32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" აქტიურად განაგრძობს ელექტრონული რუბრიკის ფარგლებში, „პროფლიდერები განსხვავებული რაკურსით“, სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების წარმოჩენას , მათი საქმიანობის პოპულარიზაციას და მათ დანახვას განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში.

ამჟამად რუბრიკის სტუმარია სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა ისიანი-მეტრეველი.

დოსიე : დავიბადე 1951 წლის 23 თებერვალს ბოლნისში.

1956-1967 წლებში ვსწავლობდი ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ნომერ პირველ საშუალო სკოლაში.

1968-1971 წლებში სწავლა განვაგრძე თბილისის საფინანსო - ეკონომიურ ტექნიკუმში , სპეციალობით: ბიუჯეტის შედგენა და შესრულება. 1971 წლიდან მუშაობა დავიწყე ბოლნისის განათლების განყოფილებაში ეკონომისტად, სადაც ვიმუშავე 35წელი.

2006 წლიდან მუშაობა გავაგრძელე სპმთპ-ის ბოლნისის რაიონულ ორგანიზაციაში ბუღალტრად.

2014 წელს ამირჩიეს სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. 2014 წლიდან გახლდით განათლების სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონის რესურსცენტრის სპეციალისტთა შესარჩევი კონკურსის კომისიის წევრი, რომელიც მოიცავდა: ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს რაიონებს.

2014 წლიდან დღემდე ვარ სპმთპ-ს ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე.

110305840 813152675887409 7668607520769547525 n

რა არის თქვენთვის წარმატება?

ამ კითხვაზე პასუხს ჰენრი ფორდის შესანიშნავი გამონათქვამით გავცემ: "წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იპოვნო შენი დანიშნულება და მისდიო მას“. მთელი ჩემი ცხოვრება მუდმივად ჩემი დანიშნულებისა და დანიშნულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობების ჯაჭვია, რომელსაც ერთგულად მივყვები და დაკისრებულ მოვალეობას თავდაუზოგავად, პირნათლად ვასრულებ. წარმატების შედეგი ყოველთვის მიღწევაზე გადის, ამიტომ , ვფიქრობ , ჩემი მთავარი მიღწევა მაინც "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს„ უკავშირდება.

ამ კუთხით, თუნდაც მიღწევაა, როდესაც დღევანდელი მდგომარეობით ბოლნისის ყველა სკოლაში პირველადი ორგანიზაციები ფუნქციონირებს. 2019 წლის სექტემბრიდან სკოლამდელი აღზრდის 12 დაწესებულებიდან ორგანიზაციაში გაერთიანდა 9 დაწესებულება, დანარჩენებზე ვმუშაობთ.

ბოლნისის რაიონულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია სკოლებში-1100 წევრი და საბავშვო ბაგა-ბაღებში -250.

მოხარული ვარ, რომ ბოლნისის რაიონის სკოლის პედაგოგებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულ აღმზრდელებს, თანაშემწეებს გათავისებული აქვთ ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობა, წევრიანდებიან და გვერდით გვიდგანან ნებისმიერ წამოწყებაში

როგორც ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პროფწევრთა საჭიროებაზე ორიენტირებული ვარ და ყოვეთვის ამ კუთხით ვმუშაობ. დამეთანხმებით, რომ მასწავლებელმა და აღმზრდელმა ყველაზე უკეთ იცის რა სჭირდება და ყოველთვის აფასებს იმ ადამიანებს, ვინც მას გვერდით უდგას და პრობლემების დაძლევაში ეხმარება. ვამაყობ , რომ „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ სახით მაქვს ძლიერი ბერკეტი და ძალა, დახმარება გავუწიო პედაგოგებს, მათთან ვაწარმოო დიალოგი და ვითანამშრომლო.

რა გაძლევთ მოტივაციას?

ადამიანისთვის მოტივაციის წყარო და საფუძველი მაინც ოჯახია, მერე კი საყვარელი საქმიანობა. როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ: კმაყოფილიც ხარ , ბედნიერიც, მოტივირებულიც , შემართებულიც და მებრძოლიც.

რას ნიშნავს ლიდერობა თქვენთვის და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად გუნდური ან ერთპიროვნული ხართ?

რადგან „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“საქმიანობა გუნდურ პრინციპებზეა აგებული, მეც მათი გუნდის წევრი და ლიდერი ვარ, შესაბამისად, ჩემი მუშაობის პრინციპიც გუნდურია , თუმცა არსებობს მთელი რიგი გადაწყვეტილებები, სადაც საჭიროებიდან გამომდინარე, ერთპიროვნულიც ვხდები . გუნდურობის პრინციპი უფრო მეტად მაძლიერებს და საქმეში წარმატებულს მხდის. პატივს ვცემ სხვების აზრს და ყოველთვის ვითვალისწინებ ჩემს სამომავლო საქმიანობაში.

110337375 1337527693307770 4934871549999960128 n

პანდემიის ფონზე , მთელი რიგი საქმიანობები ვირტუალური გახდა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

პანდემია მთელი მსოფლიოსთვის მოულოდნელი და თავზარდამცემი მდგომარეობა იყო. თავდაპირველი სტრესული მდგომარეობა დავძლიე და აქტიურად ჩავერთე ბოლნისის პედაგოგების საჭიროების მიმართულებით საქმიანობაში. მანამდე დისტანციური მეთოდები ჩემი საქმიანობისთვის არ იყო აქტუალური, რადგან პირადი შეხვედრების, დიალოგებისა და კონტაქტების ფორმატში ვიყავი გადართული. სწორედ პანდემიამ განაპირობა ჩემს საქმიანობაში დისტანციური მეთოდების დანერგვა,ზუმის პლატფორმით სარგებლობა. თავიდან ,რა თქმა უნდა, გამიჭირდა, მაგრამ მალევე გადავეწყვე ამ მიმართულებით.

ამ ახალი წამოწყებისას აქტიურ მხარდაჭერასა და თანადგომას ვგრძნობდი "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის" პრეზიდენტის მაია კობახიძის და მისი გუნდის მხრიდან. დასაფასებელია, ა(აიპ) საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელის მარიამ მკალავიშვილის , მართლაც რომ გმირული ქმედება, პანდემიის ფონზე დისტანციური ( ონლაინ) ტრენინგების დანერგვა და მათი უწყვეტად ჩატარება რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების დახმარებით, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ პროცესში მეც და ჩვენი ორგანიზაციის პროფწევრთა უმრავლესობა აქტიურად ჩავერთეთ. ბოლნისის პროფწევრთათვის ჩატარდა , მართლაც რომ ტრენინგების სერია, რომელსაც თქვენ აქტიურად აშუქებდით ორგანიზაციის გვერდსა და პორტალზე და ეს მხარდაჭერაც უფრო მეტ მოტივაციასა და ძალას გვაძლევდა.

110264466 621098521872989 8160263367692058842 n

როგორც ვიცი, ბოლნისი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე , ეროვნული უმცირესობით , აზერბაიჯანელებით დასახლებული რაიონია. რა თქმა უნდა, თუნდაც სწავლებისა და საქმიანობის კუთხით გარკვეული პრობლემები იქნება. განსაკუთრებით რა სახის პრობლემებს აწყდებით? ქართული ენის ცოდნის მხრივ რა მდგომარეობაა? როგორ ფლობენ ქართულს ადგილობრივი პროფწევრები? და ენობრივი ბარიერის დაძლევის მიმართულებით იქ რა ღონისძიებებს ახორციელებს პროფკავშირი?

რაც შეეხება პრობლემებს , რა თქმა უნდა არის, უმეტესობას უჭირს კომუნიკაცია. სისტემატიურად მაქვს კონტაქტი აზერბაიჯანული სკოლის დირექტორებთან და პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეებთან, რათა ერთობლივად აღმოვფხვრათ პრობლემა. პედაგოგებს უჭირთ პროფესიული უნარების ჩაბარება ქართულ ენაზე, აქედან გამომდინარე, შევუძინე ყველა აზერბაიჯანულ სკოლას ქართულ-აზერბაიჯანული პროფესიული უნარების წიგნი, რისი საშუალებითაც უმეტესეობამ შეძლო გამოცდების ჩაბარება. ხშირად ვუტარებ საგნობრივ ტრენინგებსა და ღონისძიებებს , ჩამომყავს პროფესიონალი ტრენერები. ჟვანიას სკოლაში მასწავლებლები სწავლობენ ქართულ ენას , არსებობს საპრეზიდენტო პროგრამაც , სადაც გადიან ქართულის ენის სწავლებას. სოფლებში მასწავლებლები ადგილობრივ მაცხოვრებლებს ასწავლიან ქართულ ენას, რომ მოხდეს მათი ინტეგრაციის პროცესი. ენობრივი ბარიერის დაძლევისა და ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, აზერბაიჯანული და ქართული სკოლები დამეგობრებულნი არიან და ერთობლივ ღონისძიებებს ატარებენ.

სპმთპ-ს კუთხით ,სამომავლოდ რა ტიპის აქტივობების განხორციელებას გეგმავთ?

სამომავლოდაც ალბათ, საჭიროებიდან გამომდინარე ვადაპტირდებით. სიტუაცია და გარემოება გვიჩვენებს რას და როგორ გავაკეთებთ. ნებისმიერ სიტუაციაში, სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაცია ყოველთვის პედაგოგების გვერდით იდგება და მათ ზურგს გაუმაგრებს უფლებრივად, საგანმანათლებლო და საკანონმდებლო დონეზე.

110336344 1174183099627531 8123703673265130818 n

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ?რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

პედაგოგებს ვეტყოდი, რომ ადამიანის ყველაზე დიდი ღირებულება დაცულობის შეგრძნებაა.მით უმეტეს, როდესაც პროფესიული საქმიანობის კუთხით დაცული ხარ: მეტს აკეთებ, მშვიდად საქმიანობ, ვითარდები, წარმატებულ პროფესიულ ნაბიჯებს დგამ სპმთპ-ს დახმარებით. ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი ,როდესაც იცი რომ სადღაც შენი სჯერათ და გეხმარებიან, იქით მიდიხარ და მიიწევ. მთავარია, მიხვდე და გააკეთო სწორი არჩევანი. "საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი" სწორედ ის ადგილია, სადაც შენი შესაძლებლობების სჯერათ და გეხმარებიან პროფესიულ განვითარებასა და მყარად ფეხზე დადგომაში, ხოლო წაბორძიკების შემთხვევაში, ფეხზე გაყენებენ და უფლებრივად გიცავენ.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

მინდა , რომ დასრულდეს პანდემია და ქვეყანა ეკონომიკურად მოძლიერდეს. როგორც ორგანიზაციის ლიდერმა შევძლო პედაგოგების სრულფასოვანი დახმარება, მხარდაჭერა და მათთან ერთად ღონისძიებების დაგეგმვა არა დისტანციურად, არამედ პირადად და პირისპირ.

იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/page/OpfVEYk6qhsJL/?fbclid=IwAR1Q-1r6HJrgIaDFMHwYeoC3saAItk-FLfFpcYJsvo-8ttoURH1mCOvKKKI

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა