს შორის, რომელიც არეგულირებს მხარეთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს.
მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო; ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) საქართველოს ყველა მოქალაქეზე და პროფესიული კავშირის წევრზე, საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი შემთხვევებისა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სახის საწარმოზე, დაწესებულებაზე, ორგანიზაციაზე, პროფესიულ კავშირზე, პროფესიული კავშირების გაერთიანებაზე (ასოციაციაზე);
გ) საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ საქართველოს პროფესიული კავშირების ორგანიზაციებზე.
მუხლი 5. პროფესიული კავშირის დამოუკიდებლობა
1. პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) დამოუკიდებელნი არიან სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების), პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისაგან, არ არიან მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი და არ ექვემდებარებიან მათ კონტროლს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. პროფესიული კავშირი არ ქმნის და არმიეკუთვნება არც ერთ პოლიტიკურ პარტიას (გაერთიანებას).
მუხლი 6. პროფესიული კავშირის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით და საკუთარი წესდებით.
2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, დადგენილია ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით დადგენილი წესები.
მუხლი 7. პროფესიული კავშირის წესდება, მისი რეგისტრაცია, იურიდიული პირის სტატუსი
1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებს, წევრად მიღებისა და გასვლის წესს, წევრთა უფლება-მოვალეობებს, სტრუქტურას, უმაღლესი და ხელმძღვანელი ორგანოების კომპეტენციასა და უფლებამოსილების ვადებს, შემოსავლისა და ქონების შექმნის წყაროებსა და გამოყენების წესს, წესდებაში ცვლილებების შეტანის პირობებს, საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლებს, სახელწოდებას, ადგილსამყოფელსა და სამოქმედო ტერიტორიას, აგრეთვე მათთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს განსაზღვრავს მათი წესდებები კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პროფესიული კავშირისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წესდებები, წესდებებში ცვლილებები და დამატებები რეგისტრაციაში ტარდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან პროფესიული კავშირის რეგისტრირებული წესდების საფუძველზე მოქმედი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები.
4. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იურიდიული პირის სტატუსს მოიპოვებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი წესდებების რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 8. სხვა ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობა
საქართველოს პროფესიულ კავშირებს უფლება აქვთ ითანამშრომლონ სხვა ქვეყნების პროფესიულ კავშირებთან, იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციათა წევრები, დადონ მათთან ხელშეკრულებები და შეთანხმებები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 9. პროფესიული კავშირების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) რეორგანიზაცია ხდება პროფესიული კავშირის წევრების (კრების, კონფერენციის, ყრილობის) გადაწყვეტილებით, საკუთარი წესდების შესაბამისად.
2. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ლიკვიდაცია ხდება:
ა) პროფესიული კავშირის წევრების (კრების, კონფერენციის, ყრილობის) გადაწყვეტილებებით, საკუთარი წესდების შესაბამისად;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ კანონის ან საკუთარი წესდების დარღვევისას, ან კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობის გამო. მარეგისტრირებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.
3. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
თავი II. პროფესიული კავშირისძირითადი უფლებები
მუხლი 10. მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება
1. პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) იცავენ და წარმოადგენენ პროფკავშირის წევრთა შრომით დასოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს.
2. პროფესიულ კავშირებს, პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ შესაბამის ორგანოებში შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების წინასწარ განხილვაში, შეიმუშაონ ალტერნატიული წინადადებები.
3. პროფესიული კავშირი წარადგენს წინადადებებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმებისა და კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ.
4. პროფესიული კავშირი იცავს თავისი წევრების უფლებებს თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, აირჩიონ პროფესია, მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობით მაინც.
5. შრომის ნორმებს, შრომის ანაზღაურების სისტემებს, მატერიალური წახალისების ფორმებს, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოების ოდენობას კანონმდებლობის მიხედვით აწესებენ დამსაქმებელები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები), შესაბამისი პროფესიული კავშირების მონაწილეობით, რაც მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აისახება კოლექტიურ (სატარიფო) ხელშეკრულებებში (შეთანხმებებში).
6. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლიათ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე დამსაქმებელთა, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე მათ მიერ დაყენებული საკითხებისა და წინადადებების განხილვაში.
7. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ხელმძღვანელი ორგანოები მუშაკთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ ინტერესებთან და უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებულ პირობებში.
მუხლი 11. დასაქმებისადმი ხელშეწყობის უფლება
1. პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) მონაწილეობენ დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის, საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან გამოთავისუფლებულ მუშაკთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში.
2. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) წინასწარ – ორი თვით ადრე მაინც – აწვდიან ინფორმაციებს შესაბამის პროფესიულ კავშირებს საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებასან შრომის პირობების გაუარესებას, გამოთავისუფლებულ მუშაკთათვის კანონმდებლობით, კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.
3. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს შეიტანოს სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების განსახილველად წინადადებები მუშაკთა მასობრივ გამოთავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ვადების გადატანის ან დროებით შეჩერების თაობაზე.
4. პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ ზედამხედველობას უწევს დასაქმების მდგომარეობას.
5. დამსაქმებლის ინიციატივით მუშაკთან - პროფკავშირის წევრთან შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადაზე ადრე გაუქმება, შესაბამისი პროფკავშირის კომიტეტთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით, კოლექტიური ხელშეკრულებით, შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. დაუშვებელია დამსაქმებლის მიერ მუშაკის დისკრიმინაცია პროფკავშირის წევრად ყოფნის ან არყოფნის გამო.
7. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ძალის უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოში ორგანიზებული მოწვევის ან საქართველოდან ორგანიზებული გაყვანის საკითხების განხილვაში.
მუხლი 12. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადებისა და შესრულებისადმი კონტროლის უფლება
1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის), პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის არჩევითი ორგანოების უფლებამოსილი წარმომადგენლები შრომითი კოლექტივის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებას დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (ასოციაციის), აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, დებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და აკონტროლებენ მათ შესრულებას, ამ ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
2. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები), აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან აწარმოონ მოლაპარაკება პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებთან, პროფესიულ კავშირებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებებთან (ასოციაციებთან) შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები, პროფესიული კავშირების გაერთიანებები (ასოციაციები) გამოვლენ ასეთი ინიციატივით და ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები (შეთანხმებები).
მუხლი 13. კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება
1. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავის განხილვასა და გადაწყვეტაში შრომის კანონმდებლობისა და კოლექტიური ხელშეკრულების, შეთანხმების პირობების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2. პროფესიულ კავშირს მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიზნით უფლება აქვს, კანონმდებლობის შესაბამისად, მოამზადოს და ჩაატაროს გაფიცვა. მიტინგი, დემონსტრაცია და სხვა მასობრივი საპროტესტო აქცია.
3. პროფესიული კავშირის მიერ კანონმდებლობის დაცვით გაფიცვებსა და სხვა საპროტესტო აქციის ჩატარებისას აკრძალულია ნებისმიერი ფორმის საპასუხო ქმედება მათ ჩასახშობად.
მუხლი 14. ინფორმაციის მიღება და განხილვა
პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ მიიღონ და განიხილონ საწარმოთა ადმინისტრაციის, დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან თავისი საწესდებო საქმიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფორმაცია შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 15. პროფკავშირული მუშაკის სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლიათ შექმნან სასწავლო, კულტურულ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო – კვლევითი დაწესებულებები და ორგანიზაციები პროფკავშირული მუშაკების მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფკავშირის წევრთა სწავლებისათვის.
მუხლი 16. შრომის კანონმდებლობის დაცვისადმი პროფკავშირული კონტროლის უფლება
1. პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ კონტროლს უწევს პროფკავშირის წევრთა მიმართ შრომის კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებულ ღონისძიებათა, აგრეთვე დამსაქმებელთა სხვა ვალდებულებების შესრულებას, კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) განსაზღვრული წესის შესაბამისად.
2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს მოსთხოვოს დამსაქმებელს ამ კანონის დარღვევის შემთხვევების აღმოფხვრა.
3. შრომის კანონმდებლობის, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის, აგრეთვე სოციალური უზრუნველყოფის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი გარანტიების შესრულებისადმი საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ შექმნან შრომის დაცვის სამსახურები (შრომის ტექნიკური, სამართლებრივი დაცვის მუშაკებისა და რწმუნებული ექიმების შემადგენლობით), რომლებიც იმოქმედებენ შესაბამისი პრფესიული კავშირის ან პრფესიული კავშირების გაერთიანების მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.
4. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანებისა (ასოციაციისა) და მათი ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შეუძლიათ შევიდნენ საწარმოში, ორგანიზაციაში, დაწესებულებაში, სამუშაო ადგილებზე, სადაც პროფკავშირის წევრები მუშაობენ, შრომის კანონმდებლობის, პროფესიული კავშირების, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონების, კოლექტიური, დარგობრივი (სატარიფო), გენერალური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.
მუხლი 17. შრომისა და გარემოს დაცვაში მონაწილეობის უფლება
1. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის, პრფესიული დაავადებებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო პროგრამების, საკონონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში და დააწესოს საზოგადოებრივი კონტროლი მათი განხორციელებისადმი.
2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს მოითხოვოს შესაბამისი ორგანოებისაგან შრომის პირობების ისეთი დარღვევების აღმოფხვრა, რომლებიც საშიშროებას უქმნიან მუშაკის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
3. პროფესიული კავშირი, მისი შრომის დაცვის სამსახურის მუშაკები, მონაწილეობენ საწარმოო ტრამვებისა და უბედური შემთხვევების გამოკვლევაში.
4. პროფესიული კავშირი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს საწარმოო ობიექტების, მექანიზმების, ხელსაწყო-დანადგარებისა და ინსტრუმენტების უსაფრთხოების ექპერტიზაში მათი დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ მიღებისას.
მუხლი 18. სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლება
პროფესიულ კავშირს, შრომითი კოლექტივის რწმუნებით, უფლება აქვს ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები საწარმოებში, დაწესებულებებში და ორგანიზაციებში შექმნილ სახელმწიფო საკუთრების საპრივატიზაციო კომისიებში კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 19. საწარმოთა მმართველობის კოლეგიალურ ორგანეოებში მონაწილეობა
პროფესიულ კავშირს მუშაკთა, აქციონერთა, პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეუძლია ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები საწარმოს მმართველობის კოლეგიალურ ორგანოში (სამეთვალყურეო საბჭოში, საკონსულტაციო საბჭოში და სხვა) კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 20. მუშაკთა ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება შრომითი დავის განმხილველ ორგანოებში პროფესიულ კავშირს უფლება აქვს:
ა) პროფკავშირის წევრების შრომითი უფლებების დასაცავად, კანონმდებლობის შესაბამისად, წარადგინოს სარჩელი, შეიტანოს განცხადება და გამოვიდეს სასამართლოში ან შრომითი დავის განმხილვევლ სხვა ორგანოებში
ბ) გაუწიოს პროფკავშირის წევრებს სამართლებრივი დახმარება;
გ) შეიქმნას იურიდიული განყოფილებები და კონსულტაციები თავისი სტრუქტურების ფარგლებში.
მუხლი 21. პროფესიული კავშირის ურთიერთობა დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა წარმომადგენლობით ორგანოებთან
1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ურთიერთობა დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან რეგულირდება სოციალური პარტნიორობის საფუძველზე მათ შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ სხვა სოციალური პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ მშრომელთა სადაზღვევო შენატანების ხარჯზე შექმნილ სახელმწიფო ფონდების (კომპანიების) მართვაში კანონმდლებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვთ, ურთიერშეთანხმების საფუძველზე, განახორციელონ ერთობლივი ღონისძიებები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან), სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან თავისი საწესდებო ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონმდებლობის შესაბამისად.
4. საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში არსებული მშრომელთა სხვადასხვა წარმომადგენლობითი (არჩევითი) ორგანოები არ შეიძლება გამოყენებულ იქნენ პროფესიული კავშირების კანონიერი საქმიანობის შესაზღუდავად.
5. სახელმწიფო ხელს უწყობს პროფესიულ კავშირებს წესდებით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებაში.
თავი III. პროფესიული კავშირების უფლებათა გარანტიები
მუხლი 22. პროფესიული კავშირის ქონებრივი და საფინანსო უფლებების გარანტიები
1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) საკუთარი წესდების შესაბამისად ფლობენ, სარგებლობენ და განკარგავენ მათ მიერ შექმნილ ქონებას და ფულად სახსრებს. პროფესიული კავშირის ქონება და ფულადი სახსრები ხელშეუხებელია. არავის არა აქვს უფლება განკარგოს, ჩამოართვას ან გადასცეს მისი ქონება და ფულადი სახსრები შესაბამისი პროფესიული კავშირის წესდებით გათვალისწინებული კოლეგიალური (არჩევითი) ორგანოს თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
2. პროფესიული კავშირის ფინანსური სახსრები იქმნება საწევრო ანარიცხების, ნებაყოფილობითი შენატანების, შემოწირულობების, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, საგამომცემლო, აგრეთვე სამეწარმეო (სამეურენეო) საქმიანობის შედეგად მიღებული თანხებისა და სხვა კანონიერი შემოსავლისაგან. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უცხოეთის ქვეყნებიდან მიიღოს ფულადი სახსრები და სხვა ქონება თავის საწესდებო ამოცანების შესასრულებლად.
3. პროფესიულ კავშირს საკუთრებად შეიძლება ჰქონდეს: საწარმოები, წარმოების, ტრანსპორტისა და ინფორმაციის საშუალებები, შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი სახლები, აგარეკები, სამკურნალო, დასასვენებელი, კულტურის, განათლების, სპორტული, საბავშვო დაწესებულებები, მატერიალური და სულიერი კულტურის საგნები, ფული, ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე სხვა მოძრავი და უძრავი ქონება, რაც აუცილებელია მისი საწესდებო ამოცანების შესასრულებლად.
4. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეწეოდეს სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობას მის მიერ დაფუძნებული საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების საშუალებით.
5. სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენება მხოლოდ საწესდებო ამოცანების შესასრულებლად და არ შეიძლება განაწილდეს პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წევრ-ორგანიზაციებს შორის.
6. პროფესიული კავშირი დამოუკიდებლად განსაზღვრავს მის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების, ქონების და მატერიალური ფასეულობების გამოყენების წესსა და მიმართულებებს, მის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრებიდან ადგენს პროფკავშირულ მუშაკთა ხელფასებსა და შრომის ანაზღაურების პირობებს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. პროფესიულ კავშირს შეუძლია მოაწყოს საქველმოქმედო ღონისძიებები, დააზღვიოს თავისი წევრები, ეწეოდეს სხვა ჰუმანიტარულ საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად.
8. პროფესიული კავშირი სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობისაგან მიღებული შემოსავლებიდან იხდის გადასახადებს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
9. საწევრო ანარიცხებიდან, ნებაყოფილობითი შენატანებიდან და შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც ხმარდება პროფესიული კავშირების საწესდებო ამოცანების შესრულებას, არ იბეგრება.
10. პროფკავშირულ მუშაკებს ხელფასებზე სპეციალური ფონდების ანარიცხები დაერიცხებათ ისევე, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკებს.
11. პროფესიული კავშირის საფინანსო საქმიანობა, განხორციელებული მისი წესდების შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოების წინაშე ანგარიშგებას არ ექვემდებარება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონებისა და ფულადი სახსრების გამოყენების წესი განისაზღვრება მათი წესდებით კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 23. პროფესიული კავშირის ორგანოში არჩეული და ძირითად სამუშაოზე დასაქმებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები
1. მუშაკს, რომელიც არჩეულია პროფესიული კავშირის ორგანოში და გათავისუფლებული არ არის ძირითადი სამუშაოდან, შეიძლება მიეცეს წარმოებისაგან თავისუფალი დრო პრფკავშირული მოვალეობის შესასრულებლად და ხანმოკლე სწავლებისათვის (კვალიფიკაციის ამაღლებისათვის) კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2. მუშაკი, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში ან პროფკავშირული კონფერენციის, ყრილობის დელეგატად, თავისუფლდება საწარმოო საქმიანობისაგან ამ ორგანოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინარული წესით დასჯა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 24. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული გათავისუფლებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები
1. მუშაკს, რომელიც გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან პროფკავშირულ ორგანოში არჩევის გამო, არჩევით თანამდებობაზე უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ ენიჭება უპირატესი უფლება დაუბრუნდეს წინანდელ სამუშაოს (თანამდებობას) ან მიეცეს ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა).
2. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული მუშაკის დამსაქმებლის ინიციატივით დათხოვნა მისი არჩევითი უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ არ შეიძლება ერთი წლის განმავლობაში, გარდა კანონმდებოლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. პროფკავშირულ ორგანოში არჩეულ გათავისუფლებულ პროფკავშირულ მუშაკს ამ ორგანოში მუშაობის დრო ჩაეთვლება საერთო შრომით სტაჟში.
4. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, პროფკავშირის კომიტეტში არჩეული მუშაკი, რომელიც გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან, კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების თანახმად სარგებლობს ამ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის შესაბამის მუშაკთა დაწესებული სოციალური და შრომითი უფლებებით.
მუხლი 25. დამსაქმებლის ვალდებულებები პროფესიული კავშირის საქმიანობისათვის პირობების შესაქმნელად
1. დამსაქმებლის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია, არსებული მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, შექმნას პროფესიული კავშირის საქმიანობისათვის საჭირო პირობები, გადასცეს პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას სამსახურებრივი სარგებლობისათვის სათავსები, მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალებები საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე.
2. საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მოქმედი პროფესიული კავშირის საქმიანობისათვის სხვა დამატებითი მატერიალური პირობების შექმნა რეგულირდება კოლექტიური ხელშეკრულებით ან შეთანხმებით.
3. დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია, პროფკავშირის წევრ მუშაკთა პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ მუშაკთა ხელფასიდან ყოველთვიურად გადარიცხავს პროფკავშირულ საწევრო შენატანების პროფესიული კავშირის ანგარიშზე კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
თავი IV. პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვა და პასუხისმგებლობა
მუხლი 26. პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვას კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქმეს პროფესიული კავშირისათვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების დარღვევის შესახებ განიხილავს სასამართლო.
მუხლი 27. პასუხისმგებლობა პროფესიული კავშირის უფლებათა დარღვევისათვის
1. ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას), პროფკავშირის კომიტეტს, პროფკავშირის წევრს უფლება აქვთ, კანონმდებლობის შესაბამისად, დასვან საკითხი ან შეიტანონ სარჩელი (საჩივარი) სასამართლოში იმ თანამდებობის პირთა პასუხიმგებლობის შესახებ, რომლებიც არღვევენ ამ კანონს, პროფესიული კავშირების შესახებ სხვა სამართლებრივ და ნორმატიულ აქტებს, არ ასრულებენ გენერალური, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებით, კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
მუხლი 28. პროფესიული კავშირის პასუხისმგებლობა
ამ კანონით, პროფესიული კავშირების შესახებ სხვა სამართლებრივი და ნორმატიული აქტებით, გენერალური, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებით, კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის, სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობილი მასობრივი საპროტესტო აქციების მომზადებისა და ჩატარებისათვის პროფესიული კავშირის და მისი ორგანოების ხელმძღვანელ მუშაკებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 29. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 2 აპრილი
N 617 – IIს.
ცვლილებები და დამატებები დამტკიცებულია
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა
თავისუფალი პროფკავშირის 2014 წლის 25 ოქტომბრის
რიგით VII საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის #7/6 დადგენილებით
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის
წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (შემდგომში ტექსტში ყველგან სპმთპ) შექმნილია საქართველოს განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის, რომელიც რეგისტრირებულია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 ივლისის # 5519-120 დადგენილებით (წესდებაში ცვლილებები რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2005წ. 9 აგვისტოს # 303 დადგენილებით) და საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირის (`სოლიდარობა~), რომელიც რეგისტრირებულია ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის # 12/10-81 დადგენილებით (წესდებაში ცვლილებები რეგისტრირებულია 2003 წლის 1 ივლისს; 2004 წლის 31 მაისს სათაო ოფისი გადატანილ იქნა ქ. თბილისში, გამსახურდიას ქ. # 3-ში) შეერთების გზით, რეორგანიზაციის საფუძველზე და წარმოადგენს რეორგანიზებული პროფესიული კავშირების უფლებამონაცვლეს.
1.2 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (შემდგომში _ სპმთპ) თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის “შრომის კოდექსის”, საქართველოს კანონის `პროფესიული კავშირების შესახებ, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
1.3. სპმთპ არის საქართველოში არსებული სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სამეცნიერო (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკურ უფლებათა და თავისუფლებათა დამცველი დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი, საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც იცავს თავის წევრთა ინტერესებს და ხელს უწყობს განათლების დემოკრატიზაციას.
1.4. სპმთპ თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დამსაქმებელთა, პოლიტიკური პარ-ტიების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა თუ რელიგიური მოძრაობებისაგან, არ არის მათ წინაშე ანგარიშვალდებული და არ ექვემდებარება მათ კონტროლს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. წევრთა ინტერესებიდან გამომდინარე, სპმთპ მათთან ურთიერთობას ახორციელებს თანასწორუფლებიანობის, სოციალური პარტნიორობის, ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთსანაცვლო უფლებებისა და ვალდებულებების საფუძველზე. სპმთპ დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავის ორგანიზაციულ-სამართლებრივ სტრუქტურას, ირჩევს მართვის ორგანოებს და წევრთა სოციალურ-ეკონომიკური, შრომითი და სამართლებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, დამოუკიდებლად შეიმუშავებს სამოქმედო პროგრამას საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
1.5. სპმთპ არ ქმნის და არ მიეკუთვნება არც ერთ პოლიტიკურ პარტიასა და რელიგიურ გაერთიანებას.
1.6. სპმთპ-ის სათაო ოფისის ადგილსამყოფელია (იურიდიული მისამართია): 0160, თბილისი, ზ. ჟვანიას მოედანი, ს. არშბას ქ. #5
1.7. სპმთპ წინამდებარე წესდების სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან წარმოადგენს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. აქვს ბეჭედი, ტიტულიანი ფურცელი, ემბლემა და ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ფლობს ქონებას, გააჩნია ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, უფლებამოსილია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში და არბიტრაჟში.
1.8. სპმთპ, თავისი საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
1.9. სპმთპ შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
1.10. სპმთპ-ს ოფიციალური ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბ-ლიკის ტერიტორიაზე – ქართული და აფხაზური.
1.11 სპმთპ-ის სახელწოდებაა: `არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი _ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (ასოციაცია)~
მუხლი 2. მიზნები და ამოცანები
2.1. სპმთპ-ის ძირითადი მიზანია:
2.1.1 სპმთპ-ის წევრთა სოციალური სტატუსის აღიარების ხელშეწყობა;
2.1.2 სპმთპ-ის წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა;
2.1.3 ზრუნვა ხარისხიანი და ეფექტიანი განათლებისათვის საჭირო პირობებისა და გარემოს შესაქმნელად;
2.2 სპმთპ :
2.2.1 იცავს თავის წევრთა შრომის უფლებას და ღირსებას სამუშაო ადგილზე;
2.2.2 იცავს თავის წევრთა შრომის პროფესიული დატვირთვისა და სამართლიან ანაზღაურებას და ხელს უწყობს ხელფასებისა და პენსიების პერიოდულ ინდექსაციას;
2.2.3 იცავს თავის წევრთა ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხო პირობების, სოციალური უზრუნველყოფის, სრულფასოვანი დასვენების, ჯანმრთელობის აღდგენისა და შვებულებით სარგებლობის უფლებას;
2.2.4 მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს უწყობს საზოგადოებაში განათლების პრიორიტეტულობის დამკვიდრებას;
2.2.5 ხელს უწყობს თავისი წევრების შემდგომი განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
2.3 სპმთპ-ის ამოცანებია:
2.3.1 საკუთარი პროგრამების, სტრატეგიების, პოზიციისა და მოთხოვნების დაცვით საწესდებო მიზნების განხორციელება და შრომასთან დაკავშირებული სხვა სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული პრობლემების წინა პლანზე წამოწევა;
2.3.2 მოლაპარაკებების წარმოება, კოლექტიური და შრომითი ხელშეკრულებების, აგრეთვე სხვა სახის შეთანხმებების დადების გზით;
2.3.3 პროფწევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და პროფესიული ინტერესების დაცვა.
2.3.4 შესაბამისი წინადადებების შეტანა იმ ნორმატიული აქტების, გადაწყვეტილებებისა თუ ქმედების შეცვლის თაობაზე, რომლებიც პროფწევრთა კანონიერ უფლებებს არღვევს;
2.3.5 შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვაში მონაწილეობის მიღება ალტერნატიული წინადადებების შემუშავება;
2.3.6 წევრთა ინტერესებისა და უფლებების ლობირება შესაბამის ორგანოებში;
2.3.7 მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება (საჯარო შეკრებები, მიტინგები, დემონსტრაციები, საპროტესტო აქციები, მანიფესტაციები და გაფიცვები);
2.3.8 საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენება საქართველოს მიერ რატიფიცირებული კონვენციების დარღვევის შემთხვევაში;
2.3.9 საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ინიციატივებითა და წინადადებებით მიმართვა, საწესდებო მიზნების მისაღწევად;
2.3.10 გაზეთის, მეთოდური, საკონსულტაციო, იურიდიული, საინფორმაციო ბიულეტენებისა და სხვა ბეჭდური ლიტერატურის გამოცემა;
2.3.11 სხვა პროფკავშირულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
2.3.12 სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა;
2.3.13 მონაწილეობის მიღება შრომის ნორმების, შრომის ანაზღაურების სისტემის, მატერიალური წახალისების ფორმების, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოების ოდენობის განსაზღვრისას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კოლექტიური მოლაპარაკების გზით;
2.3.14 საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება შრომის კანონმდებლობის შესრულებაზე;
2.3.15 სპმთპ-ის წევრებისა და მათი ოჯახებისთვის გამაჯანსაღებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
2.3.16 თავის წევრთა და პროფკავშირულ მუშაკთა მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლებისთვის სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნა;
2.3.17 სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების პრივატიზების პროცესში მონაწილეობის მიღება.
მუხლი 3. სპმთპ-ის წევრობა
3.1. სპმთპ-ის წევრი შეიძლება იყოს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სამეცნიერო დაწესებულებებში მომუშავე ან დროებით უმუშევარი, აგრეთვე სტუდენტი, რომელიც აღიარებს სპმთპ-ის -ის წესდებას, მის მიზნებსა და ამოცანებს და იხდის საწევრო შენატანს. პენსიაზე გასულ უმუშევარ სპმთპ-ის წევრს, სურვილის შემთხვევაში, უნარჩუნდება წევრობა.
3.2 სპმთპ-ის რიგებში გაწევრიანება ან წევრობიდან გასვლა ნებაყოფლობითია და ხორციელდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც დასაქმებული მიმართავს სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეს. გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პირველადი ორგანიზაციის კრება (კომიტეტი). ორგანიზაციიდან გასვლა ხორციელდება წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც წევრი მიმართავს პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეს. პირველადი ორგანიზაციის კრების (კომიტეტის) ოქმის საფუძველზე, შესაბამისი რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის რაიონული/საქალაქო საბჭო ადასტურებს სპმთპ-ის წევრად მიღების ან წევრობიდან გასვლის შესახებ საკითხს.
3.3. სპმთპ-ის წევრად მიღების შემდეგ მას ეძლევა ერთიანი ნიმუშის სპმთპ-ის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა და მის სახელზე ივსება სააღრიცხვო ბარათი.
3.4. საწევრო შენატანი განისაზღვრება სპმთპ-ის წევრის შრომის ანაზღაურების (სტიპენდიის) 1%-ის ოდენობით. საწევრო შენატანის გადახდა ხდება ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით. დროებით უმუშევარი წევრი, საწევრო გადასახადის სახით ყოველთვიურად იხდის 20 თეთრს.
3.5. სპმთპ-ის საწესდებო მოთხოვნათა უხეში დარღვევისთვის, აგრეთვე წინამდებარე წესდების 3.11. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან საწევრო შენატანის სამი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გადაუხდელობის შემთხვევაში, წევრობიდან გარიცხვის მიზანშეწონილობის საკითხს იხილავს პირველადი ორგანიზაციის კომიტეტი (კრება). გარციხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირველადი ორგანიზაციის კომიტეტი (კრება) გარიცხვის მოთხოვნის შესახებ საკითხს აყენებს შესაბამისი რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის წინაშე. საბოლოო გადაწყვეტილებას წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იღებს შესაბამისი რაიონული/საქალაქო ორგანიზაცია.
3.6. სპმთპ-დან გარიცხვის ან ნებაყოფლობით გასვლის შემთხვევაში, კონფერენციისა და ყრილობის დელეგატს უწყდება უფლებამოსილება და კარგავს სპმთპ-ის მხრიდან მისი უფლებების დაცვისა და სპმთპ-ის ქონებით შეღავათიანი სარგებლობის უფლებას.
3.7. გასული ან გარიცხული წევრის მიერ სპმთპ-ში გადახდილი საწევრო შენატანები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
3.8. სპმთპ-ის წევრობა უნარჩუნდებათ პირებს, შრომითი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა და სხვა საპატიო მიზეზი);
3.9 სპმთპ-ის წევრი შრომით და პროფკავშირულ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისთვის შეიძლება დაჯილდოვდეს სიგელით, ფულადი პრემიით, ფასიანი საჩუქრით, აგრეთვე რეკომენდაცია გაეწიოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წინაშე ჯილდოზე წარსადგენად.
3.10. სპმთპ-ის წევრს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს სპმთპ-სგან მისი შრომითი, სოციალური-ეკონომიკური, პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
ბ) მონაწილეობა მიიღოს პროკავშირული ორგანოების მუშაობაში, აირჩიოს და იქნეს არჩეული სპმთპ-ის მართვისა და კონტროლის ორგანოებში, პროფკავშირული კონფერენციისა და ყრილობის დელეგატად;
გ) შეიტანოს წინადადებები სპმთპ-ის მართვის ნებისმიერ ორგანოში, დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების შემუშავებაში, განხილვასა და მიღებაში, მიიღოს ინფორმაცია სპმთპ-ის საქმიანობის შესახებ;
დ) მიიღოს უფასო კონსულტაციები და იურიდიული დახმარება შრომით საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე;
ე) შეღავათიანი პირობებით ისარგებლოს სპმთპ-ის გამაჯანსაღებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მომსახურებით. მიიღოს მორალური და მატერიალური წახალისება პროფკავშირის სახსრებიდან აქტიური პროფკავშირული საქმიანობისათვის, ასევე მატერიალური დახმარება დადგენილი წესით, განსაკუთრებულ შემთხვევაში.
ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, დაიცვას ის კრებებზე, კონფერენციებზე და ყრილობებზე;
ზ) მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობისა და დასახული გეგმების შესახებ;
თ) პირადად მიიღოს მონაწილეობა პროფკავშირული ორგანიზაციებისა და ორგანოების იმ კრებებსა და სხდომებში, რომლებზეც მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხი იხილება;
3.11. სპმთპ-ის წევრი ვალდებულია:
ა) შეასრულოს და დაიცვას სპმთპ-ის წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები, მონაწილეობა მიიღოს სპმთპ-ის საქმიანობაში;
ბ) დროულად და დადგენილი ოდენობით გადაიხადოს საწევრო შენატანი;
გ) არ დაარღვიოს კოლექტიური, შრომითი ხელშეკრულებების, შეთანხმებების პირობები, პროფესიული მორალისა და ეთიკის პრინციპები;
დ) იზრუნოს სპმთპ-ის ღირსებასა და ავტორიტეტზე;
ე) შეასრულოს სპმთპ-ის ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები;
ვ) იზრუნოს სპმთპ-ში წევრების მოსაზიდად.
მუხლი 4. სპმთპ-ის ორგანიზაციული სტრუქტურა
4.1 სპმთპ-ის ორგანიზაციული სტრუქტურა აგებულია ტერიტორიული, დარგობრივი და პროფესიული სპეციფიკის მიხედვით.
4.2. სპმთპ-ის ორგანიზაციული სტრუქტურის საფუძველს წარმოადგენს სპმთპ-ის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთ დაწესებულებაში/ორგანიზაციაში მომუშავე პროფკავშირის წევრებს, მოქმედებს პროფესიული კავშირის წესდებით და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულებით.
4.3 სპმთპ-ის სტრუქტურულ ერთეულებს შეადგენენ: პირველადი, სათემო, რაიონული/საქალაქო და ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციები.
4.4 სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულები: პირველადი, სათემო, რაიონული/საქალაქო ორგანიზაციები იურიდიულ პირებს არ წარმოადგენენ.
4.5 სპმთპ-ის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია იქნება გაწევრების მსურველ არანაკლებ 3 პირის სადამფუძნებელო კრების მიერ. სადამფუძნებლო კრების ოქმის საფუძველზე პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის შექმნას ადასტურებს და რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საქალაქო/რაიონული ორგანიზაცია. პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ითვლება შექმნილად შესაბამის რაიონულ/საქალქო ორგანიზაციის მიერ, მისი შექმნის დადასტურებისა და რეგისტრაციის მომენტიდან.
4.6 პირველად პროფორგანიზაციაში, სადაც 15 წევრზე მეტია, აირჩევა პროფორგანიზაციის კოლეგიური ორგანო – კომიტეტი. სადაც წევრთა რიცხვი 15 ნაკლებია _ პროფორგანიზატორი, რომელიც მოქმედებს პირველადი პროფორგანიზაციის კრების რწმუნებით.
4.7 პირველადი პროფორგანიზაციის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს კრება, რომელიც ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. საანგარიშო-საარჩევნო კრება ტარდება 2 წელიწადში ერთხელ. კრებებს შორის პერიოდში მართვის უმაღლესი ორგანოა პროფკომიტეტი
4.8 პირველადი ორგანიზაციის ტიპურ დებულებას ამტკიცებს სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭო, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს პირველადი ორგანიზაციის არჩევითი ორგანოების კომპეტენცია, უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობა და სხვა.
4.9 სპმთპ-ის სათემო, რაიონული, საქალაქო ორგანიზაციები იქნება სათემო, რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების სადამფუძნებლო კონფერენციის მიერ. სადამფუძნებლო კონფერენციის კრების ოქმის საფუძველზე, სათემო, რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების შექმნას ადასტურებს და რეგისტრაციაში ატარებს სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭო. სათემო, რაიონული, საქალაქო ორგანიზაციები ითვლება შექმნილად სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მისი შექმნის დადასტურებისა და რეგისტრაციის მომენტიდან.
4.10 სპმთპ-ის სათემო, რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს კონფერენცია. საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო საანგარიშო კონფერენცია _ საჭიროების მიხედვით, მაგრამ, სულ ცოტა 2 წელიწადში ერთხელ მაინც. კონფერენციებს შორის მართვის უმაღლესი ორგანოა სათემო, რაიონული, საქალაქო საბჭო.
4.11 სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულები ანგარიშვალდებული არიან თავისი წევრების და არჩევითი ორგანოების წინაშე.
4.12 სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულები საქმიანობას წარმართავენ სპმთპ-ის წესდების, მათი დებულების, სპმთპ-ის არჩევითი ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებების (დადგენილებები, ბრძანებები და ა.შ.) საფუძველზე, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციები, აგრეთვე, მათი წესდებების საფუძველზე.
4.13 სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულებს არ გააჩნიათ განკერძოებული ქონება. მათ ბალანსზე რიცხული ქონება სპმთპ-ის ერთიან საკუთრებას შეადგენს. სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულებს აქვთ ბეჭედი, სატიტულო ფურცელი სპმთპ-ის სიმბოლიკით და ქვეანგარიშები საბანკო დაწესებულებებში.
მუხლი 5. სპმთპ-ის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციები
5.1 ავტონომიურ რესპუბლიკებში პროფკავშირული საქმიანობის კოორდინაციის მიზნით იქმნება რესპუბლიკური ორგანიზაციები, რომლებიც ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის ორგანოებში დამატებითი რეგისტრაციის საფუძველზე წარმოადგენენ კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, აქვთ ბეჭედი, ტიტულიანი ფურცელი, ემბლემა, ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ფლობენ ქონებას და უფლებამოსილი არიან იყონ მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოსა და არბიტრაჟში.
5.2 სპმთპ-ის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციები საქმიანობას წარმართავენ საქართველოს კონსტიტუციის, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, სპმთპ-ის და საკუთარი წესდების შესაბამისად, რომელიც შეთანხმებულია სპმთპ-ის აღმასრულებელ საბჭოსთან.
5.3 სპმთპ-ის რესპუბლიკური პროფორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს კონფერენცია, რომელიც მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ. კონფერენცია ამტკიცებს ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის წესდებას, ირჩევს თავმჯდომარეს, მოადგილეებს და მაკონტროლებელ ორგანოს.
5.4 სპმთპ-ის რესპუბლიკური (ავტ.) ორგანიზაციები თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ აღმასრულებელ კომიტეტს, რომლის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება კონფერენციის მიერ;
5.5 სპმთპ-ის რესპუბლიკური ორგანიზაციების სპმთპ-ის ცენტრალურ ბიუჯეტში შესატანი საწევრო ანარიცხების ოდენობა განისაზღვრება ორმხრივი შეთანხმებით, რომელიც ფორმდება სპმთპ-სა და შესაბამის რესპუბლიკურ ორგანიზაციას შორის, რომელსაც ამტკიცებს აღმასრულებელის საბჭო;
5.6 აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციები წარმოადგენენ სპმთპ-ის განუყოფელ ნაწილს და ანგარიშვალდებული არიან სპმთპ-ის მართვის უმაღლესი ორგანოების წინაშე.
მუხლი 6. სპმთპ-ის მართვის უმაღლესი ორგანოები
6.1 სპმთპ-ის მართვის უმაღლესი ორგანოა ყრილობა.
6.2 ყრილობებს შორის პერიოდში მართვის უმაღლესი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო.
6.3 სპმთპ-ის საქმიანობას ხელმძღვანელობს სპმთპ-ის პრეზიდენტი.
6.4 სპმთპ-ის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სპმთპ-ის ყრილობის მიერ არჩეული საკონტროლო-სარევიზიო კომისია.
მუხლი 7. სპმთპ-ის ყრილობა
7.1 სპმთპ-ის მართვის უმაღლესი ორგანოა სპმთპ-ის ყრილობა. საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო საანგარიშო ყრილობა _ 2 წელიწადში ერთხელ. ყრილობას თავმჯდომარეობს სპმთპ-ის პრეზიდენტი, ყრილობის რეგლამენტით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
7.2 საჭიროების მიხედვით შესაძლებელია რიგგარეშე ყრილობის მოწვევა.
7.3 რიგგარეშე ყრილობის მოწვევის უფლება აქვს სპმთპ-ის პრეზიდენტს, აღმასრულებელ საბჭოს ან სპმთპ-ის წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ს.
7.4 ყრილობის მოწვევის თარიღი, ჩატარების ადგილი და დღის წესრიგი ფორმდება სპმთპ-ის პრეზიდენტის ბრძანებით საკუთარი ინიციატივით, აღმასრულებელი საბჭოს ან სპმთპ-ის წევრთა 1/3-ის მოთხოვნის საფუძველზე.
7.5 ა) ყრილობის დელეგატი არის სპმთპ-ის მიერ დადგენილი ქვოტის შესაბამისად არჩეული, სპმთპ-ის წევრი, რომლის უფლებამოსილების ვადა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება ყრილობის რეგლამენტით.
ბ) დელეგატთა რაოდენობის დადგენისა და მათი უფლებამოსილებების დადასტურების მიზნით იქმნება სამანდატო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება სპმთპ-ის ყრილობის რეგლამენტით.
7.6 ყრილობის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სპმთპ-ის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
ბ) სპმთპ-ის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
გ) სპმთპ-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პროგრამის განსაზღვრა;
დ) სცნობს სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს უფლებამოსილებას;
ე) სპმთპ-ის პრეზიდენტის არჩევა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა საარჩევნო დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;
ვ) სპმთპ-ის საკონტროლო-სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა;
ზ) ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
თ) საკონტროლო-სარევიზიო კომისიის ანგარიშის მოსმენა და დამტკიცება;
ი) საქართველოს სხვა პროფესიული კავშირების, მათ შორის, საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაერთიანებაში (ასოციაციაში) გაწევრიანება, დელეგატთა არჩევა და წევრობიდან გასვლა;
კ) სამანდატო და საარჩევნო-საპროცედურო კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება;
ლ) ყრილობის რეგლამენტის, აღმასრულებელი საბჭოს რეგლამენტის, საკონტროლო-სარევიზიო კომისიის დებულებისა და სპმთპ-ის საარჩევნო დებულების დამტკიცება;
მ) კავშირის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეჩერება და ლიკვიდაცია.
7.7 ყრილობის მოწვევის თარიღის, ჩატარების ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ ყველა დელეგატს უნდა ეცნობოს წერილობით, ან სპმთპ-ის ან/და სხვა ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებით, ყრილობამდე 1 თვით ადრე.
7.8 ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა საერთო რაოდენობის 2/3.
7.9 ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა უბრალო უმრავლესობით, ამ წესდების 7.6 პუნქტის `ა” ქვეპუნქტის შემთხვევაში _ დამსწრე წევრთა ხმების 2/3-ით, ხოლო წინამდებარე წესდების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნების შეცვლის შემთხვევაში ყრილობის დელეგატთა სიითი შემადგენლობის 4/5-ით.
7.10 ყრილობაზე დელეგატის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება პირადად, ერთ დელეგატს აქვს ერთი ხმა;
7.11 ყრილობის გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი ყრილობის მოწვევისას დღის წესრიგშია შეტანილი
7.12 ყრილობის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ ყრილობის თავჯდომარე და სამდივნო. ყრილობის გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების ფორმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.
7.13 ყრილობის ხარჯები ანაზღაურდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
7.14 ყრილობის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა კავშირის ყველა ორგანოსა და წევრისათვის.
7.15 კონტროლს, ყრილობის გადაწყვეტილებების შესრულებაზე, ახორციელებს სპმთპ-ის პრეზიდენტი და საკონტროლო-სარევიზო კომისია.
მუხლი 8. სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭო
8.1 ყრილობებს შორის პერიოდში მართვის უმაღლესი ორგანოა აღმასრულებელი საბჭო, რომლის უფლებამოსილებას 4 წლის ვადით ამტკიცებს ყრილობა;
8.2 აღმასრულებელი საბჭო ყრილობებს შორის პერიოდში ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ და მიმდინარე საკითხებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სპმთპ-ის წესდებას და მოქმედ კანონმდებლობას.
8.3 აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან სპმთპ-ის პრეზიდენტი, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, 2 ვიცე-პრეზიდენტი (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) და სპმთპ-ის ყველა სტრუქტურული ერთეულის თავმჯდომარე, პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეების გარდა.
8.4 გადაწყვეტილების მიღების დროს ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
8.5 აღმასრულებელი საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, სპმთპ-ის პრეზიდენტის ან აღმასრულებელი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ მაინც.
8.6 აღმასრულებელი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულების (სათემო, რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების) რეგისტრაცია;
ბ) სპმთპ-ის ქონების შეძენა, იჯარის, ქირავნობის, უზუფრუქტის ან სხვა ფორმით დატვირთვა, თუ მისი ღირებულება აღემატება 10.000 (ათი ათას) ლარს;
გ) სპმთპ-ის ქონების გასხვისება; სესხის (კრედიტის) აღება და გაცემა, რომლის ოდენობაც 10.000 (ათი ათას) ლარს აღემატება;
დ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ასოციაციების, სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნა (დაფუძნება) და მათი დებულებების დამტკიცება;
ე) სპმთპ-ის KONკონსოლიდირებული წლიური ბიუჯეტის (სპმთპ-ის ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ერთეულების ბიუჯეტის ნაერთი) დამტკიცება; სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის სტრუქტურისა და ხარჯთაღრიცხვის დამტკიცება;
ვ) სპმთპ-ის სტრატეგიული გეგმის განხილვა-დამტკიცება;
ზ) სპმთპ-ის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციების წესდებების შეთანხმება;
თ) სპმთპ-ის ერთიანი ბიუჯეტის შედგენის, მიღებისა და შესრულების წესის დამტკიცება;
ი) პირველადი პროფორგანიზაციისა და სტრუქტურული ერთეულების ტიპური დებულების დამტკიცება;
კ) სპმთპ-ის წლიური ბიუჯეტისა და შესრულების შედეგების განხილვა-დამტკიცება;
ლ) ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
მ) სპმთპ-ის პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის საფინანსო დარგში ფუნქციებს;
ნ) პრეზიდენტის, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის საფინანსო დარგში ხელფასების განსაზღვრა;
ო) სპმთპ-ის საარჩევნო დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის საფინანსო დარგში უფლებამოსილების შეწყვეტა;
პ) ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშის მოსმენა;
ჟ) ყრილობაზე დელეგატთა წარმომადგენლობითი ნორმის (კვოტის) და მათი არჩევის წესის განსაზღვრა;
რ) ყრილობის, კონფერენციებისა და საანგარიშო-საარჩევნო კამპანიის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ს) ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების განხილვა და დამტკიცება ამ მუხლის `ბ~ და `გ~ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ტ) სპმთპ-სა და სპმთპ-ის ავტონომიურ რესპუბლიკურ ორგანიზაციებს შორის გაფორმებული შეთანხმების დამტკიცება.
უ) კოლექტიური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტის განხილვა და დამტკიცება;
ფ) სპმთპ-ის პრეზიდენტის შვებულებაში გასვლის და გადაუდებელი აუცილებლობისას შვებულებიდან ვადამდე გამოძახების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ქ) სპმთპ-ის სისტემაში სპმთპ-ის ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების მიერ მიღებული აქტების იერარქიის განსაზღვრა;
ღ) საჭიროების შემთხვევაში, კომისიებისა და კომიტეტების შექმნა, რომლებიც არ ეწინააღმდეგება წესდების მოთხოვნებს და მათი დებულებების დამტკიცება ;
ყ) ყრილობებს შორის პერიოდში სპმთპ-ის მუდმივმოქმედი კომისიების წევრთა ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი წევრის შეყვანა.
შ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის, სპმთპ-ის წესდების, სპმთპ-ის ყრილობისა და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებების და მიღებული დადგენილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საარჩევნო დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად სტრუქტურული ერთეულების თავმჯდომარეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა.
8.7 ინფორმაცია აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მოწვევის თარიღის, ჩატარების ადგილისა და დღის წესრიგის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით (ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით) 10 დღით ადრე მაინც.
8.8 აღმასრულებელი საბჭო ანგარიშვალდებულია ყრილობის წინაშე.
8.9 განსაკუთრებულ შემთხვევაში აღმასრულებელმა საბჭომ შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს წევრების წერილობითი გამოკითხვის გზით.
8.10 აღმასრულებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3 მაინც. აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
8.11 აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს სპმთპ-ის პრეზიდენტი, მისი არყოფნის შემთხვევაში – პირი, რომელიც წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული წესით ასრულებს სპმთპ-ის პრეზიდენტის მოვალეობას.
8.12 აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და მდივანი. აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილების სახით, რომელსაც ხელს აწერს სპმთპ-ის პრეზიდენტი.
8.13 აღმასრულებელი საბჭოს დადგენილებები შესასრულებლად სავალდებულოა სპმთპ-ის ყველა არჩევითი ორგანოსა და წევრისთვის.
8.14 აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს სპმთპ-ის პრეზიდენტი, სხდომის დღის წესრიგის, განსახილველ საკითხთა განსაზღვრის, მისაღები დადგენილებების პროექტების მომზადებისა და წევრთა წერილობითი (თუ სხვა საშუალებებით) შეტყობინების ჩათვლით.
მუხლი 9. სპმთპ-ის ხელმძღვანელი პირები
9.1 სპმთპ-ის ხელმძღვანელი პირები არიან:
ა) პრეზიდენტი, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, რომლებიც არიან სრულ განაკვეთზე მომუშავე ხელფასიანი მუშაკები.
ბ) სპმთპ-ის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციების თავმჯდომარეები თანამდებობრივად არიან ვიცე-პრეზიდენტები.
გ) სპმთპ-ის პრეზიდენტი, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში თანამდებობრივად ითვლებიან მომდევნო ყრილობის დელეგატებად.
9.1.2 სპმთპ-ის პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა და სხვა საპატიო მიზეზი), თავისი ბრძანებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში.
9.1.3 სპმთპ-ის პრეზიდენტის, აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის საფინანსო დარგში არ ყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა და სხვა საპატიო მიზეზი), პრეზიდენტის ბრძანებით, ვიცე-პრეზიდენტები აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციებიდან, პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში, ასრულებენ მოვალეობას შემდეგი წესის დაცვით: პირველ რიგში მოვალეობას შეასრულებს ის ვიცე-პრეზიდენტი, რომლის ორგანიზაციაში უფრო მეტი წევრი ირიცხება.
9.1.4 სპმთპ-ის პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იქნეს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც არის სპმთპ-ის წევრი, აქვს სპმთპ-ში მუშაობის სულ ცოტა სამწლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე და არის სპმთპ-ის ყრილობის დელეგატი.
9.1.5 სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც არის სპმთპ-ის წევრი, აქვს სპმთპ-ში მუშაობის სულ ცოტა სამწლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე და არის სპმთპ-ის ყრილობის დელეგატი.
9.1.6. სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მქონე პირი, შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით. რომელიც არის პროფკავშირის წევრი, აქვს პროფკავშირული მუშაობის სულ ცოტა სამწლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე და არის ყრილობის დელეგატი.
9.1.7 სპმთპ-ის უმაღლესი თანამდებობის პირია სპმთპ-ის პრეზიდენტი, რომელსაც 4 წლის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ირჩევს სპმთპ-ის ყრილობა. იგი ხელმძღვანელობს სპმთპ-ის საქმიანობას და ახორციელებს ყრილობის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას და ასრულებს აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებებს.
9.1.8 სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს საფინანსო დარგში პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო სპმთპ-ის საარჩევნო დებულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
9.2 სპმთპ-ის პრეზიდენტის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სპმთპ-ის საქმიანობის ყველა მიმართულებით საერთო ხელმძღვანელობის განხორციელება და წარმომადგენლობა;
ბ) ყრილობისა და აღმასრულებელი საბჭოს სხდომების წარმართვა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფა;
გ) სპმთპ-ის ხელისუფლების ორგანოებში, დამსაქმებელთა კავშირებში, მოქალაქეთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებებში, საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებში და მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმომადგენლობა;
დ) კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოება და მიღწეული შეთანხმებების განხორციელება.
ე) აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული სტრუქტურის შესაბამისად, სპმთპ-ის ცენტრალურ აპარატში მომუშავე პერსონალის სამსახურში დანიშვნა, გათავისუფლება და მათ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება; მათ მიმართ წახალისებისა და დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება.
ვ) სპმთპ-ის ქონებისა და ფულადი სახსრების განკარგვა აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში;
ზ) სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელმძღვანელობა და მასზე კონტროლის განხორციელება;
თ) აღმასრულებელი საბჭოს სხდომების ჩატარებისა და მის მიერ დამტკიცებული პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა;
ი) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენა სპმთპ-ის ყრილობასა და აღმასრულებელი საბჭოს წინაშე;
კ) სპმთპ-ის მიზნებიდან გამომდინარე, სპმთპ-ის სახელით, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დამსაქმებლებ-თან, საერთაშორისო პროფკავშირულ და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასევე, სამართლის სხვა სუბიექტებთან თანამშრომლობა;
ლ) სპმთპ-ის სამსახურებში დასაქმებულთათვის შრომის შინაგანაწესის დამტკიცება;
მ) სპმთპ-ის წევრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით დემონსტრაციის, მიტინგის, გაფიცვის ორგანიზება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ნ) სპმთპ ყოველდღიურ საქმიანობას ახორციელებს სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის სამსახურების მეშვეობით, რომლის სტრუქტურასა და ხარჯთაღრიცხვას განსაზღვრავს და ამტკიცებს სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭო.
9.3 სპმთპ-ის პრეზიდენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს.
სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:
ა) ასრულებს სპმთპ-ის პრეზიდენტის ფუნქციებს მისი არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, ავადმყოფობა ან სხვა საპატიო მიზეზი);
ბ) დახმარებას უწევს პრეზიდენტს მისი, როგორც სპმთპ-ის მთავარი აღმასრულებელი პირის, მოვალეობათა შესრულებაში;
გ) ხელმძღვანელობს პროფკავშირული კადრების სწავლებასა და გადამზადებას;
დ) ხელმძღვანელობს სპმთპ-ის საორგანიზაციო, პროფკავშირული სამსახურის საქმიანობას;
ე) ასრულებს სხვა ფუნქციას სპმთპ-ის პრეზიდენტის დელეგირებით.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში:
ა) მოქმედი კანონმდებლობისა და სპმთპ-ის ყრილობის, აღმასრულებელი საბჭოს, სპმთპ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად ხელმძღვანელობს ფინანსური ოპერაციების წარმოებას და ქონების მართვას;
ბ) ხელმძღვანელობს სპმთპ-ის საფინანსო და სამეურნეო სამსახურებს;
გ) უზრუნველყოფს სპმთპ-ის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და კონტროლს ბიუჯეტის მიზნობრივ შესრულებაზე და ხარჯვაზე;
დ) ასრულებს სხვა ფუნქციას სპმთპ-ის პრეზიდენტის დელეგირებით.
9.4 სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულნი არიან სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოსა და პრეზიდენტის წინაშე.
მუხლი 10. სპმთპ-ის საქმიანობის კონტროლი
10.1 სპმთპ-ის საქმიანობაზე, მისი ფინანსური სახსრების ხარჯვასა და ქონების განკარგვაზე კონტროლს ახორციელებს სპმთპ-ის საკონტროლო-სარევიზიო კომისია. ხოლო, სტრუქტურული ერთეულების (სათემო, რაიონული, საქალაქო) ფინანსურ საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საკონტროლო სარევიზიო კომისია.
10.2 სპმთპ-ის საკონტროლო-სარევიზიო კომისიას, ხუთი წევრის შემადგენლობით, 4 წლის უფლებამოსილების ვადით ირჩევს ყრილობა. ხოლო, სტრუქტურული ერთეულების (სათემო, რაიონული, საქალაქო) საკონტროლო სარევიზიო კომისიას, 3 წევრის შეამდგენლობით, ირჩევს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის კონფერენცია, 4 წლის ვადით.
10.3 სპმთპ-ის საკონტროლო-სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია ყრილობის წინაშე. ხოლო, სტრუქტურული ერთეულების (სათემო, რაიონული, საქალაქო) საკონტროლო-სარევიზიო კომისია _ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის კონფერენციის წინაშე.
10.4 საკონტროლო-სარევიზიო კომისიები პასუხისმგებლები არიან მათ მიერ ჩატარებული შემოწმების სიზუსტესა და ხარისხზე.
10.5 სპმთპ-ის საკონტროლო-სარევიზიო კომისია ორგანიზებას უწევს დამოუკიდებელი სააუდიტორო ფირმის შერჩევას, მოწვევასა და აუდიტის ჩატარებას.
მუხლი 11. სპმთპ-ის ბიურო
11.1. სპმთპ-ის აღმასრულებელი საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების მომზადებისათვის და კრიზისული სიტუაციისას ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებების ეფექტურად მიღების მიზნით იქმნება სპმთპ-ის ბიურო.
11.2. კრიზისულ სიტუაციად ჩაითვლება ისეთი ვითარება, როდესაც სახეზე გვაქვს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი, ან ორივე პირობა:
ა. აღმასრულებელი საბჭო ვერ ახერხებს შეუდგეს მუშაობას, წევრების მხრიდან საბჭოს სხდომების ბოიკოტის გამო.
ბ. აღმასრულებელი საბჭოს წევრები არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ან ახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რაც შეუძლებელს ხდის ორგანიზაციის ფუნქციონირებას.
11.3. სპმთპ-ის ბიუროს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: სპმთპ-ის პრეზიდენტი, სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტები სპმთპ-ის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციებიდან, საქალაქო/რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების წარმომადგენლები საქართველოს თითოეული რეგიონიდან და ქ. თბილისიდან (გარდა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა), სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და სპმთპ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.
11.4. კრიზისულ სიტუაციაში ბიურო უფლებამოსილია განახორციელოს სპმთპ-ის წესდებით გათვალისწინებული აღმასრულებელი საბჭოს უფლება-მოვალეობები.
11.5. ამ მუხლის 11.4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, სპმთპ-ის ბიუროს გადაწყვეტილება შეიძლება ამოქმედდეს მხოლოდ აღმასრულებელი საბჭოს წევრების სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობის წერილობითი თანხმობის შემდეგ.
11.6. სპმთპ-ის ბიუროს პერსონალურ შემადგენლობას, უფლებამოსილებას, ფუნქციებს და მუშაობის რეგლამენტს ამტკიცებს აღმასრულებელი საბჭო.
მუხლი 12. სპმთპ-ის ქონება და სახსრები
12.1 სპმთპ-ის ფლობს, სარგებლობს და განკარგავს მის საკუთრებაში არსებულ ქონებასა და სახსრებს.
12.2 სპმთპ-ის საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს:
სამკურნალო, დასასვენებელი, კულტურის, განათლების, სპორტული, საბავშვო დაწესებულებები, ტრანსპორტისა და ინფორმაციის საშუალებები, სტამბა, საცხოვრებელი სახლები, აგარაკები და სხვა შენობა-ნაგებობები, მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ასოციაციები, სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებები და ორგანიზაციები, ფულადი სახსრები (მათ შორის სავალუტო), ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე სხვა მოძრავი და უძრავი ქონება, რაც აუცილებელია მისი საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
12.3 სპმთპ-ის შეუძლია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეწეოდეს სამეწარმეო (ეკონომიკურ) საქმიანობას.
12.4 სამეწარმეო (ეკონომიკური) საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენება მხოლოდ საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სპმთპ-ის წევრებზე არ ნაწილდება.
12.5 სპმთპ-ის ფინანსური სახსრები იქმნება საწევრო ანარიცხების, ნებაყოფლობითი შენატანების, შემოწირულობების, გრანტების, სამეწარმეო (ეკონომიკური) საქმიანობის შედეგად მიღებული თანხებითა და სხვა კანონიერი შემოსავლებით.
12.6 სპმთპ-ის წევრთა საწევრო შენატანების 70% ხმარდება სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ხოლო საწევრო შენატანების თანხის 30% სპმთპ-ის ცენტრალურ ბიუჯეტს.
12.7 სპმთპ-ისსტრუქტურული ერთეულების მფლობელობაში რიცხული ქონება თუ ფულადი სახსრები წარმოადგენს სპმთპ-ისსაკუთრებას.
12.8 სპმთპ დამოუკიდებლად განსაზღვრავს მის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრების, ქონებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების წესსა და მიმართულებებს, მის მუშაკთა ხელფასებსა და შრომის ანაზღაურების პირობებს.
12.9 სპმთპ საფინანსო საქმიანობა ხორციელდება დამოუკიდებლად და მასში სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ჩარევა დაუშვებელია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 13. სპმთპ-ის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
13.1 სპმთპ-ის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
13.2 სპმთპ-ის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული წესით გაკოტრების ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.
13.3 სპმთპ-ის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება და სახსრები ნაწილდება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 14. გარდამავალი დებულებები
14.1 საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესდებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
14.2 სპმთპ-ის წესდებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები რეგისტრაციაში ტარდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ძალაში შედის მათი შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის დღიდან.
სპმთპ იურიდიულ კონსულტაციას უწევს თავის წევრებს, რაც ეხმარება მათ უკეთ იცოდნენ და დაიცვან თავიანთი უფლებები.
სპმთპ-ს იურისტები მუდმივად იღებენ შეკითხვებს წევრებისგან და ითხოვენ დახმარებას.
იურიდიული კონსულტაცია არის სპმთპ-ის შიდა მექანიზმი, რომელსაც ორგანიზაცია ეფექტურად იყენებს თავისი წევრების სოციალური და შრომითი უფლებების დასაცავად.
სპმთპ-ის წევრმა შეიძლება მოითხოვოს იურიდიული კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე:
ნებისმიერ საკითხზე დაკავშირებული განათლების სფეროში დასაქმებულის სოციალური და შრომითი უფლების დარღვევის ან გაუმჯობესებასთან მიმართებაში;
ნებისმიერ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ხარისხიანი განათლების განვითარებასთან.
სპმთპ-ის იურისტები არა მხოლოდ უწევენ წევრებს იურიდიულ კონსულტაციას, არამედ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენენ წევრს სხვადასხვა ინსტანციაზე, მათ შორის სასამართლოში.
სპმთპ-ს თავისი წევრების უფლებების დასაცავად შეუძლია:
კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს სარჩელი სასამართლოში;
შეიტანოს განცხადება, ადმინისტრაციული სარჩელი და გამოვიდეს სასამართლოში ან შრომითი დავების განმხილველ სხვა ორგანოში;
შექმნას იურიდიული განყოფილებები სტრუქტურების ფარგლებში.
სამართლებრივი რჩევები:
პროფკავშირის შექმნისა და მასში გაწევრიანების უფლება
თქვენ უფლება გაქვთ დამსაქმებლის წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნათ ან/და გაწევრიანდეთ პროფესიულ კავშირში (,,შრომის კოდექსი“ მუხლი 401);
სპმთპ-ის რიგებში გაწევრიანება ან წევრობიდან გასვლა ნებაყოფლობითია და ხორციელდება წერილობითი განცხადების საფუძველზე (სპმთპ-ის წესდება);
სპმთპ-ის წევრი შეიძლება იყოს განათლებისა და მეცნიერების დარგში მომუშავე ან დროებით უმუშევარი, აგრეთვე პედაგოგიური პროფილის სასწავლებლის სტუდენტი. პენსიაზე გასულ სპმთპ-ის წევრს, სურვილის შემთხვევაში უნარჩუნდება წევრობა (სპმთპ-ის წესდება);
სპმთპ-ის სტრუქტურის საფუძველს წარმოადგენს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც იქმნება სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებაში დასაქმებულთაგან, არანაკლებ სამი პირის სურვილის შემთხვევაში (სპმთპ-ის წესდება).
გახსოვდეთ!
აკრძალულია დასაქმებულის ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია პროფესიულ კავშირში მისი წევრობის გამო ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო ან/და სხვა ქმედება, რომლის მიზანია:
დასაქმებულის სამუშაოზე მიღება ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნება პროფესიულ კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის ან ასეთი გაერთიანებიდან გამოსვლის სანაცვლოდ;
დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი სხვაგვარად შევიწროება პროფესიული კავშირის წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო (შრომის კოდექსი მუხლი 402).
დამსაქმებლის მხრიდან აღნიშნული სახის ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულია და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ისჯება დამსაქმებლის ჩამოცილებით დაკავებული თანამდებობიდან და/ან სამ წლამდე პატიმრობით.
კარი #1 - ზოგადი დებულებანი
თავი #1 - შესავალი დებულებანი
მუხლი #1 - მოქმედების სფერო
1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
2. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
3. შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.
მუხლი #2 - შრომითი ურთიერთობა
1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
3. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.
4. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
5. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.
6. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
მუხლი #3 - შრომითი ურთიერთობის სუბიექტები
1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია "პროფესიული კავშირების შესახებ" საქართველოს კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N87 და N98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (შემდგომ - დასაქმებულთა გაერთიანება).
2. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.
3. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
4. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული.
5. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება.
მუხლი #3' - სოციალური პარტნიორობა
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
კარი #2 - ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობა
თავი #2 - შრომითი ურთიერთობის წარმოშობა
მუხლი #4 - სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი და შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა
1. ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან.
2. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.
3. 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.
4. აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.
5. აკრძალულია არასრულწლოვანთან, ასევე ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.
მუხლი #5 - წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე
1. დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
2. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.
4. დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კანდიდატს უფლება აქვს გამოითხოვოს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, თუ მასთან დამსაქმებელმა არ დადო შრომითი ხელშეკრულება.
6. დამსაქმებელი ვალდებულია კანდიდატს მიაწოდოს ინფორმაცია:
ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი ან ზეპირი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ;
გ) შრომის პირობების შესახებ;
დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;
ე) შრომის ანაზღაურების შესახებ.
7. კანდიდატთან წინასახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულებულად ითვლება მხარეთა მიერ შრომითი ხელშეკრულების დადებით ან დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებით.
8. დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი #6 - შრომითი ხელშეკრულების დადება
1. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
1'. შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.
1'2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა:
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;
ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;
დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.
1'3. თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
1'4. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები.
1'5. ამ მუხლის 1'4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მეწარმე სუბიექტზე, რომელიც შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე.
1'6. გარდა ამ მუხლის 1'2 პუნქტის "ა"-"ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ შრომითი ურთიერთობა დაწყებულია ამ მუხლის 1'4 პუნქტით განსაზღვრულ 48-თვიან პერიოდში, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.
2. წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე. წერილობითი შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. თუ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება რამდენიმე ენაზეა დადებული, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულებების დებულებებს შორის განსხვავების შემთხვევაში.
3. პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.
4. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.
5. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომ - მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.
6. თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც მხოლოდ ავსებს და მთლიანად არ ცვლის ერთმანეთს, ყველა ხელშეკრულება ინარჩუნებს ძალას და განიხილება, როგორც ერთი შრომითი ხელშეკრულება.
7. წინა შრომითი ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ხელშეკრულებით.
8. დასაქმებულთან ერთსა და იმავე პირობაზე დადებული რამდენიმე შრომითი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბოლოს დადებულ ხელშეკრულებას.
9. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:
ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
გ) სამუშაო ადგილი;
დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;
ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;
ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;
ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.
10. ბათილია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას.
მუხლი #7 - შრომითი ურთიერთობის წარმოშობა
შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი #8 - შრომითი ხელშეკრულების დადების შეზღუდვა შეთავსებით სამუშაოზე
1. შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება.
2. დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას ან/და თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.
მუხლი #9 - გამოსაცდელი ვადა
1. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
2. გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.
4. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულის შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.
თავი #3 - სამუშაოს შესრულება
მუხლი #10 - სამუშაოს პირადად შესრულების მოვალეობა
დასაქმებული ვალდებულია სამუშაო პირადად შეასრულოს. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განსაზღვრული ვადით სამუშაოს მესამე პირის მიერ შესრულებაზე.
მუხლი #11 - შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა
1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულისათვის შეტყობინებით დააზუსტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეული გარემოებები, რომლებიც არ ცვლის ხელშეკრულების არსებით პირობებს.
2. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით.
3. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რომელიც განპირობებულია კანონმდებლობის ცვლილებით, არ საჭიროებს დასაქმებულის თანხმობას.
4. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად არ მიიჩნევა:
ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლა, თუ საზოგადოდ ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისვლა და დაბრუნება მოითხოვს არაუმეტეს 3 საათისა დღეში, ამასთანავე, არ იწვევს არათანაბარზომიერ ხარჯებს;
ბ) სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დროის ცვლილება არაუმეტეს 90 წუთით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორივე გარემოების ერთდროულად შეცვლა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
მუხლი #12 - მივლინება
1. მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე.
2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს.
3. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
4. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი #13 - შრომის შინაგანაწესი
1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი და ვალდებულია გააცნოს ის დასაქმებულს.
2. შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს:
ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა;
ბ) დასვენების ხანგრძლივობა;
გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;
დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ვ) შრომის პირობების დაცვის წესები;
ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი;
თ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი.
3. სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესით შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესები.
4. ბათილია შრომის შინაგანაწესის ის დებულება, რომელიც ეწინააღმდეგება ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას ან კოლექტიურ ხელშეკრულებას ან ამ კანონს.
თავი #4 - სამუშაო, შესვენების და დასვენების დრო
მუხლი #14 - სამუშაო დროის ხანგრძლივობა
1. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, - კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.
1'. თუ დამსაქმებლის საქმიანობა ითვალისწინებს წარმოების/შრომითი პროცესის 24-საათიან უწყვეტ რეჟიმს, მხარეები უფლებამოსილი არიან, დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების გათვალისწინებით და დასაქმებულისთვის ნამუშევარი საათების ადეკვატური დასვენების დროის მიცემის პირობით.
2. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.
3. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს.
4. 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს.
მუხლი #15 - ცვლაში მუშაობისას განსაზღვრული სამუშაო დრო
ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც ამტკიცებს დამსაქმებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ცვლიანობის განრიგის ცვლილების შესახებ დასაქმებულს უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე, თუ ეს შეუძლებელი არ არის უკიდურესი საწარმოო აუცილებლობის გამო.
მუხლი #16 - სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესი
სამუშაოს პირობების გათვალისწინებით, როდესაც შეუძლებელია ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობის დაცვა, დასაშვებია სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესის შემოღება.
მუხლი #17 - ზეგანაკვეთური სამუშაო
1. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:
ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის - ანაზღაურების გარეშე;
ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის - სათანადო ანაზღაურებით.
2. აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.
3. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის - კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის - კვირაში 24 საათს.
4. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
5. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.
მუხლი #18 - ღამით მუშაობის შეზღუდვა
აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება - მისი თანხმობის გარეშე.
მუხლი #19 - დამატებითი შესვენება მეძუძური ქალისათვის
1. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა.
2. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.
მუხლი #20 - უქმე დღეები
1. უქმე დღეებია:
ა) 1 და 2 იანვარი - ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
ბ) 7 იანვარი - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
გ) 19 იანვარი - ნათლისღება - უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
დ) 3 მარტი - დედის დღე;
ე) 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე;
ვ) 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ზ) სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე - აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
თ) 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ი) 12 მაისი - საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
კ) 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ლ) 28 აგვისტო - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
მ) 14 ოქტომბერი - მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
ნ) 23 ნოემბერი - გიორგობის დღე.
2. დასაქმებული უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.
თავი #5 - შვებულება
მუხლი #21 - შვებულების ხანგრძლივობა
1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
2. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.
4. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა", "ვ"-"თ" და "ო" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.
მუხლი #22 - შვებულების მიცემის წესი
1. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
2. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.
3. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
4. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
5. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.
მუხლი #23 - ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დამსაქმებლის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება
ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
მუხლი #24 - შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობა
1. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო.
2. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში არ ითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის ან 7 სამუშაო დღეზე მეტი ხნით ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დრო.
მუხლი #25 - ანაზღაურებადი შვებულების გადატანის გამონაკლისი შემთხვევები
1. თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.
2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.
მუხლი #26 - საშვებულებო ანაზღაურება
დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია - ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში - ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
მუხლი #26' - დამატებითი შვებულება მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისათვის
მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება - წელიწადში 10 კალენდარული დღე.
თავი #6 - შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
მუხლი #27 - შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 200 კალენდარული დღე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.
მუხლი #28 - შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო
დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.
მუხლი #29 - ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.
მუხლი #30 - დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
1. დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო - 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.
2. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.
თავი #7 - შრომის ანაზღაურება
მუხლი #31 - შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა, გაცემის დრო და ადგილი
1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
მუხლი #32 - შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს
1. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
2. დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.
მუხლი #33 - დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან
1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.
2. შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.
მუხლი #34 - საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
თავი #8 - შრომის პირობების დაცვა
მუხლი #35 - უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება
1. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.
2. დამსაქმებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე.
3. დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
4. დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.
5. დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა საწარმოო შემთხვევის შედეგების დროული ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის, პირველადი დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციისათვის.
6. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.
7. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს ორსული ქალის დაცვა ისეთი შრომისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან ნაყოფის კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
8. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, შრომის უსაფრთხოების წესები, მათ შორის, დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევები და წესები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი #9 - შრომითი ურთიერთობის შეჩერება და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
მუხლი #36 - შრომითი ურთიერთობის შეჩერება
1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:
ა) გაფიცვა;
ბ) ლოკაუტი;
გ) აქტიური ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;
დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება;
ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;
ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
ზ) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;
თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში;
ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს;
კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაც წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;
ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება;
მ) ანაზღაურებადი შვებულება.
3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა "ბ" ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად ჩაითვლება მოთხოვნის წარდგენიდან შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.
4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის "ვ" და "მ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #37 - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
ი) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა - თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
კ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;
მ) დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება;
ნ) დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია.
3. დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა:
ა) სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
ბ) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით;
გ) დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ"-"ე", "ზ", "თ", "კ" და "მ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
დ) დასაქმებულის სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო ან/და დასაქმებულის მიერ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ"-"ე", "ზ", "თ", "კ" და "მ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
ე) სასამართლოში ნაფიც მსაჯულად ყოფნის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ"-"ე", "ზ", "თ", "კ" და "მ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა.
მუხლი #38 - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი
1. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა", "ვ", "ი" და "ო" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
2. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა", "ვ", "ი" და "ო" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
3. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
4. დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.
5. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
6. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
7. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
8. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
მუხლი #38' - მასობრივი დათხოვნა
1. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით 15 კალენდარული დღის განმავლობაში სულ მცირე 100 დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის (მასობრივი დათხოვნის) შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია მასობრივ დათხოვნამდე სულ მცირე 45 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იმ დასაქმებულებს, რომელთაც უწყდებათ შრომითი ხელშეკრულებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გაფრთხილების ვადები.
მუხლი #39 - არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს.
მუხლი #40 - მუშაობის უნებლიე გაგრძელება
თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა გავიდა, მაგრამ, სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, დასაქმებული ვალდებულია გააგრძელოს მუშაობა, სანამ ასეთი ვითარება არ დასრულდება, ხოლო დამქირავებელი ვალდებულია მისცეს მას შრომის ანაზღაურება.
თავი #9' - გაერთიანების თავისუფლება
მუხლი #40' - ზოგადი დებულებანი
1. დასაქმებულსა და დამსაქმებელს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნან გაერთიანება ან/და გაწევრდნენ სხვა გაერთიანებაში.
2. დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვთ, შეიმუშაონ საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნან მართვის ორგანოები, აირჩიონ წარმომადგენლები და წარმართონ თავიანთი საქმიანობა.
3. დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვთ, შექმნან ფედერაციები და კონფედერაციები და გაერთიანდნენ მათთან. ყოველ ასეთ გაერთიანებას, ფედერაციას, კონფედერაციას უფლება აქვს, შეუერთდეს დამსაქმებელთა საერთაშორისო გაერთიანებას და დასაქმებულთა საერთაშორისო გაერთიანებას.
მუხლი #40'2 - დისკრიმინაციის აკრძალვა
1. აკრძალულია დასაქმებულის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანებაში მისი წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო ან/და სხვა ქმედება, რომლის მიზანია:
ა) დასაქმებულის სამუშაოზე მიღება ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნება დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრებაზე უარის თქმის ან ასეთი გაერთიანებიდან გამოსვლის სანაცვლოდ;
ბ) დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი სხვაგვარად შევიწროება დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო.
2. სამუშაო დროის განმავლობაში დასაქმებულის დასაქმებულთა გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა დასაშვებია დამსაქმებელთან შეთანხმებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეტანილ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, თუ დასაქმებული მიუთითებს გარემოებებზე, რომლებიც ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ დამსაქმებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით ან/და ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის (მოთხოვნების) დარღვევით მოქმედებდა.
მუხლი #40'3 - დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩარევის აკრძალვა
1. დაუშვებელია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების, მათი წევრების ან წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის გაერთიანების საქმიანობაში ჩარევა გულისხმობს ნებისმიერ ქმედებას, რომლის მიზანია გაერთიანების საქმიანობისათვის ფინანსური ან სხვა საშუალებებით ხელის შეშლა მასზე კონტროლის განსახორციელებლად.
კარი #3 - კოლექტიური შრომითი ურთიერთობა
თავი #10 - კოლექტიური ხელშეკრულება
მუხლი #41 - ზოგადი დებულებანი
1. კოლექტიური ხელშეკრულება იდება ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებას და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის.
2. კოლექტიური ხელშეკრულება:
ა) განსაზღვრავს შრომის პირობებს;
ბ) აწესრიგებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას;
გ) აწესრიგებს ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებას და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის ურთიერთობას.
3. მხარეები თავად განსაზღვრავენ კოლექტიური ხელშეკრულების პირობებს.
4. ერთ-ერთი მხარის მიერ კოლექტიური ხელშეკრულების დადების თაობაზე ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკება.
5. მოლაპარაკების პროცესში მხარეები ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას მოლაპარაკებასთან დაკავშირებული საკითხის (საკითხების) თაობაზე. მხარეს უფლება აქვს, არ მიაწოდოს მეორე მხარეს კონფიდენციალური ინფორმაცია, ხოლო კონფიდენციალური ან/და სხვა სახის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მოითხოვოს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
6. დაუშვებელია კოლექტიური ხელშეკრულების დადების პროცესში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩარევა. ამგვარი ჩარევით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება ბათილია.
მუხლი #42 - წარმომადგენლობა
1. კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან შეწყვეტის, მისი პირობების შეცვლის ან დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით დასაქმებულთა გაერთიანება მოქმედებს წარმომადგენლების მეშვეობით.
2. წარმომადგენლობის დადასტურება ხდება წერილობითი მინდობილობით, რომელსაც ხელს აწერენ დაინტერესებული დასაქმებულები და პირი, რომელსაც ენიჭება წარმომადგენლობის უფლება.
3. წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი.
4. წარმომადგენელი მოქმედებს მხოლოდ იმ დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებმაც მას მიანიჭეს წარმომადგენლობის უფლება.
მუხლი #43 - კოლექტიური ხელშეკრულება
1. კოლექტიური ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
2. კოლექტიური ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
3. განსაზღვრული ვადით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მისი ძალაში შესვლის და ვადის გასვლის თარიღებს.
4. განუსაზღვრელი ვადით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მისი გადასინჯვის, შეცვლისა და შეწყვეტის შესახებ დებულებებს.
5. კოლექტიური ხელშეკრულების არსებობა არ ზღუდავს დამსაქმებლის ან დასაქმებულის უფლებას, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა, რაც არ იწვევს ამ ხელშეკრულების მონაწილე სხვა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
6. კოლექტიურ ხელშეკრულებაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ხელშეკრულების სუბიექტები.
7. კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება ხელშეკრულების მხარეებზე. თუ კოლექტიური ხელშეკრულება დადებულია დამსაქმებელსა და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის და ასეთ ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრებულია მოცემულ საწარმოში მომუშავე დასაქმებულთა 50%-ზე მეტი, ამავე საწარმოში მომუშავე ნებისმიერ სხვა დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობით მოსთხოვოს დამსაქმებელს, რომ ისიც გახდეს ასეთი კოლექტიური ხელშეკრულების მხარე. დამსაქმებელი ვალდებულია ასეთი წერილობითი მოთხოვნა დააკმაყოფილოს მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ პუნქტის პირობები არ უკრძალავს სხვა დასაქმებულთა გაერთიანებას, რომელიც აერთიანებს აღნიშნულ საწარმოში მომუშავე დასაქმებულთა 50%-ზე ნაკლებს, რომ დამსაქმებელთან ცალკე აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ცალკე კოლექტიური ხელშეკრულება.
8. კოლექტიური ხელშეკრულების დებულებები ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასაქმებულთა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების განუყოფელი ნაწილია.
9. ბათილია კოლექტიური ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.
კარი #4 - პასუხისმგებლობა და დავა
თავი #11 - პასუხისმგებლობა
მუხლი #44 - მიყენებული ზიანისათვის მატერიალური პასუხისმგებლობა
შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი #45 - წერილობითი ხელშეკრულება პასუხისმგებლობის შესახებ
1. წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან.
2. წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება დაიდოს სრულწლოვან დასაქმებულთან, რომელიც ახორციელებს მისთვის გადაცემული ფასეულობების შენახვას, დამუშავებას, გაყიდვას (გადაცემას), გადაზიდვას ან წარმოების პროცესში გამოყენებას.
მუხლი #46 - შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები
1. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
2. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეიძლება დაუწესდეთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში მოღვაწე პირებს.
5. ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი #12 - დავა
მუხლი #47 - დავა
1. დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში.
2. დავა წარმოიშობა მხარის მიერ მეორე მხარისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით უთანხმოების შესახებ.
3. შრომითი ურთიერთობის დროს დავის წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა;
ბ) ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან კოლექტიური ხელშეკრულების ან შრომის პირობების დარღვევა;
გ) დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებთან ან/და კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული უთანხმოება. ეს უთანხმოება უნდა გადაწყდეს ამ კანონის 48-ე ან 48' მუხლით გათვალისწინებული შემათანხმებელი პროცედურების დაცვით.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
5. დავის განხილვა არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.
6. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემათანხმებელი პროცედურების დაცვით ან/და სასამართლოსათვის ან არბიტრაჟისათვის მიმართვით.
6'. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს ამ კანონის 48' მუხლით გათვალისწინებული შემათანხმებელი პროცედურების დაცვით ან/და სასამართლოსათვის ან არბიტრაჟისათვის მიმართვით.
7. კოლექტიური ხელშეკრულების მონაწილე დასაქმებული არ იზღუდება, მოცემული დავის შემთხვევაში ინდივიდუალურად დაიცვას თავისი უფლებები სხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
მუხლი #48 - ინდივიდუალური დავის განხილვა და გადაწყვეტა
1. ინდივიდუალური დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას.
2. მხარე მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები.
3. მეორე მხარე ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება განიხილოს და თავისი გადაწყვეტილება წერილობით აცნობოს მხარეს შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
4. წარმომადგენლები ან მხარეები იღებენ წერილობით გადაწყვეტილებას, რომელიც არსებული შრომითი ხელშეკრულების ნაწილი ხდება.
5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.
6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება.
7. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე.
8. დაუშვებელია დავის განხილვის პროცესში მხარის მიერ მოთხოვნის გაზრდა ან დავის საგნის შეცვლა.
მუხლი #48' - კოლექტიური დავის განხილვა და გადაწყვეტა
1. კოლექტიური დავა (დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის) უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე 20 დასაქმებული) ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ან მედიაციას ერთ-ერთი მხარის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის (შემდგომ - მინისტრი) შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში.
2. მხარე მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები.
3. მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე. წერილობითი შეტყობინება იმავე დღეს გადაეცემა დავის მეორე მხარესაც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღების საფუძველზე მინისტრი ნიშნავს დავის მედიატორს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის თანახმად. დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მხარის წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რაც წერილობით უნდა ეცნობოს მხარეებს.
5. დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ.
6. მხარეები ვალდებული არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს.
7. მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში დავის მედიატორი ვალდებულია გაუგზავნოს მას ანგარიში დავასთან დაკავშირებით.
8. დავის ნებისმიერ სტადიაზე მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე.
9. დავის მედიატორი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც მისთვის, როგორც დავის მედიატორისთვის, გახდა ცნობილი.
მუხლი #49 - გაფიცვა და ლოკაუტი
1. გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. გაფიცვაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირებს.
2. ლოკაუტი არის დავის შემთხვევაში დამსაქმებლის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.
3. კოლექტიური დავის დროს გაფიცვისა და ლოკაუტის უფლება წარმოიშობა ამ კანონის 48' მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინისტრისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან ან 48' მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მინისტრის მიერ საკუთარი ინიციატივით დავის მედიატორის დანიშვნიდან 21 კალენდარული დღის გასვლისთანავე.
4. ინდივიდუალური დავის დროს მხარეებმა გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე ერთმანეთს წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის ან ლოკაუტის დრო, ადგილი და ხასიათი.
5. კოლექტიური დავის დროს მხარეებმა გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე ერთმანეთს და მინისტრს წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის ან ლოკაუტის დრო, ადგილი და ხასიათი.
6. გაფიცვის ან ლოკაუტის დროს მხარეები ვალდებული არიან, განაგრძონ შემათანხმებელი პროცედურები.
7. ლოკაუტი არ შეიძლება გაგრძელდეს 90 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს.
8. გაფიცვის ან ლოკაუტის დროს დამსაქმებელი არ არის ვალდებული, მისცეს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება.
9. გაფიცვა ან ლოკაუტი არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.
მუხლი #50 - გაფიცვისა და ლოკაუტის გადადება ან შეჩერება
თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას, სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყება არა უმეტეს 30 დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა ან ლოკაუტი შეაჩეროს ამავე ვადით.
მუხლი #51 - უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი
1. საომარი მდგომარეობის დროს გაფიცვის ან ლოკაუტის უფლება შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს - საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.
2. დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება.
3. თუ ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და მოაწყო გაფიცვა ან ლოკაუტი, ასეთი გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოდ ჩაითვლება.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
5. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
6. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს. სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ.
მუხლი #52 - დასაქმებულთა გარანტიები
1. გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა.
2. თუ სასამართლომ ლოკაუტი უკანონოდ ცნო, დამსაქმებელი ვალდებულია აღადგინოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულებთან და აუნაზღაუროს გაცდენილი სამუშაო საათები.
3. დასაქმებულები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გაფიცვაში, მაგრამ გაფიცვის გამო ვერ ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს, დამსაქმებელმა შეიძლება გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე ან აუნაზღაუროს შეჩერების პერიოდი სამუშაოს საათობრივი განაკვეთის მიხედვით.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
კარი #4' - სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია
თავი #12' - სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია
მუხლი #52' - ზოგადი დებულებანი
1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია (შემდგომ - სამმხრივი კომისია) არის სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის - საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
2. სამმხრივი კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამმხრივი კომისიის მხარეები არიან საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა გაერთიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები.
4. თითოეულ მხარეს სამმხრივ კომისიაში ჰყავს 6 წევრი, რომლებიც შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე.
5. თითოეული დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც სამმხრივი კომისიის მხარეა, თავად იღებს გადაწყვეტილებას სამმხრივი კომისიის წევრებად წარსადგენად საკუთარ წარმომადგენელთა შერჩევის თაობაზე.
6. სამმხრივი კომისიის წევრებად წარდგენილი უნდა იქნენ მხარეთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, რომლებიც, თავის მხრივ, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ კომისიის დანარჩენ 5-5 წევრს.
7. სამმხრივ კომისიაში საქართველოს მთავრობას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირები შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებებიდან:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მუხლი #52'2 - სოციალური პარტნიორობა და სამმხრივი კომისიის საქმიანობის პრინციპები
1. სოციალური პარტნიორობა არის შრომითი ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით სოციალურ პარტნიორებს - დამსაქმებლის (დამსაქმებელთა გაერთიანების), დასაქმებულის (დასაქმებულთა გაერთიანების) და სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლებს - შორის დიალოგისა და ურთიერთობათა სისტემა.
2. სამმხრივი კომისიის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა;
ბ) სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა;
გ) კოორდინაცია და პასუხისმგებლობა;
დ) ინფორმირებულობა;
ე) ვალდებულებათა შესრულება;
ვ) ტრიპარტიზმი;
ზ) კონსენსუსი.
3. სოციალური პარტნიორობის განვითარება შესაძლებელია ეროვნულ, სექტორულ, ტერიტორიულ, საწარმოო და სხვა ორგანიზაციულ დონეებზე.
მუხლი #52'3 - სამმხრივი კომისიის ფუნქციები
სამმხრივი კომისიის ფუნქციებია:
ა) ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე;
ბ) შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
მუხლი #52'4 - სამმხრივი კომისიის უფლებამოსილებები
1. თავისი ფუნქციების შესასრულებლად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამმხრივი კომისია უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა მიერ დასმული საკითხები;
ბ) კომისიის სხდომაზე მოისმინოს მხარეთა ინფორმაციები მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა დაწესებულებებისაგან მის მიერ საკითხების განსახილველად საჭირო მასალები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. მათი მოწვევის დროს უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი;
ე) შეიმუშაოს და დაინტერესებულ პირებს წარუდგინოს წინადადებები მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. სამმხრივი კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადაა 1 წელი. სამმხრივი კომისიის ახალი შემადგენლობა განისაზღვრება წინა შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.
3. სამმხრივი კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სამმხრივი კომისიის შემადგენლობა, სტრუქტურა, საქმიანობისა და შემადგენლობის დამტკიცების წესები, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
კარი #5 - გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი #13 - გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი #53 - კანონის გავრცელება არსებულ შრომით ურთიერთობებზე
ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.
მუხლი #54 - კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებანი
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს:
ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი - ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში;
ბ) მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, აგრეთვე დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალი და წესები - 2007 წლის 1 ივლისამდე;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დებულება - ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში;
დ) დასაქმების კერძო სააგენტოს სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი - ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. დასაქმების კერძო სააგენტოდ ითვლება ნებისმიერი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ეწევა მომსახურებას უმუშევრის (სამუშაოს მაძიებლის) დასაქმების მიზნით. ამ ნორმის მიზნებისათვის უმუშევრად (სამუშაოს მაძიებლად) ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი პირი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად;
ე) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა - 2013 წლის 1 ნოემბრამდე.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის N85/ნ ბრძანება "დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე" იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ორსულობისა და მშობიარობის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებამდე.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 17 იანვრის N12/ნ ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ახალი დებულების ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებამდე.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს უმუშევართა შემწეობებზე მხოლოდ ამ კანონის ამოქმედების დღემდე არსებული დავალიანებების დაფარვა.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს უმუშევართა რეგისტრაციისა და მათი დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების წესის დამტკიცება. ამ ნორმის მიზნებისათვის უმუშევრად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი პირი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად.
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო რეორგანიზებულ იქნეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად - სოციალური სუბსიდიების სააგენტოდ და ჩაითვალოს აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს უფლებამონაცვლედ, მათ შორის, ქონებრივი სახის ურთიერთობებში, აგრეთვე ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის ფულადი სახის სოციალური დახმარების (შეღავათის) ანაზღაურების ნაწილში.
9. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 28-ე და 29-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც 2014 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.
მუხლი #55 - კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
N4113-რს
გამოქვეყნებულია N75 მაცნეში
27.12.2010
ნაწილი I
მიღებულია - 08/04/2005 ძალაშია - 04/05/2005
მიმღები: პარლამენტი
ეხება დარგებს: განათლება
თავი #1 - ზოგადი დებულებანი
მუხლი #1 - საქართველოს კანონმდებლობა ზოგადი განათლების სფეროში და ამ კანონის მოქმედების სფერო
1. ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები.
2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მუხლი #2 - ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტორიზაცია - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
ა') აკრედიტაცია - აკრედიტაციის სტანდარტებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა;
ა'2) ბრენდირება - სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემა, რომელიც ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. სკოლების ბრენდირებისას უმაღლესი შეფასება ენიჭება აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის მქონე სკოლას;
ბ) დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა - ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად;
ბ') დირექტორის ეთიკის კოდექსი - დირექტორის ქცევის წესების ერთობლიობა;
გ) დისციპლინური გადაცდომა - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა;
დ) დისციპლინური დევნა - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა;
ე) დისციპლინური სახდელი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა;
ე') ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო - დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებს;
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა - დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას;
ზ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება - საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება;
თ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება - საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
ი) ეროვნული შეფასებების სისტემა - სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა;
კ) ექსტერნატი - იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები;
ლ) ვაუჩერი - სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებული იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად;
მ) ზოგადი განათლება - განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს;
ნ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი - დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის მიზნებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად;
ო) ზოგადი განათლების საფეხურები - საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი);
პ) ზოგადი განათლების სისტემა - ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას;
ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც;
რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი - ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ს) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ტ) თვითშეფასება - სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის შემოწმება. თვითშეფასების პროცესში მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები;
უ) ინკლუზიური განათლება - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად;
ფ) კაპიტალური ხარჯები - გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების, სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების შეძენა, შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა და რეკონსტრუქცია;
ქ) კერძო სკოლა - კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ღ) კლასი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს;
ღ') მასწავლებელი - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ღ'2) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი - მასწავლებლის პროფესიული ქცევის ნორმების ერთობლიობა;
ღ'3) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი - პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების, აგრეთვე კვალიფიკაციების ჩამონათვალი, რომელსაც ამ კანონის 21'2 მუხლით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს;
ღ'4) მასწავლებლობის მაძიებელი - პირი, რომელიც დროებით ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად;
ღ'5) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა - მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებით, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და შეფასებების აღიარება;
ღ'6) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ღ'7) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა - საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზებსა და საშუალებებს;
ღ'8) მოსწავლე - პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ყ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;
ყ') მოსწავლის ქცევის კოდექსი - მოსწავლის ქცევის წესების ერთობლიობა;
შ) მშობელი - მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი;
შ') საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური - შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
შ'2) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსი - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების, დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების, დისციპლინური წარმოების, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანოს შექმნის, წესების ერთობლიობა;
ჩ) მცირეკონტინგენტიანი სკოლა - სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
ჩ') მულტილინგვური განათლება - განათლება, რომლის მიზანია სხვადასხვა ენაში მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციათა განვითარება-გაღრმავება. იგი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იმგვარი სწავლების ორგანიზებას, რომელიც გაზრდის აღნიშნული ენების შესწავლისა და გამოყენების ქმედითობას;
ჩ'2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე - პირი, რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება;
ჩ'3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომ - მულტიდისციპლინური გუნდი) - სპეციალისტთა გუნდი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით ახორციელებს პირის შეფასებას და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევას;
ჩ'4) ექსპერტთა ჯგუფი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ჯგუფი (ჯგუფები), რომელიც (რომლებიც) ამ კანონის შესაბამისად იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (რეფერალის) ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ჩ'5) სოციალური მუშაკი - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
ჩ'6) სკოლა-პანსიონი - სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წესრიგდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
ც) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ძ) პედაგოგიური საქმიანობა - მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა;
წ) პილოტირება - ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის საშუალებების რეალურობის შემოწმება სკოლებში;
წ') ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ჭ) სასკოლო დრო - სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული, აგრეთვე მისი სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო;
ხ) სასკოლო სასწავლო გეგმა - სასწავლო გეგმა, რომელიც კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ აუცილებელ დატვირთვას; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
ჯ) საჯარო სკოლა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ჯ') ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ჯ'2) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ჰ) სკოლის დირექცია - სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და ბუღალტერია;
ჰ') სკოლის პედაგოგიური საბჭო - სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო;
ჰ'2) სკოლის სამეურვეო საბჭო - სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო;
ჰ'3) პირადი გასინჯვა - მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ან მანდატურის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
მუხლი #3 - ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები
1. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:
ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს:
ა) ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
ბ) საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში;
გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;
დ) ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დადგენას;
ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრას;
თ) ინკლუზიური განათლების დანერგვას;
ი) მასწავლებელთა პროფესიის რეგულირებას.
მუხლი #4 - სწავლების ენა
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართული ან აფხაზური.
2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ერთ-ერთ სახელმწიფო ენაზე, მეორე სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა.
3. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ორივე სახელმწიფო ენისა.
4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება განხორციელდეს უცხოურ ენაზე. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ორივე სახელმწიფო ენისა.
5. სენსორული დარღვევის მიმართულებით სპეციალიზებულ სკოლაში, სადაც განათლებას იღებენ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები, გამოიყენება ჟესტების ენა და მისი ანალოგები.
6. სენსორული დარღვევის მიმართულებით სპეციალიზებულ სკოლაში, სადაც განათლებას იღებენ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები, გამოიყენება ბრაილის სისტემა.
მუხლი #5 - ეროვნული სასწავლო გეგმა
1. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.
1'. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის აუცილებლობის შემთხვევაში სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
2. ეროვნული სასწავლო გეგმით განისაზღვრება იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალი, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველ საგანში თუ საგნობრივ ჯგუფში კლასის ან საფეხურის დამთავრებისას. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
3. ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნობრივ ჯგუფებს:
ა) სახელმწიფო ენა;
ბ) მათემატიკა;
გ) უცხოური ენები;
დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;
ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ვ) ტექნოლოგიები;
ზ) ესთეტიკური აღზრდა;
თ) სპორტი. (ეს პუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებიდან)
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფები იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ისწავლება ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულად ან/და აფხაზურად.
5. ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
6. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური და არადისკრიმინაციული.
მუხლი #6 - ზოგადი განათლება
1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
1'. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით დაძლია.
2. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაჩქარებული გავლა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
3. მოსწავლის ან მისი მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოსწავლის მიერ საგნების გავლის დამადასტურებელი ცნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.
4. დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე.
5. ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.
5'. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ჩაირიცხოს სკოლაში ან სწავლა გააგრძელოს ექსტერნატის ფორმით, გამოცდების ჩაბარების გარეშე, ასაკის შესაბამის კლასში ან მაქსიმუმ ორი კლასის ქვემოთ.
6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი.
7. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #7 - ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელება შეუძლებელია სტანდარტული ვაუჩერის მეშვეობით, სახელმწიფო ასეთ მოსწავლეებს უზრუნველყოფს გაზრდილი ვაუჩერით ან/და დამატებითი დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაზრდილი ვაუჩერის ოდენობითა და დამატებითი დაფინანსებით უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების ღიაობას და მის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
ბ) საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების და მულტილინგვური განათლების დანერგვას;
გ) საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას;
დ) საჯარო სკოლის მასწავლებლების, დირექციისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შრომის შესაბამის ანაზღაურებას;
ე) საჯარო სკოლაში ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას;
ვ) საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, განსაკუთრებით იმ საჯარო სკოლაში, რომელსაც რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხება სასწავლო პროცესში გამოყენებული ერთზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე სოფელში/დაბაში და მაღალმთიან რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებსა და მრავალსექტორიან საჯარო სკოლაში.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი #2 - მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
მუხლი #8 - ძირითადი გარანტიები
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს, აგრეთვე მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლონ ამ თავით დაცული და სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, აგრეთვე სკოლის ყველა რესურსით.
2. სკოლას უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები.
3. სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე:
ა) ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა;
ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა;
გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზებისა;
დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა.
4. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
5. დაუშვებელია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასია. ნებისმიერი შეზღუდვა ან რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების ადგილის, დროის და ფორმის ისეთ ნეიტრალურ შეზღუდვებს, რომლებიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე და ტოვებს ალტერნატიული გზებით მათი განხორციელების ეფექტიან შესაძლებლობას.
6. ამ კანონით აღიარებული მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას მათი კანონიერება ივარაუდება. მათ შესახებ წარმოშობილი დავისას ამ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უკანონობის მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს.
7. დაუშვებელია სკოლის მიერ ისეთი ღონისძიების დაფინანსება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
8. ეს კანონი არ უარყოფს იმ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც არ არის აქ მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.
მუხლი #9 - ზოგადი განათლების მიღების უფლება
1. ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
2. ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის ზოგადი განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის იქმნება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება მისი სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული მოსწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღოს ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
4'. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.
5. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს ალტერნატიული ფორმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შრომითი და ოჯახური პირობების გათვალისწინებით.
6. სახელმწიფო იცავს მოსწავლის და მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლებას. მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლება არ გულისხმობს:
ა) სავალდებულო განათლებისთვის თავის არიდების უფლებას;
ბ) ისეთ განათლებას, რომელიც ხელს შეუშლის ამ კანონის მიზნების მიღწევას.
7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.
8. მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან.
9. სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება. საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
10. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით.
11. სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს სწავლა სხვა სკოლაში განაგრძოს.
12. მოსწავლეს უფლება აქვს გადავიდეს ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი #10 - საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის უფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ.
2. სკოლა ვალდებულია ყოველ ახალ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გააცნოს მათი უფლებები და თავისუფლებები.
3. სკოლა ვალდებულია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.
მუხლი #11 - სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში.
2. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, მიიღონ სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა.
3. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ მოითხოვონ და მიიღონ სკოლის მიერ მათთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მათი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა.
4. მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს მისი ჭეშმარიტი ინტერესი.
მუხლი #12 - გასაჩივრების უფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთ უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
2. სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.
3. საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
5. სამოქალაქო სამართალწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სასამართლოში საჯარო სკოლის წარმომადგენლობას ამ საჯარო სკოლის დირექტორის მინდობილობის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე - განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელი.
მუხლი #13 - ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა
1. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.
2. დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ.
3. დაუშვებელია სკოლაში მიღებისას რაიმე სახის დისკრიმინაცია. ეს ნორმა არ გამორიცხავს შესაძლებლობას შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო, პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებას, ასევე სხვა სტატუსის სკოლებში. შესარჩევი კონკურსის ჩატარებისას აუცილებელია პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინება.
4. დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია.
5. ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
6. სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.
7. სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.
მუხლი #14 - გამოხატვის თავისუფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენონ სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.
2. მოსწავლეს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა.
3. დაუშვებელია სასკოლო გამოცემათა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და სასკოლო ბიბლიოთეკაში წიგნების ცენზურა. ეს ნორმა არ ზღუდავს სკოლას, დააწესოს არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვები, რათა უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა ასაკის შეუსაბამო ლიტერატურის მავნე ზეგავლენისაგან.
4. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ საქველმოქმედო მიზნებისათვის, დადგენილი წესით მოიზიდონ ნებაყოფლობითი შემოწირულობები. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვა.
5. მოსწავლეს და მასწავლებელს აქვთ სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლება იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას.
6. სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.
7. სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით.
მუხლი #15 - შეკრების თავისუფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება.
2. დაუშვებელია, სკოლამ წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრების მსვლელობა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრებას.
3. გარეშე პირს უფლება აქვს, დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას მხოლოდ მათი მიწვევით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
მუხლი #16 - გაერთიანების თავისუფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ კანონით დადგენილი წესით გაერთიანების თავისუფლება.
2. დაუშვებელია, სკოლა ჩაერიოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გაერთიანების საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. დაუშვებელია, გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება.
მუხლი #17 - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
1. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. მათ არ შეიძლება მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ ინფორმაცია თავიანთ პირად ცხოვრებაზე.
2. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებისას და შენახვისას სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით.
3. მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია დისციპლინური მონაცემებისგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს.
4. სკოლას უფლება აქვს მოსთხოვოს მოსწავლეს და მასწავლებელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის ხელმისაწვდომობა.
5. დაუშვებელია მოსწავლის და მასწავლებლის პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, აგრეთვე მოსწავლის და მასწავლებლის პირად სარგებლობაში გადაცემული, სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეუხებლობის უფლების თვითნებური შეზღუდვა.
მუხლი #18 - რწმენის თავისუფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს კანონით დადგენილი წესით აქვთ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებისმიერი ან არც ერთი რწმენისა თუ მსოფლმხედველობის ნებაყოფლობით არჩევის და შეცვლის უფლება.
2. დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს, თუ ეს არ ლახავს სხვათა უფლებებს, ან ხელს არ შეუშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას.
3. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს.
4. საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია ან ჩაატარონ რელიგიური რიტუალი, თუ იგი ემსახურება რელიგიური განათლების მიღებას.
მუხლი #19 - დისციპლინა
1. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.
2. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.
3. სკოლის შინაგანაწესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები. მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.
4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.
6. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.
7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.
8. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.
9. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს ან მანდატურს სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის ან მანდატურის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.
10. დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.
11. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დისციპლინური დევნისას ისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს და მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
12. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება - სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება - დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით.
12'. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
12''. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის - დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის - დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.
13. სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლესთან კონტაქტის დამყარებამდე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუდებელი აუცილებლობისას, პოლიციის თანამშრომელი ან სხვა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სკოლას შეატყობინოს კონტაქტის მიზანი, საქმის გარემოება და მისი მეშვეობით დაუკავშირდეს მოსწავლეს. სკოლა ვალდებულია მოსწავლეს განუმარტოს მისი უფლებები და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს, გარდა მშობლის მიერ ბავშვის უფლების ხელყოფის შემთხვევისა.
მუხლი #20 - ძალადობის დაუშვებლობა და უსაფრთხოება
1. დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი #21 - მასწავლებლის სხვა უფლებები და მოვალეობები
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს დაწესებულებას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ბ) მიიღოს შრომის ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივების მიხედვით;
გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
1'. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება;
ბ) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
დ) ჩაერთოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში;
ე) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესებით მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
1'2. მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.
2. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება სრული სამუშაო კვირის შემთხვევაში არ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საჯარო მოსამსახურის მინიმალურ ხელფასზე ნაკლები.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
4. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება იზრდება საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად.
თავი #2' - მასწავლებლის პროფესია
მუხლი #21' - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #21'2 - მასწავლებლის თანამდებობის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
1. მასწავლებლის თანამდებობის სახეებია:
ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის დაწყებით საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც ერთ საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც სახელოვნებო ან სასპორტო საგანს/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) სპეციალური მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის დაწყებით საფეხურზე და ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესში მის ჩართვას დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე;
ვ) სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი - სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი, რომელზედაც არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლობისა და რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ზ) დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი - არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს დაწყებით საფეხურზე;
თ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი - არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს საბაზო და საშუალო საფეხურებზე.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელიც მოიცავს პროფესიულ სტანდარტს თითოეული სახის მასწავლებლისათვის. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი უნდა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელი.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიას შეიძლება ასწავლიდეს პროფესიის მასწავლებელი, რომელიც არის პროფესიული განათლების მასწავლებელი "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი #21'3 - მასწავლებლის განათლება
1. ამ კანონის 21'2 მუხლის პირველი პუნქტის "ა"-"გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;
დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.
2. ამ კანონის 21'2 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან იმ სკოლაში, რომელიც ახორციელებს განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის), ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული ქცევის და დაუმორჩილებლობის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანამდევი სიმპტომი) დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სპეციალურ პედაგოგიკაში მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.
3. ამ კანონის 21'2 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;
დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა.
4. ამ კანონის 21'2 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ანდა სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
5. ამ კანონის 21'2 მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) შესაბამისი სამხედრო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
6. ამ კანონის 21'2 მუხლის პირველი პუნქტის "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ ორი ენა, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს. ამასთანავე, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სასკოლო პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სასკოლო პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
7. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლისათვის დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი #21'4 - მასწავლებლობის მაძიებელი
1. მასწავლებლობის მაძიებლობის უფლება შეიძლება მოიპოვოს პირმა, რომელიც დადგენილი წესით გაივლის რეგისტრაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მაძიებლობის პერიოდის განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა.
4. მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა უფლებითა და შეღავათით, გარდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ამ კანონით დადგენილი მინიმალური ოდენობის მიღებისა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებებისა.
5. მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არა უმეტეს 2 წლისა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მაძიებლობის პერიოდის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დადგენილი წესით წარუდგენს დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ. დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მასწავლებლობის მაძიებელმა დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მაძიებლობის პერიოდი;
ბ) მასწავლებლობის მაძიებელმა დადგენილი წესით ვერ გაიარა მაძიებლობის პერიოდი.
7. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ვაკანსია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ შეივსო, განსაზღვრული ვადით, აღნიშნული ვაკანსიის შევსებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების უფლება აქვს პირს, რომელიც არ აკმაყოფილებს მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის მაძიებლისათვის სწავლების უფლების მინიჭების ვადას განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი #21'5 - მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #21'6 - მასწავლებლის სერტიფიკატი
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #21'7 - მასწავლებლის საქმიანობის დაწყება, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა
1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად.
2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლებს უნდა აყენებდეს თანაბარ მდგომარეობაში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა.
3. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება, მისი პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა განსაზღვრავს:
ა) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესს;
ბ) საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესს;
გ) მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს და მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემის წარმოების წესს;
დ) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სხვა საკითხებს.
5. საქართველოს მთავრობა ქმნის სახელმწიფო კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას. სახელმწიფო კომისია:
ა) განსაზღვრავს მასწავლებლის შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ბ) განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
გ) განსაზღვრავს მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
დ) განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელ გზებსა და საშუალებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ე) განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ვ) განსაზღვრავს მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალს, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება, და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ზ) განსაზღვრავს კრედიტქულების შეწონვის წესს, კრედიტქულების განაწილების პრინციპებს და კრედიტქულების გაანგარიშების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
თ) მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ადგენს კრედიტქულებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ი) ადგენს კრედიტქულების დაგროვების ვადებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
6. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დაფინანსების შესაძლო წყაროებია:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახსრები, მათ შორის, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლები;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის სახსრები;
გ) მასწავლებლის თვითდაფინანსება;
დ) დონორების მიერ დაფინანსება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
მუხლი #21'8 - მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია
1. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ხოლო სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება აქვს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
2. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი).
3. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით.
4. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება აგრეთვე ამ პროგრამის კრედიტების რაოდენობა.
მუხლი #43 - დირექტორის ფუნქციები
1. სკოლის დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას;
ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს;
დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;
ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
ზ') უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში;
ზ'2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე - განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობით გადის შვებულებაში. სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახება არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე - განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება. სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელი სკოლის დირექტორი შვებულებაში გადის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და მისი შვებულებიდან გამოძახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა;
თ) სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში - ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ;
ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;
კ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
ლ) ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
მ) შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად;
ნ) სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას;
ნ') ასრულებს საჯარო სკოლის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახალდაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საჯარო სკოლის პირველი სამეურვეო საბჭოს შექმნამდე;
ნ'2) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამეურვეო საბჭოს დათხოვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, აგრეთვე სამეურვეო საბჭოს ვერარჩევის შემთხვევაში ასრულებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს.
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
2. დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო ან პროფილურ სახელოვნებო მომზადებასა და განათლებას, წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ დირექტორმა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს შესაბამისად სამხედრო ან სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად.
მუხლი #44 - დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება აგრეთვე შეიძლება შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპენსიო ასაკის მიღწევისას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული და არჩეული დირექტორებისათვის არ შეიძლება არსებობდეს განსხვავება საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების (მათ შორის, დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების) შეწყვეტის საფუძვლებსა და წესებში.
2. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ახალი დირექტორის არჩევამდე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
4. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.
თავი #9 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო
მუხლი #45 - პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი და მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
2. საბჭოს წევრთა ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
3. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
4. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
5. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.
6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს სამხატვრო საბჭომ. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც აირჩევა/ინიშნება წესდებით გათვალისწინებული წესით.
მუხლი #46 - პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
პედაგოგიური საბჭო:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;
ა') საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;
ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
ბ') ირჩევს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორს;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;
დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.
თავი #10 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა თვითმმართველობა
მუხლი #47 - მოსწავლეთა თვითმმართველობა
1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის ამ კანონისა და სკოლის წესდების თანახმად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
2. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.
3. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.
4. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
მუხლი #48 - მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები
მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.
თავი #10' - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
მუხლი #48' - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს (შემდგომ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური), რომლის ამოცანაა:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში - საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 20 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს.
3'. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. (ეს პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან)
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ატარებს სამსახურებრივ ფორმას. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
მუხლი #48'2 - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.
3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის თაობაზე რეკომენდაციებსა და სტატისტიკურ ანგარიშს;
ე) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი #48'3 - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობები
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობებია:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულების და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის, მასწავლებლის, რექტორის და აკადემიური პერსონალის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება;
დ) მოსწავლეებისათვის/სტუდენტებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლის სამართლის დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;
ე) მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა ქცევის შესახებ;
ვ) საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა;
ზ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება;
თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა;
ი) დამოუკიდებლად ან საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე წესრიგისა და დისციპლინის დაცვა;
კ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
ლ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა;
მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით პირადი გასინჯვის ჩატარება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენება.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური მიწვევის საფუძველზე ესწრება საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების სხდომებს და გამოთქვამს მოსაზრებებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
მუხლი #48'4 - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამართლებრივი დაცვა
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს იცავს კანონი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის.
2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.
5. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
მუხლი #48'5 - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სოციალური დაცვა
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.
2. ზიანი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, მას სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
5. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
მუხლი #48'6 - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შემთხვევები და წესი
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას;
გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევისას;
დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ.
3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს:
ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია;
ბ) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;
გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
4. აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ფეხმძიმე ქალისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
თავი #10'2 - არასრულწლოვნის გადამისამართება (რეფერალი)
მუხლი #48'7 - არასრულწლოვნის გადამისამართების (რეფერალის) წესი
1. გადამისამართება (რეფერალი) (შემდგომ - გადამისამართება) (არასრულწლოვნის სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა ან მის მიმართ სხვა ღონისძიებების გამოყენება, მისი სხვა სკოლაში გადაყვანა ან სკოლა-პანსიონში გაგზავნა) ხორციელდება განსაზღვრული ვადით, არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, ანტისოციალური ქცევის მქონე იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელსაც შეუსრულდა 12 წელი და ექსპერტთა საბჭოსათვის მიმართვიდან 6 თვის განმავლობაში არ შეუსრულდება 18 წელი.
2. ანტისოციალური ქცევა არის ქცევა, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის ფსიქოსოციალურ განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს და სისტემატურად ვლინდება არანაკლებ 6 თვის განმავლობაში, გარდა არასრულწლოვნის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში გადამისამართების მიზეზი შეიძლება გახდეს 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის ისეთი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და რომლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ ასაკს მიღწეული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში დადგებოდა ამ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
4. გადამისამართება არ განხორციელდება იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და ამ ქმედების ჩადენის მომენტისათვის მიაღწია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს.
5. არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სოციალური მუშაკები, იურისტები, პედაგოგები და ფსიქოლოგები. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
6. სკოლა, მანდატური, არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, პროკურორი, უბნის ინსპექტორი, სოციალური მუშაკი უფლებამოსილია ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინოს მიმართვა არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ. მიმართვაში აღწერილი უნდა იყოს არასრულწლოვნის ქცევა და მას უნდა დაერთოს შესაბამისი ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. გადამისამართების საკითხის განხილვამდე სოციალური მუშაკი ექსპერტთა ჯგუფის წევრთა დახმარებით ახორციელებს არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას.
8. გადამისამართების საკითხს უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ექსპერტთა ჯგუფი ამ კანონითა და ექსპერტთა ჯგუფის დებულებით დადგენილი წესით. ექსპერტთა ჯგუფის დებულებას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
9. გადამისამართების საკითხის განხილვისას ექსპერტთა ჯგუფი მოუსმენს მიმართვის ავტორს, თვით არასრულწლოვანს (მისი ინტერესებიდან გამომდინარე), მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და სოციალურ მუშაკს. ექსპერტთა ჯგუფმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ.
10. ექსპერტთა ჯგუფი არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც მისი განხილვისას გამოვლინდა. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალური შეფასების შედეგები.
11. ექსპერტთა ჯგუფი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) არასრულწლოვნის გადამისამართების მიზანშეუწონლობის შესახებ;
ბ) არასრულწლოვნის გადამისამართების (მათ შორის, სკოლა-პანსიონში გაგზავნის) შესახებ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ გადამისამართების რომელი ღონისძიება (მათ შორის, სკოლა-პანსიონში გაგზავნა) უნდა იქნეს გამოყენებული, და ამ ღონისძიების გამოყენების პირობები;
გ) არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ (სასამართლოსადმი შუამდგომლობა).
12. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას (შუამდგომლობას) ექსპერტთა ჯგუფი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ გადამისამართების სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი არასრულწლოვნის რესოციალიზაციისათვის. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვანი იგზავნება მომდევნო სასწავლო სემესტრის დასრულებამდე.
13. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ შუამდგომლობა მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება მის სკოლა-პანსიონში გაგზავნას.
14. ექსპერტთა ჯგუფი სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს:
ა) არასრულწლოვნის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;
ბ) არასრულწლოვნის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
15. ამ მუხლის მე-11 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით, "ბ" ქვეპუნქტით (გარდა არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) და მე-14 პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
16. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაეცემა არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ მიმართვის ავტორს და არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (თუ იგი არ არის მიმართვის ავტორი).
მუხლი #48'8 - არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება
1. არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში - შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირი ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. თუ ეს ვადა დაირღვა, ექსპერტთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს სოციალური მუშაკი.
2. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას სოციალური მუშაკისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს პოლიციას ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (გარდა სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ყოველი შემდგომი ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის მიერ უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო საქმეს განიხილავს და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია განიხილოს არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ამ თავით დადგენილი წესით.
7. ჯარიმის გადახდის იძულებითი აღსრულება ხდება ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი #48'9 - არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული გადამისამართების ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა
1. არასრულწლოვნის გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული ღონისძიების (გარდა არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) გამოყენების ვადის გასვლამდე 15 დღით ადრე სოციალური მუშაკი ექსპერტთა ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას არასრულწლოვნის მიერ მიღწეული პოზიტიური შედეგების ან/და არსებული სირთულეების შესახებ. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფს წარუდგენს (წარუდგენენ) სკოლა-პანსიონში მომუშავე სპეციალისტი (სპეციალისტები) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული გადამისამართების ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან ვადის გაგრძელების შესახებ.
2. გადამისამართების ღონისძიების ვადის გაგრძელება ხდება იმ შემთხვევაში, თუ, არასრულწლოვნის მიერ პოზიტიური შედეგების მიღწევის მიუხედავად, სრულად ვერ განხორციელდა მისი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.
3. გადამისამართების ღონისძიების შეცვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გადამისამართების არსებული ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას ან აღარ არის აუცილებელი ამ მიზნის მისაღწევად.
4. თუ გადამისამართების ღონისძიების შეცვლა ან ვადის გაგრძელება ითვალისწინებს არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნას ან სკოლა-პანსიონში ყოფნის ვადის გაგრძელებას, გადაწყვეტილება მიიღება ამ თავით დადგენილი წესით.
თავი #11 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი, ქონება, დაფინანსება,ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვა
მუხლი #49 - სახელმწიფო კონტროლი
1. სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები - საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობას.
3. საჯარო სკოლა მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. ანგარიშის წარდგენის ფორმებსა და ვადებს ადგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
4. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას.
5. სკოლამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.
6. ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში.
6'. სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას დაინტერესებული მხარე სასამართლოში ასაჩივრებს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.
6'2. ამ მუხლის მე-6, 6' და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;
ბ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
გ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
დ) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.
7'. დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი.
8. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
9. ამ მუხლის მე-6, 6' და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით, აგრეთვე დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას სკოლის სამეურვეო საბჭოს/საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილებაშეწყვეტილ პირს 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ასევე ნებისმიერი სხვა თანამდებობა საჯარო სკოლის დირექციაში.
მუხლი #50 - საჯარო სკოლის ქონება
1. საჯარო სკოლის შენობა და შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და სკოლას გადაეცემა უვადო და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე - შესაბამისი განათლების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საჯარო სკოლა უფლებამოსილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს აკრედიტებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელს სკოლის ფართობი.
მუხლი #51 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსები
1. სკოლის ძირითადი დაფინანსება ხორციელდება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით, აგრეთვე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
2. საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
4. სკოლას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
მუხლი #52 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა
1. საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.
2. დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით.
3. სამეურვეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%-ს.
4. საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი #12 - გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი #53 - კანონის მიღებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება
1. ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს "განათლების შესახებ" საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი; მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის "ო", "პ", "ჟ" და "ს" ქვეპუნქტები; მე-20 მუხლის "კ", "ლ" და "ნ" ქვეპუნქტები; 21-ე მუხლი; 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი; 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ა.ბ", "ა.გ" და "ა.დ" ქვეპუნქტები; 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი; 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი; მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი; 44-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, აგრეთვე აღნიშნული კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც ამ კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ამავე კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის ¹16 ბრძანება "სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპიური დებულების დამტკიცებისა და თანმდევ ღონისძიებათა შესახებ" და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული ყველა ის ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი, რომელიც ამ კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ამავე კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.
მუხლი #54 - მოსამზადებელი სამართლებრივი აქტების პროექტები
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე მოამზადოს კანონპროექტები "სააღმზრდელო საქმიანობის შესახებ", "პროფესიული განათლების შესახებ" და "საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების აკრედიტაციის შესახებ".
2. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
3. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015 წლამდე უზრუნველყოს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცება.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის "ტ'" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღება.
მუხლი #55 - სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები
1. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები შეიძლება არსებობდნენ კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელს.
3. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, გარდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან, ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
მუხლი #56 - სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებები
1. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
2. იმ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
3. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
4. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
მუხლი #56' - სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი
1. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
2. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი მასწავლებლის საქმიანობის დაწყებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად.
3. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
4. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებენ ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის "ლ", "მ" და "ნ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ახორციელებენ აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
5. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებისა და წესის განსაზღვრის მიზნით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო მონაწილეობს მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის დებულების იმ ნაწილის შემუშავებაში, რომელიც ეხება სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა მომზადებასა და განვითარებას.
მუხლი #57 - საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებები
1. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით:
ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე, თუ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე, იყო 2 წელი;
ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, თუ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე, იყო 3 წელი.
1'. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებში აღნიშნული ვადების დაცვით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.
1''. 2007-2008 სასწავლო წლიდან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება არა აქვთ, განახორციელონ მიღება საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველ კურსზე.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებას აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას.
3. იმ საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს პროფესიულ სახელოვნებო და სასპორტო განათლებასა და მომზადებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აფუძნებს დარგობრივი სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მის წესდებას, ნიშნავს დირექტორს, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას.
4. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულება, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
5. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საბაზო განათლების მიღების შემდეგ. ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი - საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე ახორციელებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილი არიან გასცენ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე დაასრულეს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები და ისწავლეს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 2 წლის განმავლობაში. 2005-2006 სასწავლო წლის დასრულებამდე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ამ დაწესებულებებში ფინანსდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.
5'. ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი - საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, გარდა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომისა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასადასტურებლად გასცემენ ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებები ექვემდებარებიან აკრედიტაციას. აკრედიტაციის წესს, პირობებს და საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებების სტანდარტებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით, სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის წარდგინების საფუძველზე.
7. საშუალო პროფესიული განათლების ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ფინანსდება ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო საკუთრივ პროფესიული განათლება ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
მუხლი #58 - ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნების უზრუნველყოფა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2005 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებას, ასევე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ახალი წესდებების დამტკიცებას ამ კანონის შესაბამისად.
2. იმ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო- სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რომლებიც არ არიან საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო ბიჯეტიდან ფინანსდებიან, ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ მოქმედი ნორმები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს წესდების ერთიან ნიმუშს, რომლის მიხედვითაც დაფუძნდება ეს დაწესებულებები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს წესდების ნიმუშს და შესაბამისად დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ნუსხას.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკური განვითარების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები ამ კანონის მიღებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგენენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებათა ფინანსური და სამართლებრივი უზრუნველყოფის გეგმას.
5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა.
6. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
7. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის "ნ'" ქვეპუნქტი, 27-ე მუხლის 1' პუნქტი, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ'" ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან; საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის შემდეგ დამფუძნებლის მიერ შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, რის შემდეგაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.
მუხლი #59 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დასრულებამდე უზრუნველყოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნების ჩატარება. პირველი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული განრიგითა და წესით.
2. ამ კანონის ამოქმედება არის ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ საფეხურს მაინც, აგრეთვე იმ სკოლისგარეშე დაწესებულების, რომელიც ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, ხელმძღვანელის (დირექტორის) გათავისუფლების საფუძველი, რაც ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ხოლო სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებათა შემთხვევაში - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით. ამ კანონის შესაბამისად დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხოლო ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული სკოლისგარეშე დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
3. ამ კანონის ამოქმედება იწვევს საჯარო სკოლაში არსებული სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას.
4. ამ კანონის საფუძველზე პირველად არჩეული დირექტორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაცია იწვევს ამ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და ადმინისტრაციის/დირექციის თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.
5. პირველად არჩეულმა დირექტორმა რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
5'. 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.
6. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.
6'. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის 1 მაისამდე დაადგინოს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის ეტაპები.
7. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
8. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
9. საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
მუხლი #60 - სასწავლო პროგრამების ზოგადი განათლების საფეხურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში სწავლების დაწყება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
მუხლი #60' - 2011-2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებები
დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფების მიხედვით განსაზღვრული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სახელმძღვანელოებისთვის გრიფების მისანიჭებლად საჭირო ღონისძიებების ეტაპობრივი განხორციელება.
მუხლი #61 - მასწავლებელთა პირველი სერტიფიცირება
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #61' - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის სახეები და უცხოური ენის მასწავლებელი
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #61'2 - მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა
1. 2014 წლის ბოლომდე ჩატარებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები გათვალისწინებულ იქნეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილებისას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
2. მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელსა და 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ მასწავლებელს.
3. 2021 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყება შეუძლია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
მუხლი #62 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება
1. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ზოგადი განათლების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე გადასვლა განხორციელდეს ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლისა. ამ დრომდე ზოგადი განათლების დაფინანსებას ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის ორგანო. იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედის არც ერთი რაიონის შემადგენლობაში, აგრეთვე სადაც არ არსებობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს განსხვავება ადგილობრივი მმართველობის/თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოყოფილ დაფინანსებასა და ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივს შორის.
2. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ზოგადი განათლების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე გადასვლამდე ადგილობრივი მმართველობის/თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები სამეურვეო საბჭოში სარგებლობენ გადამწყვეტი ხმის უფლებით.
3. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს არა უგვიანეს 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებისა.
მუხლი #63 - 12-წლიან ზოგადსაგანმანათლებლო სწავლებაზე გადასვლა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს 2006-2007 სასწავლო წლიდან 12-წლიან ზოგადსაგანმანათლებლო სწავლებაზე ეტაპობრივი გადასვლა.
2. 12-წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება არ შეეხება 2006-2007 წლის დასაწყისში მე-11 კლასში მყოფ მოსწავლეებს.
3. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #63' - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი #63'2 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ გადაცემული საჯარო სკოლის ქონების განკარგვა
ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიენიჭოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ
.
მუხლი #63'3 - 2014-2015 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებული გამონაკლისი
2014-2015 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე მათი ასაკი 5 წელს აღემატება.
მუხლი #63'4 - სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2010 წლის 1 სექტემბრისთვის ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობას, უფლებამოსილია სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა მიერ ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე განახორციელოს აღნიშნული საგანმანათლებლო საქმიანობა. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
მუხლი #63'5 - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იმ არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხის შედგენა, რომელთა მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
მუხლი #64 - კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 8 აპრილი.
გამოქვეყნებულია N20 მაცნეში
04.05.2005
ნაწილი I
რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი: 430.050.000.05.001.001.778
მიღებულია - 31/12/2009 ძალაშია - 31/12/2009
მიმღები: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და "საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის #249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის "მ'" ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის თანდართული წესი (დანართი N1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს "დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის N66/ნ ბრძანება (სსმ III, 13.03.2008 N39 მუხ. 440).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ა. კვიტაშვილი
გამოქვეყნებულია #20 მაცნეში
20.02.2009
ნაწილი III
დანართი #1 - დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი
თავი #1 - ზოგადი დებულებები
მუხლი #1 - რეგულირების საგანი
ეს წესი აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დასაქმებულთათვის (შემდგომში დასაქმებულები) და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეთათვის (შემდგომში - მოსამსახურეები) დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.
მუხლი #2 - დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის ორგანიზაცია და პასუხისმგებლობა მის სისწორეზე
1. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში.
2. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს დასაქმებულის შემთხვევაში შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში - შესაბამისი საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება (შემდგომში - დაწესებულება).
3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის დამსაქმებელს/დაწესებულებას.
მუხლი #3 - დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საფუძველი
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის), ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში - დუბლიკატის, შესაბამის დამსაქმებელთან/დაწესებულებაში წარდგენის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.
თავი #2 - დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის პირობები
მუხლი #4 - დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის პირობები და ოდენობა
1. დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება:
ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში;
ბ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო;
გ) კარანტინის გამო;
დ) პროთეზირების გამო.
2. მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ასევე "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ინიშნება საავადმყოფო ფურცლის გაცემის პირველი დღიდან.
5. დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში, ასევე დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა განთავისუფლების დღემდე პერიოდზე.
6. შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
7. თუ დროებითი შრომისუუნარობა სამუშაოდან განთავისუფლებაზე დავის დროს დადგა, სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ანაზღაურების ათვლა იწყება სამსახურში აღდგენის დღიდან.
8. ვადიანი ხელშეკრულების შემთხვევაში დამსაქმებელი/დაწესებულება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებას ანაზღაურებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
მუხლი #5 - დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი
დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ მიეცემათ:
ა) პირებს, რომლებმაც ტრავმა მიიღეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ან განზრახ აყენებენ ზიანს თავიანთ ჯანმრთელობას;
ბ) მკურნალი ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევისას;
გ) თუ დროებითი შრომისუუნარობა გამოწვეულია დაავადებით ან ტრავმით, რომლის უშუალო მიზეზია არაფხიზელი მდგომარეობა (ალკოჰოლური, ნარკოტიკული და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებით თრობა);
დ) კანონით დადგენილი წესით სამსახურიდან ჩამოშორების ან სასამართლოს გადაწყვეიტილებით არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე ყოფნის დროს.
მუხლი #6 - დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშება
1. მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო.
1'. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის #609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების XIV თავის მე-7 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სარგო და დანამატები.
1''. 2007 წლის 1 ნოემბრიდან 2009 წლის 28 სექტემბრამდე ამ მუხლის 1' პუნქტი გავრცელდეს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, რომლებზეც მითითებულ პერიოდში დროებით შრომისუუნარობის გამო დახმარებად გაიცა "სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის # 609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების XIV თავის მე-7 პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სარგო და დანამატები.
1'3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი ფულადი სარგოები და დანამატები.
2. დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს შეცვლის შემთხვევაში, დახმარების ოდენობის გაანგარიშება თანამდებობრივი სარგოს შეცვლამდე პერიოდზე ხდება ძველი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, ხოლო თანამდებობრივი სარგოს შეცვლის დღიდან ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
3. დასაქმებულისთვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.
4. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის დადგომამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
5. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის დადგომამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან 3 თვის მუშაობის სტაჟი, ან უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში არ მომხდარა შრომის ანაზღაურების დარიცხვა, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.
7. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:
ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;
ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები (ამ მუხლის 1 და 1''' პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);
გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
8. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.
8'. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური ფულადი სარგოებისა და დანამატების გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.
9. საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.
9'. ამ მუხლის 8' გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური ფულადი სარგოების და წელთა ნამსახურობაზე დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (ფულადი სარგოები და წელთა ნამსახურობაზე დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) კალენდარულ დღეთა რიცხვზე.
10. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა ყველა დამსაქმებელთან ცალ-ცალკე.
მუხლი #7 - დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა
1. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების მისაღებად დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ საბუთს (საავადმყოფო ფურცელს).
2. დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სავადმყოფო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან აანაზღაუროს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ან წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ გაიცემა დამსაქმებლისათვის/დაწესებულებისათვის დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის) დახურვიდან 3 თვის შემდეგ წარდგენის შემთხვევაში.
რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი: 470.230.000.22.035.012.810