32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
ძვირფასო მასწავლებლებო, თვისობრივად ახალ რეალობაში ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა, სასიკეთოდ შეიცვალა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების საკითხი, გაჩნდა უკეთესი მომავლის იმედი.
უპირველეს ყოვლისა, გვინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატოთ პროფესიიდან გასული, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილი მასწავლებლების მიმართ. მათთვის ეს დღე სიხარულის და ერთდაგვარი სევდის მომგვრელია. ვუსურვებთ ყველას ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს.
განათლების სისტემის რეფორმების პროცესში, ახალი გამოწვევები, ახალ პასუხისმგებლობას აკისრებს მოქმედ მასწავლებლებს. დადგა დრო, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინოთ, თქვენი პროფესიონალიზმის დამტკიცებისა და კარიერული წინსვლისათვის. თქვენზეა დამოკიდებული პროფესიის პრესტიჟის აღდგენა და რაც მთავარია, მოზარდი თაობის უზრუნველყოფა თანამედროვე, ხარისხიანი განათლებით.
ღრმად გვწამს, რომ მოქმედ მასწავლებელთა კორპუსს შესწევს უნარი და თითოეული მასწავლებელი მოტივირებულია, სწავლა-სწავლების პროცესში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის. რთული და შრომატევადი იქნება ეს პროცესი. იმედს გამოვთქვამთ, თქვენთვის ჩვეული ნებისყოფით, შრომისმოყვარეობით, სიბრძნითა და შემოქმედებითი მიდგომებით დაძლევთ ყველა გამოწვევას.
მიუხედავად იმისა, რომ სამი წელია რაც ამოქმედდა ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი”, საბავშვო ბაგა-ბაღებში მდგომარეობა ფაქტიურად არ შეცვლილა. ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა საბავშვო ბაგა-ბაღებში, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ყველა კატეგორიის დასაქმებულთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებთან მიმართებაში. ურთულესი ამოცანების გადაწყვეტა მოგვიწევს. იმედს გამოვთქვამთ, ჩვენი სოლიდარობითა და ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ დასახულ მიზანს.

პედაგოგიურ კორპუსს, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებების ადმინისტრაციას, ყველა დასაქმებულს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ აკადემიურ წელიწადს!

პატივისცემით,

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი