32 2 37 30 67
 contact@educator.ge

საქართველოს პედაგოგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ცარო ხარძიანი , სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის , ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი.

119169505 1089913891426448 8752847224423302370 n

დოსიე : 1995 წელს ჩავაბარე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

2008 წლამდე ვმუშაობდი ჟურნალისტად სხვადასხვა გამოცემებში. ვიყავი ჯერ გაზეთ „ახალი გარდაბნის“, შემდეგ კი ჟურნალ „მისიის“ მთავარი რედაქტორი. ამავდროულად ვმუშაობდი წიგნის „ჩვენი ისტორიის მემატიანენი“ სარედაქციო კოლეგიაში.

2008 წელს მუშაობა დავიწყე ლემშვენიერას საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მალევე ჩავაბარე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა და გავხდი უფროსი მასწავლებელი.

ინკლუზიური განათლების სკოლებში დანერგვის პირველ ეტაპზევე ჩავერთეთ პროექტში და 7 წელი ვიმუშავე სპეცმასწავლებლად.

პარალელურად ვმუშაობდი სკოლის საინფორმაციო მენეჯერის პოზიციაზე.

შარშანდელ სასწავლო წლამდე ვასწავლიდი საინფორმაციო ტექნოლოგიებსაც.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედებიდან დღემდე ვარ ფასილიტატორი, ასევე „ლიდერობის აკადემიის“ ფარგლებში სტემის საგნების ფასილიტატორიც.

ამჟამად ვარ წამყვანი მასწავლებელი.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

სკოლა ის ადგილია, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ადრეული ბავშვობიდან ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული სასწავლო პროცესში. მყავდა არაჩვეულებრივი მასწავლებლები, რომლებიც ყოველთვის მაძლევდნენ სწავლის მოტივაციას.

თამაშის დროსაც მასწავლებლის როლს „ვირგებდი“ და უნივერსიტეტში სწავლისასაც ხშირად „ვითავსებდი“ ამ ფუნქციას.

გარკვეულ ეტაპზე არჩევანის გაკეთების დრო დადგა და მივხვდი, ჩემთვის იდეალური ადგილი სკოლა იყო. როცა პროფესიის შეცვლა გადავწყვიტე, გავიაზრე, რომ აუცილებელი იყო თანამედროვე მიდგომებით მისვლა სკოლაში, ამიტომ დავამუშავე არსებული ლიტერატურა და ფაქტობრივად, ახალი მეთოდებით შევედი გაკვეთილზე. ამან გააიოლა ჩემი ადაპტირება სასკოლო გარემოში. მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. მუდმივი ძიების და აღმოჩენის პროცესი სიამოვნებას მანიჭებს. არასოდეს ვეძებ იოლ გამოსავალს, ექსპერიმენტები არ მაშინებს და ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს ჩემს პროფესიულ არჩევანს.

ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

თავიდან ადგილის დამკვიდრება გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება - ზოგისთვის „ახალმოსული“ კადრია მიუღებელი, ზოგი „ახალ მეთოდებს“ არ გიწონებს. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ის მხარდაჭერაა, რომელსაც გრძნობ. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდ მხარდაჭერას ჩვენი სკოლის დირექტორის, ქალბატონი გულნაზი ჭელიძისგან ვგრძნობდი და დღესაც ასეა. არასოდეს არაფერში რ შევზღუდულვარ, თავისუფლად და კომფორტულ გარემოში ვაკეთებდი იმას, რასაც ვთვლიდი იმ მომენტისთვის საჭიროდ და აუცილებლად. ჩემი, როგორც მასწავლებლის ზრდა ამ ფაქტორმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

აქვე უნდა აღვნიშნო არაჩვეულებრივი კოლეგიალური დამოკიდებულება კოლექტივში. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც გაღიარებენ, გვერდით გიდგანან და მოგყვებიან სიახლეების დანერგვის რთულ ეტაპზე.

სადაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობ, იქ საქმის კეთებაც სასიამოვნოა. სასკოლო თუ სარაიონო ღონისძიებები, სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციები, ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები, კონსულტაციები კათედრებზე, სამუშაო შეხვედრები ჩვენი სკოლის და რაიონის სხვა სკოლების მასწავლებლებთან იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ერთობლივად ვგეგმავთ და ვასრულებთ.

ერთ-ერთი მთავარი ძალა ჩემთვის ოჯახია. ისინი საჭირო დროს ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და მაძლიერებენ.

თქვენს პროფესიაში რომელ თანამედროვე მიდგომებს და მეთოდებს გამოყოფთ, რომლებსაც სწავლებისას განსაკუთრებით იყენებთ?

სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ის მიდგომები და მეთოდებია, რომლებიც ბავშვის თვალებში ინტერესს და მოტივაციას აჩენს. ამ თვალსაზრისით, რაც უფრო მრავალფეროვანია გაკვეთილი, მით უფრო ადვილია ყველა მოსწავლის გააქტიურება.

საკმაოდ ხშირად ვიყენებ თამაშით სწავლას: კროსვორდები, თავსატეხები, ვიქტორინები, პაზლები, იპოვნე შეცდომა, მორფოლოგიური ყუთი, როლური თამაშები, მკითხველის თეატრი, იდეების პირამიდა, პერსონაჟთა რუკა, დისკუსიები, დებატები, თხრობა პერსონაჟის პოზიციიდან და სხვა...

ყველა მოსწავლე ინდივიდია. ამიტომ არასოდეს ვიტყვი, რომ ყოველთვის იდეალური გაკვეთილები გამომდის და არ მქონია უკმარისობის განცდა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, როცა მოსწავლე ხედავს, რომ რასაც სთავაზობ, მისთვის აქტუალური, საინტერესო და გამოსადეგია, აუცილებლად გამოგყვება და ხალისით იმუშავებს.

უამრავი მეთოდია, რომელთა გამოყენება-გაზიარება-აღმოჩენა სასწავლო პროცესს ორმხრივად სასარგებლოს ხდის. ამ მხრივ აღსანიშნავია დანიურ-ქართული სემინარი „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ და „დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებლთა პროფკავშირის“ ერთობლივი პროექტი „სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან თანამშომლობით“, რომელშიც ჩვენი რაიონული ორგანიზაციის ლიდერის ქალბატონი ლილი წურწუმიას ინიციატივით ჩავერთეთ 2019 წლის შემოდგომაზე.

ამ სემინარის შემდეგ კიდევ უფრო ხშირად და ეფექტურად ვიყენებ წერით აქტივობებს - 5 წუთიანი ესე გაკვეთილის საწყის და ბოლო ფაზაზე, მნიშვნელოვანი მახასიათებლების რუკა, კლასის ლექსიკონი, ფლუმის 5 კუთხა და 7 კუთხა მოდელები და სხვა.

119191390 669001567074956 6990929555538634407 n

როგორც ვიცი ,აქტიურად იყავით ჩართული „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ საერთაშორისო პროექტში: ,,საქართველოში განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის განვითარება ,სპმთპ-სთან თანამშრომლობით”.

რამდენად ნაყოფიერი იყო თქვენთვის აღნიშნული პროექტი და რა ისწავლეთ?

რა მოგეწონათ დანიის საგანმანათლებლო სისტემიდან და რას გადმოიღებდით ქართულ რეალობაში?

"საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“მიერ ორგანიზებული ტრენინგებით, სამუშაო შეხვედრებით და შემაჯამებელი კონფერენციებით უშუალოდ დანიელი კოლეგებისგან მივიღეთ ინფორმაცია დანიის განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების, სიახლეების, სწავლა - სწავლების მეთოდების, ციფრული ინსტრუმენტების, ინტერნეტ ტექნოლოგიების, სასწავლო რესირსების შექმნისა და გამოყენების შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებო იყო განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების დანიური სისტემის გაცნობა. ასევე თამაშით სწავლების კომპონენტების ინტეგრირება ყოველდღიურ სასწავლო რეჟიმში.

საინტერესო სემინარის გამოცდილება მხოლოდ საკუთარ პრაქტიკაში არ გამოგვიყენებია. მე და ქალბატონმა გულნაზმა ჯერ საკუთარ სკოლაში ჩავატარეთ სამუშაო შეხვედრა, შემდეგ კი ქალბატონი ლილის დახმარებით გარდაბნის N:4 საჯარო სკოლაში გავმართეთ სამდღიანი სამუშაო შეხვედრები 12,13,14 ოქტომბერს და 17,18,19 ოქტომბერს, რომლებსაც ესწრებოდა 84-ზე მეტი მასწავლებელი. ეს სამუშაო, მიუხედავად საკმაოდ დატვირთული გრაფიკისა, ერთგვარი კვლევაც იყო, გამოიკვეთა მასწავლებელთა საჭიროებები და პრობლემები.

ყარაჯალის, ყარათაკლიას, ახალსოფლის, გარდაბნის N1, გარდაბნის N4, ნაზარლოს, მუღანლოს, გამარჯვების, დამია გეურარხის (მარნეული), სართიჭალის N1, სართიჭალის N2, მუხროვანის, საცხენისის, ნორიოს, აქთაკლიის, მარტყოფის N1, თელეთის, ფოლადაანთკარის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან შეხვედრები მიმდინარეობდა მშვიდ და საქმიან გარემოში, მონაწილეებმა თვითონ იმუშავეს ყველა შეთავაზებულ აქტივობაზე და გაეცნენ დანიური სწავლების მიდგომებს, გამოთქვეს მოსაზრებები; შეხვედრიდან მეორე დღესვე მასწავლებლებმა დაიწყეს უკუკავშირი მოწოდება, რომ აღნიშნული სტრატეგიები კარგად მუშაობდა, მოსწავლეთა უმრავლესობა ხალისით ერთვებოდა აქტივობებში.

შეხვედრები ორმხრივად სასარგებლო იყო - შეხვედრაში მონაწილე მასწავლებლები გაეცნენ დანიური სკოლის გამოცდილებას, ვისაუბრეთ დანიური სკოლის თავისებურებებზე, რამდენად იყო შესაძლებელი ქართულ რეალობაში გამოცდილების გათვალისწინება.

თვითონვე შეასრულეს და შემდეგ მოსწავლეებზე გამოცადეს შეთავაზებული აქტივობები. ჩაატარეს გაკვეთილები, რომლებზეც დანიური მეთოდებიდან სულ მცირე 2 აქტივობა მაინც გამოიყენეს. რეფლექსიაში თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ გაკვეთილები გამოვიდა ხალისიანი, საინტერესო და მოსწავლეთა მოტივაცია იყო მაღალი. ვინც საგაკვეთილო პროცესში გამოიყენა სხვადასხვა კოგნიტური დიაგრამები, პაზლები, დომინო, თემატური ბარათები, ვიქტორინა, კროსვორდი და სხვა, ერთხმად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა მაღალია და შემაჯამებელ დავალებებზეც საკმაოდ მაღალი შედეგი დააფიქსირეს.

დანიური გამოცდილებიდან ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა იმ ფაქტმა, რომ გამოცდამდე მხოლოდ 5 დღით ადრე იგებენ საგამოცდო საგანთა ჩამონათვალს.

• მნიშვნელოვანია დამამთავრებელ საფეხურზე მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება გარკვეული წყვეტის შემდეგაც შეეძლოთ;

• განმსაზღვრელი შეფასებების რაოდენობის შემცირება, თვლიან, რომ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თუ ნიშანზე არ იქნება ორიენტირება.

119125342 819929182086555 9182361364388125937 n

რამ იმუშავა ყველაზე კარგად ჩვენს სკოლაში?

• თითქმის ყველა გაკვეთილზე და ყველა საგანში უკვე დამკვიდრდა მცირე წერითი დავალებები - 5 წუთიანი ესე გაკვეთილის დასაწყისში და 5 წუთიანი ესე გაკვეთილის დასრულებამდე;

• ფლუმის ხუთკუთხა მოდელიც აქტიურად გამოიყენება;

• კარგად მუშაობს მნიშვნელოვანი მახასიათებლების რუკა;

• მოსწავლეთა მიერ შედგენილი ტესტები;

• მასწავლებელთა დიდი ნაწილი კარგად იყენებს „კლასის ლექსიკონს“ (აღნიშნავენ, რომ მასალის გაგება მოსწავლეებს უფრო უადვილდებათ);

• გაკვეთილის დროს ჩანაწერების გაკეთება 2-3-ჯერ შესვენებით;

• ძალიან კარგად მუშაობს „მოსწავლეები ასწორებენ ტესტებს“;

ყველაზე მეტად გამოვარჩევდი შეხვედრების მონაწილე მასწავლებლების მიერ აღმოჩენილ რამდენიმე „ჭეშმარიტებას:

„როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე ყველა სირთულის დავალებას ეჭიდებიან, თუ მოსწავლეებს ვაძლევთ აზროვნებისა და მსჯელობის საშუალებას!

გადაწყვეტილებების მიღებისას, ინფორმაციის დახარისხებისა და გაანალიზებისას, ასევე პრეზენტაციის მომზადებისას მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს!

მრავალფეროვანი აქტივობები ასევე ეხმარებათ მასალის უკეთ გააზრებასა და დამახსოვრებაში, თანაც სწავლა სახალისო პროცესი ხდება! “

სწავლებისას ძირითადად რა პრობლემებს აწყდებით?

როგორია თანამედროვე ახალგაზრდობა?

რამდენად მოტივირებულები არიან სწავლა/სწავლების პროცესის დროს და წინა თაობის ახალგაზრდებისგან რითი გამოირჩევიან ?

სწავლების პროცესში ძირითადი პრობლემა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უქონლობაა. ამ საკითხს მხოლოდ სკოლის ფინანსები ვერ მოაგვარებს. ისტ ტექნოლოგიების ინტეგრირება ნებისმიერ საგანში უფრო ინტერაქტიულს და საინტერესოს ხდის სწავლების პროცესს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელცარიელი შევდივარ გაკვეთილზე. მოსწავლეები თვითონაც ქმნიან და მეც აქტიურად ვიყენებ სხვადასხვა რესურსებს. ამ მხრივ აღსანიშნავია ადმინისტრაციის თანადგომაც.

თანამედროვე ახალგაზრდობა საკმაოდ გონიერია. არ არსებობს სირთულე, რომელსაც ისინი ვერ გაუმკლავდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი სტრესის და დაძაბულობის ფონზე უწევთ განვითარება, მაინც ახერხებენ იყონ კრეატიულები, ხალისიანები და მიზანსწრაფულები. მე მიყვარს მათთან ურთიერთობა. ჩემთვის ისინი არიან ახალი იდეების და ენერგიის წყარო. არ ვიცი ისინი ბევრად გამოირჩევიან თუ არა წინა თაობისგან, რადგან მიმაჩნია, რომ ყოველი თაობა თავისებურად კარგია, მაგრამ ინფორმაციაზე წვდომა, სითამამე და შესაძლებლობა, ცალსახად, მეტი აქვთ.

როგორ შეაფასებდით სწავლების ძველ და ახალ მიდგომებს: ახალი სკოლის მოდელს, სქემას, სწავლების ინტერაქციას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს... მიმდინარე 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა,რომ გამოცდა ორიენტირებული იყო არა წმინდა პროგრამული კუთხით, არამედ აქცენტი კეთდებოდა მოსწავლის თავისუფალ აზროვნებასთან. თქვენეული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

ვფიქრობ, სწავლების თანამედროვე მიდგომები ნელ-ნელა მკვიდრდება სასკოლო სივრცეში. პროცესი საკმაოდ გაიწელა, რადგან მასწავლებელთა ნაწილი ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებს „თამაშით სწავლებას“, „სპეკტაკლ-გაკვეთილებს“, დისკუსია-დებატების ფორმატს. ახალი თაობა პროგრესულ აზროვნებას და ახალ იდეებს ითხოვს. თუ ისინი არ დაარწმუნე სასწავლი მასალის პრაქტიკულობაში, არც კი მოგისმენენ. გაკვეთილი ფორმალურ სახეს იღებს და მოსწავლეთა ქცევაც რთული საკონტროლებელია.

ახალი სკოლის მოდელი ბევრი მიმართულებით მუშაობას გულისხმობს, ეს ძალიან კარგია, რადგან მოსწავლე დღევანდელ, 21-ე საუკუნის უნარებზე ორიენტირებულ ადამიანად უნდა აღიზარდოს.

რაც შეეხება სქემას, მგონია, რომ ამ ეტაპზე ბევრი რამ დასახვეწი და გადასახედია.

"ერთიან ეროვნულ გამოცდებზე" გამოყენებული ფორმატი ჩემთვის მისაღებია. ჩარჩოები ხანდახან საჭიროა, მაგრამ თავისუფალი აზროვნების მოსწავლეები ხშირად საძებარი გვყავს. ეს მათ მომავალზე ყოველთვის აისახება. სკოლა ცხოვრების პატარა მოდელია. აქედან იწყება ჩამოყალიბება და როცა 18-19 წლის ახალგაზრდა მკაფიოდ, გასაგებად და ამავდროულად შემოქმედებითად აფიქსირებს პოზიციას, შეგვიძლია ამით ვიამაყოთ.

როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგისთვის, რამდენად მოტივაციის შემცველია ის ფაქტი, რომ ეროვნულ გამოცდებში ყველა მიმართულებით პირველ სავალდებულო საგნად ჩასმულია ქართული. რა უნდა გაკეთდეს ქართული ენის უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის?

ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, ამიტომ რა თქმა უნდა, ეროვნულ გამოცდებში პირველ სავალდებულო საგნად ქართული ენა და ლიტერატურა უნდა იყოს ჩასმული. იმდენად პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის ერი ვართ, თუ ჩვენ არ მოვუარეთ და გავუფრთხილდით, მალე მომაკვდავი ენების სიაშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ.

რ მინდა ტრაფარეტული ფრაზები გამომივიდეს, მაგრამ დღეს ქართული ენის დაბინძურების უამრავი მაგალითი გვესმის: ტელევიზიით, რადიოში, ქუჩასა თუ ოჯახში. გვინდა თუ არა, მოზარდის ყური ადვილად იმახსოვრებს მცდარ ფორმებს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მოსწავლეები გაკვირვებულები ისმენდნენ სწორ ფორმებს და ვერც აღიქვამდნენ შეცდომად დამკვიდრებულ გამონათქვამებს. რაც შეეხება ლიტერატურას, წინაპრების დატოვებული საგანძური მართლაც რომ საამაყო გვაქვს, მაგრამ თანამედროვე ლიტერატურული შედევრების აღქმა-გაანალიზებაც აუცილებელია. აზროვნების განვითარების მაჩვენებელი ანალიზის, სინთეზის და შეფასების დონით განისაზღვრება.

რა უნდა გაკეთდეს ქართული ენის პოპულარიზაციისთვის? ამ საკითხის შესახებ ხშირად მიფიქრია. მთავარია პრობლემის მოგვარება ლოკალური სივრცეებიდან დავიწყოთ. სახლში, ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტებში ხშირად უნდა იმართებოდეს ამ საკითხებზე დისკუსია-დებატები, საინფორმაციო შეხვედრები... ტელევიზიაში, რადიოსა და გაზეთებში უნდა არსებობდეს გარკვეული კონტროლი გამართულ მეტყველებაზე. რაც უფრო ხშირად და ხმამაღლა ვისაუბრებთ აღნიშნულ საკითხებზე, მით უფრო მეტად მივიქცევთ ახალი თაობის ყურადღებას და გავაცნობიერებინებთ ენის დაცვის მნიშვნელობას.

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა საგანმანათლებლო სივრცე. მასწავლებლების დიდი ნაწილი მოუმზადებელი აღმოჩნდა ვირტუალური სწავლებისთვის. მართალია, მოსწავლეთა დიდ ნაწილს ტექნოლოგიებთან ურთიერთობა უფრო ადვილად გამოსდის, მაგრამ მაინც დიდი დრო დასჭირდა სრულ მობილიზებას - ვიღაცას კომპიუტერი არ ჰქონდა, ვიღაცას ტელეფონი, ნაწილს კი ინტერნეტზე წვდომა.

ჩემთვის ამ პლატფორმაზე მუშაობა რთული არ ყოფილა. შეძლებისდაგვარად კოლეგებსაც ვეხმარებოდი. ჩვენ ერთად შევძელით საკმაოდ სერიოზულ გამოწვევასთან გამკლავება და ოპერატიულად დავიწყეთ ვირტუალური საკლასო ოთახების ამუშავება. ერთად ვეცნობოდით, ვიაზრებდით, ვამუშავებდით მასალებს.

ამ პერიოდმა კარგად დაგვანახა ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში კიდევ უფრო მეტად ინტეგრირების აუცილებლობა არა მარტო ერთ ან ორ საგანში, არამედ თითქმის ყველა დისციპლინაში.

ა არის თქვენთვის „საქართველოს პედაგოგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“?

ჩემთვის „საქართველოს პედაგოგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“არის: მხარდაჭერა, თანადგომა, მორალური სიძლიერე, იმედი იმისა, რომ საჭირო დროს გვერდით მდგომი გვყავს. ოჯახი, რომელიც ისეთს გიღებს, როგორიც ხარ.

„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“პრეზიდენტის მაია კობახიძის, ჩვენი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის - ლილი წურწუმიას, პროფკავშირის თითოეული წარმომადგენლის სერიოზულ მხარდაჭერას ნებისმიერ სიტუაციაში ვგრძნობთ და ამისთვის მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო. თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც საჭირო დროს, საჭირო ადგილას დგახართ ჩვენს გვერდით და გვაძლიერებთ.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ?

რა პრივილეგიებითა და გარანტიებით ისარგებლებენ?

რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

საქართველოს პედაგოგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირში“ გაწევრიანებული პედაგოგი დაცულია, რადგან უკან დიდი ძალა უდგას. უამრავი გამოწვევის ფონზე, მასწავლებლებს არ აქვთ არც დრო და არც საშუალება იმ პროცესებში მონაწილეობისა, რომლებიც უკავშირდება საგანმანათლებლო სფეროს, პროფკავშირი კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდინარე პროცესებში.

ჩემთვის „საქართველოს პედაგოგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ არის მასწავლებლის უფლებების დაცვის, თანადგომის და პროფესიული განვითარების შანსი. ეს ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს მასწავლებლების დასაცავად. სპმთპ ყოველთვის გამოირჩევა საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით, ამიტომ მივმართავ პოტენციურ წევრებს - თქვენ მარტო არ ხართ, უკან დიდი ძალა გიდგათ. გაწევრიანდით და ისარგებლეთ იმ გარანტიებით, რასაც გთავაზობთ "საქართველოს პედაგოგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

მასწავლებლებმა აქტივობები მიმართონ არა დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამახსოვრების, არამედ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისკენ.

მინდა, რომ მოსწავლეებისთვის სწავლა არ ასოცირდებოდეს უსიამოვნო პროცესთან. მინდა, იმ თაობის აღმზრდელი ვიყო, რომელიც ბედნიერ და წარმატებულ ქვეყანას ააშენებს.

იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/page/DOfav9mGm6SVc/?fbclid=IwAR3mJrLMa4db9v3QFcyoViblTvxkdY3_y_ggh6slD2--YGUeuj9MT4ZhMPc

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა