32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ დაგეგმილ მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ 2019 წლის პირველი მაისის აქციას, საქართველოს სკოლების და სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულები - სპმთპ-ის 1000-ზე მეტი წევრი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან მთავრობის კანცელარიამდე მსვლელობით შეუერთდა. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის 60 რაიონული/საქალაქო და აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციების ლიდერებმა და წევრებმა საპროტესტო აქციის მთავარ მოთხოვნებს და მთავრობის მეთაურის მისამართით მომზადებულ ,,სოციალურ კონტრაქტს” თანადგომა გამოუცხადეს, რაც ხელის მოწერით დაადასტურეს. აქციის მონაწილეებს, საქართველოს პედაგოგთა საზოგადოების სახელით, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მიმართა: ,,ყველა სფეროში დასაქმებულებს, ჯერ კიდევ, ბევრი პრობლემა აქვთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ სოლიდარულები მხოლოდ პირველ მაისს ვართ. მთვარია ერთიანი ძალით,საერთო ფრონტზე ვიბრძოლოთ, დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისათვის". მაია კობახიძემ საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა: ,,საქართველოს მთავრობის მეთაურის და განათლების მინისტრის მიერ დაანონსებულია ფუნდამენტური რეფორმა. ზოგიერთი შიშით ელოდება, ზოგიც სულმოუთქმელად. ჩვენ რეფორმის არ გვეშიანია, ვინაიდან, უკანასკნელ 25 წელზე მეტია პედაგოგები საქმიანობას წარმართავენ დაუსრულებელი, ინტენსიური, არათანმიმდევრული რეფორმების რეჟიმში. პროფკავშირი მხარს დავუჭერთ რეფორმას, თუ ის რადიკალურად გააუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს და დაცული იქნება მასწავლებელთა უფლებები. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ზოგიერთმა განათლების ექსპერტმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა თამამად განაცხადა, რომ განათლების ხარისხის ამაღლებისათვის აუცილებელი პირობაა ასაკოვანი მასწავლებლების სკოლიდან გაშვება. ჩვენ არ დავუშვებთ ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციას, პენსიონერი პედაგოგების სკოლებიდან იძულებით დათხოვნას, ვინაიდან პროფესიონალიზმი ასაკის მიხედვით არ განისაზღვრება. სწორედ ბევრი ასაკოვანი მასწავლებლის მხრებზე დგას ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა.საქართველოს პედაგოგთა აბსოლიტური უმრავლესობა მაღალი რანგის პროფესიონალია და შევებრძოლებით მასობრივ გათავისუფლებებს". სიტყვით გამოსვლისას სპმთპ-ის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ განმარტა საბავშო ბაგა-ბაღებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ”კანონის ამოქმედება. თუმცა, აღნიშნა ის გარემოება, რომ კანონით განსაზღვრული ვალდებულების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას დღემდე არ განუსაზღვრავს სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა მინიმალური ხელფასის ოდენობა.. დიდი მადლობა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომლის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ, მუნიციპალიტეტებმა პროფკავშირთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაონ საბავშვო ბაგა-ბაღების დასაქმებულებთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები. ჯერ-ჯერობით არც-ერთ მუნიციპალიტეტს ეს მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტი არ აქვს შემუშავებული. შესაბამისად, პრობლემებია ანაზღაურებადი შვებულების ვადებთან, ბიულეტენის ანაზღაურებასთან, დიდ ქალაქებში ცვლიანობის შემოღებასთან დაკავშირებით და სხვ. ,,თუ კანონის მოთხოვნები არ შესრულდა, მაშინ რა ფასი აქვს კარგად დაწერილ და შექმნილ ნორმატიულ აქტებს...ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ისეთი რეფორმის კონცეფცია არ იქნება, რომელიც ითვალისწინებს ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას.... 2022 წლიდან გვპირდებიან მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაზრდას. ასეთი დაპირება ბევრჯერ მიგვიღია. ჩვენ ვითხოვთ, ახალი საბიუჯეტო წლიდან დაიწყოს პედაგოგთა საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდა. კრიტიკას ვერ უძლებს ტექნიკური პერსონალის ანაზრაურების საკითხი. სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების ტექნიკური პერსონალის ხელფასები 80 - 100 ლარს შეადგენს. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ტექნიკური პერსონალის შრომის პირობების გაუმჯობესებაა“- განაცხადა მაია კობახიძემ. 2019 წლის 1 მაისის ,,სოციალურ კონტრაქტში”, რომელიც მთავრობის მეთაურს გაეგზავნა, ის საჭიროებებია ასახული, რაც სოციალური უთანასწორობის თვალსაზრისით ჩვენს ( მსოფლიოს არაერთ ) ქვეყანას გააჩნია. საუბარია საგანგაშოდ დიდ სოციალურ უთანასწორობაზე, რომელიც არ მცირდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ. რეფომები კი, იმათი ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს ვისაც ეხება. საპროტესტო აქციაზე გამომსველელებმა აქცენტი გაკეთეს სხვადასხვა დარგებში მიმდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, მოითხოვეს ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი, არა პოპულიზმზე, არამედ სოციალურ კონტრაქტზე და საჭიროებებზე იყოს დაფუძნებული. 

1 მაისი, 2019 წელი.