32 2 37 30 67
 contact@educator.ge
25 მაისს, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ევროპელ კოლეგებთან ერთად, განათლების დარგში COVID-19 -ის კრისიზით გამოწვეულ პროცესებზე, ევროპის ქვეყნების პროფკავშირული საქმიანობის გზებსა და შესაძლებლობებზე, დისტანციურ რეჟიმში იღებდა მონაწილეობას.
ონლაინ შეხვედრაზე წარდგენილ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციის - ,,განათლების ინტერნაციონალის” (Education International) კვლევა. ევროპელი კოლეგების წინაშე, კვლევის ავტორმა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის განათლების პროფკავშირების საქმიანობებზე საუბრისას, სამაგალითო ფაქტად დაასახელა სპმთპ-ის მიდგომები, მათ შორის, ხაზგასმით აღნიშნა, სპმთპ-ისა და დანიის პროფკავშირის (GL) ,,დანიურ-ქართული საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის ერთობლივი პროექტი”, ორი ევროპული ორგანიზაციის (ESFTUG/GL) თანამშრომლობა, საქართველოს სკოლის მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის მიმართულებით, პანდემიის პირობებში.
გამომდინარე იქედან, რომ განათლება ნებისმიერი კრიზისის დაძლევის აუცილებელი პირობაა, ევროპის პროფკავშირების ლიდერებმა ერთხმად აღნიშნეს თითოეული მასწავლებლის როლი, კრიზისულ პირობებში მოსწავლეებთან მათი უკუკავშირების ფაქტები და სახელმწიფოების მხრიდან განათლების დარგის მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობა.
მსჯელობისას აღინიშნა, რომ არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ იმ ქვეყნების პედაგოგებსაც კი, სადაც ტექნოლოგიები გაცილებით ხელმისაწვდომია, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მასწავლებლებს უფრო მეტი თანადგომა ესაჭიროებათ, ტექნოლოგიების უნარ-ჩვევების განვითარებაში. მიუხედავად ამისა, გლობალური კრიზისის პირობებში, მასწავლებლებმა მცირე დროში გამოავლინეს შესაძლებლობების მაქსიმუმი, შეძლეს სწავლა-სწავლების პროცესების ონლაინ რეჟიმში გადატანა და საგაკვეთილო პროცესების ადაპტაცია, რაც დიდ სტრესსა და გადატვირთვას იწვევს.
დისტანციურ შეხვედრას, ETUCE-ის პრეზიდენტი კრისტინა ბლოუერი და ევროპული დირექტორი სუზან ფლოკენი უძღვებოდნენ. მათი ხელმძღვანელობით, ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) წევრებმა, სამუშაო ფორმატში, დისკუსიების, ფაქტების, საჭიროებების გათვალისწინებით, ერთობლივად შეიმუშავეს ,,ETUCE-ის ერთობლივი განაცხადის პროექტი ,,COVID19-ის კვალდაკვალ”. განაცხადი უშუალოდ ETUCE-ის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდება, სადაც ძირითადი აქცენტი გადატანილია სოციალურ დიალოგზე, განათლებაში ინვესტიციების გარანტიების შექმნაზე.
პროფკავშირების ლიდერები თანმხდებიან, რომ დისტანციური სწავლება რეალურ საკლასო - სასწავლო სოციუმს ვერ ცვლის, მაგრამ, ონლაინ სწავლება განხილულ უნდა იქნას, როგორც გადაუდებელი დახმარება და ინსტრუმენტი.