32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა. მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით“, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.

რუბრიკამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და არაერთი წარმატებული პედაგოგი წარმოაჩინა.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ქალაქ თბილისის, 24-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი და tv სკოლის ვებინარების პედაგოგი თეა ტყეშელაშვილი.

118472212 3477598718958741 4968991347569266527 n

სამუშაო გამოცდილება:

2001-2006 წლებში ქ. თბილისს მე-12 საჯარო სკოლა,ისტორიისა და რელიგიის პედაგოგი.

2007-2020 წლებში ქ. თბილისის 24-ე საჯარო სკოლა,ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

განათლება:

1991-1995წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორიისა და

რელიგიის სპეციალობა.

პროექტები:

2011 წელი-სილქნეტის ტელესკოლის პროექტი,ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი; ტელე-გაკვეთილების პედაგოგი (70 გაკვეთილი. ისტორია,სამოქალაქო განათლება).

2020 წელი განათლების სამინისტროსა და ტელესკოლის პროექტი 2020 აბიტურიენტებისთვის • ვებინარების პედაგოგი.

2000 წელს ხანგრძლივი პროფესიული თვითგამორკვევის შემდეგ, პირველად დროებით მუშაობა დავიწყე 24-ე საჯარო სკოლაში შემცვლელ პედაგოგად. იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის მოსწავლეებთან ურთიერთობა სასკოლო სივრცეში, რომ დღემდე ამ ჯადოსნური მიკროსამყაროს ნაწილი ვარ და წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება სასკოლო საგანმანათლებლო სფეროს მიღმა. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა სკოლის ხელმძღვანელების, კოლეგების, მოსწავლეების მხრივ. 24-ე საჯარო სკოლაში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ მე-12 საჯარო სკოლის გარემომ გამომიმუშავა ის ძირითადი პედაგოგიური უნარ-ჩვევები, რომელიც შეიძლება ჩემი მუშაობის ძლიერ მხარედ მივიჩნიო. 2006 წელს კვლავ დავუბრუნდი 24-ე სკოლას და ჩავები არაჩვეულებრივად მრავალფეროვან, საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრების ფერხულში, რომელსაც ხელმძღვანელობდა დირექტორი ბატონი გია მურღულია. მინდა მადლობა გადავუხადო მას იმ გამოცდილებისა და წარმატებებისათვის, რომელსაც მისი ხელმძღვანელობისას მივაღწიე. მასწავლებლობა მუდმივად თვითპროექტირებადი პროფესიაა და მეც ვცდილობ, არ გავიყინო მხოლოდ ერთ დროულ განზომილებაში.

118521095 320545509180676 2650337932613609986 n

ორიოდე სიტყვა მითხარით tv სკოლასთან დაკავშირებით.როდის ჩაერთეთ? რამდენი გაკვეთილი ჩაატარეთ და როგორ შეაფასებდით განათლების სამინისტროს გახმაურებულ პროექტს?

მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო განხორციელება განათლების სამინისტროსა და ტელესკოლის პროექტის, რომელიც აბიტურიენტებს სთავაზობდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებლად ვებინარების ციკლს ყველა საგანში, მათ შორის ისტორიაში. განათლების სამინისტროს წარმომადგენლის ქალბატონ თეა ქარჩავასა და პროექტის ხელმძღვანელ ქალბატონ ანი რამიშვილის შეთავაზებით იმთავითვე ჩავერთე ვებსკოლის პროექტში. ისტორიის მიმართულებით ვმუშაობდით სამი მასწავლებელი, თითოეულმა მოვამზადეთ 18 ვებინარი. პროექტის მიზანი არ იყო მარტივი, 2 თვეში უნდა მოგვემზადებინა მე-11 და მე-12 კლასის პროგრამა შესაბამისი ვიზუალური მასალით საპრეზენტაციო ფორმატით და პარალელურად იმ ტიპის დავალებები და სავარჯიშოები, როგორიც წარმოდგენილია ეროვნულ გამოცდებზე ისტორიაში. ვინაიდან მოკლე დროში ძალზე დიდი თეორიული მასალის მომზადება გვიწევდა, ვებინარების დროის მოცულობა საათნახევრიანი იყო. ასეთი იყო მითითება პროექტის ხელმძღვანელების მხრიდან. აბიტურიენტებს აღნიშნული პროექტით მიეცათ საშუალება პანდემიის პირობებში გაემეორებინათ მთელი საპროგრამო მასალა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და განემტკიცებინათ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც წლების განმავლობაში მიიღეს სკოლაში სწავლისას. ვფიქრობ, წარმოდგენილი პროექტის იდეა იყო ძალიან სასარგებლო ყველა მოტივირებული აბიტურიენტისათვის. გარკვეული ხარვეზები, რომელიც შეიძლება აქვს ჩვენს ვებინარებს, გარკვეულწილად, განპირობებიულია იმით, რომ პედაგოგებსაც ექსტრემალურ სიტუაციაში გვიხდებოდა მუშაობა.

https://youtu.be/mmxzvFntcNQ

განსაკუთრებით, ყურადღება მინდა გავამახვილო, 2011 წელს სილქ ტვ-ის მიერ განხორციელებულ პროექტზე: სილქნეტის ტელესკოლაზე. ვფიქრობ, საქართველოს მასშტაბით, ეს იყო ინოვაციური პროექტი, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში განხორციელდა. აბსოლუტურად ყველა კლასისთვის, ყველა საგანში ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამების მიხედვით ჩაწერილ იქნა 15-20 წუთიანი ოპტიმალურად ყოვლისმომცველი გაკვეთილები. დღესაც არ კარგავს ეს პროექტი აქტუალობას და მას ჰყავს თავისი მაყურებელი უკვე 9 წელია. პროექტი განკუთვნილი იყო საშუალო სკოლის ყველა კლასის მოსწავლეებისათვის. პროექტის საერთო საგნობრივი ხელმძღვანელი იყო ბატონი გია მურღულია. მე ვხელმძღვანელობდი ისტორიის მიმართულებას, ასევე ჩავწერე 70 გაკვეთილი. ძალზე საინტერესო და საასარგებლო იყო ჩემთვის ამ პროექტზე მუშაობა.

https://spark.adobe.com/page/FXHYQy2psoP2R/?fbclid=IwAR3pRdus3yFLo3TvbsrSfyIqG6z24D0da584EswkHtQkHy-toIVVLEINT3M

სკოლის მასშტაბით, არაერთი პროექტი განმიხორციელებია, გადამიღია ვიდეო რგოლებიც... ფილმიც, მაგრამ მას შემდეგ დრო არის გასული და ვფიქრობ, ზედმეტი იქნება მათზე საუბარი. (გარდა ამისა, მყავს მეუღლე და მოხუცი მამა ძალიან ვერიდები ოჯახზე საუბარს, არ მყავს შვილები) დავამთავრე 132-ე სკოლა.

118465739 357522905279199 1289786566080578293 n

თქვენი მუშაობის პრიორიტეტი და წარმატების თქვენეული ფორმულა.

ჩემი მუშაობის მიზანია, მოსწავლეებს ინტერესი აღვუძრა და შევაყვარო ჩემი საგანი. წარმატების საფუძვლად მივიჩნევ დელიკატურ ურთიერთობას კოლეგებთან და მოსწავლეებთან, მუდმივ ზრუნვას მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებაზე.

როგორი უნდა იყოს XXI საუკუნის მასწავლებელი, რომ გაუმკლავდეს თანამედროვე მოთხოვნებს?

მასწავლებელი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს თვითგანვითარებას თანამედროვე ეპოქის ტენდეციების შესაბამისად: სწავლა-სწავლების პროცესისათვის საჭირო ტექნოლოგიების გამოყენებას, არ იზღუდებოდეს მხოლოდ საგაკვეთილო ჩარჩოებით და ინტერესდებოდეს მოსწავლეთა გატაცებებით, მისწრაფებებით კულტურულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ სფეროებში.

როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას და მათთან ურთიერთობას?

თანამედროვე ახალგაზრდობა პრაგმატული, მიზანსწრაფული და ტექნოლოგიურად ინფორმირებულია. მათთან ურთიერთობა ცხადია, პედაგოგისთვის ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა.ბევრ სასარგებლო პრაქტიკულ ინფორმაციას ვიღებ მათგან, რაც მეხმარება თვითგანვითარებაში.

პანდემიის ფონზე , განსაკუთრებით აქტუალური გახდა ინტერნეტ ტექნოლოგიები და სწავლების დისტანციურ მეთოდებზე გადასვლა. რამდენად იყავით მზად ამ მიმართულებით და რა პრობლემებს აწყდებოდით სწავლებისას?

მიუხედავად იმისა, რომ ვფლობდი სასწავლო პროცესისითვის საჭირო ინტერნეტ ტექნოლოგიებს, ექსტრემალურ სიტუაციისათვის მხოლოდ ნაწილობრივ მომზადებული აღმოვჩნდი. ახალმა გამოწვევამ გააღრმავა ჩემი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით და ვფიქრობ, უფრო ეფექტურად შევძლებ მომავალში მუშაობას.

როგორ შეაფასებდით განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს.რა კეთდება მასწავლებლების სასიკეთოდ და რა როლი აკისრია პროფკავშირს ამ მიმართულებით?

ამ ეტაპზე ვერ ვხედავ განათლების სამინისტროს მხრიდან ეფექტურ ძალისხმევას ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. იზრდება მოთხოვნები, პასუხისმგებლობა სკოლის მიმართ და არ იცვლება შრომის პირობები, სასწავლო გარემო. პროფკავშირი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა (ამ შემთხვევაში დასაქმებული პედაგოგების მიმართ) არ იყოს დისკრიმინაციული.

118516791 674692063397586 6091929183601034019 n

რა არის თქვენთვის „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“ ? როდის და რატომ გაწევრიანდით და რა გავლენა მოახდინა ორგანიზაციამ თქვენს საქმიანობაზე?

ნებისმიერი სახელმწიფოს დემოკრატიის (ადამიანის სოციალური, პოლიტიკური, პროფესიული უფლებების დაცვა) მდგენელი არის პროფესიული გაერთიანებების არსებობა. სწორედ ამ ორგანიზაციების თავისუფლების და ეფექტურობის ხარისხით განისაზღვრება წარმატებული ქვეყნების სოციალური პოლიტიკის დონე. ვაცნობიერებ რა ჩემს მოვალეობებს სახელმწიფოს წინაშე შრომითი ურთიერთობების პროცესში, ასევე მოვითხოვ დაცული იქნეს ჩემი უფლებები. სწორედ ამის გარანტად მიმაჩნია პროფკავშირები. სკოლაში მუშაობის დაწყებისთანავე, გავხდი პროფკავშირის წევრი. პირადად მე და ჩემს კოლეგებს დიდი დახმარება გაგვეწია სასერთიფიკაციო გამოცდებისათვის მზადების პროცესში ეფექტური ტრეინინგების მეშვეობით (ეს პროცესი ამჟამადაც გრძელდება). ასევე მიმიღია საჭირო იურიდიული კონსულტაცია. არაერთხელ მივიღე მონაწილეობა პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

რას ურჩევდით პოტენციურ პროფწევრებს რატომ უნდა გაწევრიანდნენ? რა პრივილეგიებით ისარგებლებენ?

ვფიქრობ, ნებისმიერი პედაგოგისთვის, რომელიც ჩართულია კოლექტიურ შრომით ურთიერთობებში, პროფკავშირი არის ის ნავსაყუდელი, სადაც შეიძლება მოიპოვოს მეტი მხარდაჭერა პროფესიული განვითარებისა და შესაძლო იურიდიული პრობლემების მოგვარების საქმეში.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი წამყვანი და პრიორიტეტული გამოცდაა ისტორია. რა მეთოდებითი ასწავლით ისტორიას , რომ აბიტურიენტმა თუნდაც მეორე გამოცდაზე გადასასვლელი ბარიერი დაძლიოს ?

ჩემი აზრით, ნებისმიერ საჯარო სკოლაში ახალი თუ ძველი მეთოდებით ჩატარებული ისტორიის გაკვეთილები იძლევა საშუალებას, რომ მოსწავლემ დაძლიოს ბარიერი ეროვნულ გამოცდაზე. ისტორიის საგამოცდო პროგრამა მთლიანად მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ისტორიის პროგრამას მე-11-12 კლასის მოსწავლეებისათვის.

თანამედროვე სასკოლო განათლება თუ პასუხობს უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების სტანდარტებს ?

ნაწილობრივ პასუხობს...

118479664 771312060388282 6900764565652087417 n

რაკიღა ჩვენი ქვეყანა ტურისტულად სტრატეგიული მნიშვნელობისაა და უცხოელი ტურისტებისთვის ძალზედ საინტერესოც. როგორ ფიქრობთ, უცხო ენის ცოდნის პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოდნა და გიდების ინსტიტუტის განვითარებაც რამდენად მნიშველოვანია ?

გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმი ჩამოყალიბდა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად, სასიცოცხლოდ აუცილებელია, ამ სფეროში დასაქმებული პროფესიული კადრების მომზადება. უპირველეს ყოვლისა,ვგულისხმობ გიდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი უცხოელებთან ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, მათ ენების ცოდნასთან ერთად, მოეთხოვებათ ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და გეოგრაფიის საფუძვლიანი ცოდნა.

ისტორიის ცოდნის საფუძველი სკოლიდან იწყება. როგორ ინტერესდებიან თქვენი მოსწავლეები ამ საგნით სამომავლო პროფესიის არჩევისას ?

მიუხედევად იმისა, რომ მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა ინტერესს იჩენს ისტორიის სწავლების მიმართ, პრაგმატული გამოყენების თვალსაზრისით, ისინი ჯერჯერობით იშვიათად ირჩევენ მომავალ პროფესიად ისტორიკოსობას. თუმცა, ტურიზმის განვითარებასთან ერთად, უახლოეს მომავალში მეტად მოთხოვნადი გახდება ისტორიკოსის პროფესია.

ისტორიის საგნის პოპულარიზაციისთვის და ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელობის წარმოსაჩენად რა კეთდება თქვენს სკოლაში ?

ისტორიის გაკვეთილების პრალელურად ეწყობა კულტურილ-საგანმანათლებლო ღონისძიებები (ექსკურსიები სხვადასხვა რეგიონებში, მუზეუმებში, ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი ფილმებისა და სპექტაკლების კოლექტიური ნახვა, ეწყობა დებატები აქტუალურ თემებზე, ვიღებთ კონკურსებში მონაწილეობას...)

 

როგორ შეაფასებდით სწავლების ძველ და ახალ მიდგომებს: ახალი სკოლის მოდელს, სქემას, სწავლების ინტერაქციას, ერთიან ეროვნულ გამოცდებს... მიმდინარე 2020 წლის ეროვნულმა გამოცდებმა აჩვენა,რომ გამოცდა ორიენტირებული იყო არა წმინდა პროგრამული კუთხით, არამედ აქცენტი კეთდებოდა მოსწავლის თავისუფალ აზროვნებასთან. თქვენეული მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებითაც.

მომწონს ეროვნული გამოცდების ახალი ტენდენცია ისტორიაში. მეტი აქცენტი კეთდება ანალიზზე, შეფასებაზე, სააზროვნო ზედა უნარებზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უნარები ეფუძნება ცოდნას, გაგებასა და გამოყენებას. ისტორიაში კონკრეტული ფაქტების, მოვლენების ამოცნობა, ტერმინების დამახსოვრება, დროსა და სივრცეში ორიენტირება, მასალის შინაარსის წვდომა, შესაბამისი მაგალითების მოყვანა... არის საფუძველი იმისა, რომ მოსწავლემ შეძლოს ისტორიულ მოვლენებში კანონზომიერების აღმოჩენა და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა; გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად მსჯელობა და დასკვნების გაკეთება, საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთება. სწავლების ძველი და ახალი მიდგომები. ვფიქრობ, ავითარებს მოსწავლეებში ზემოაღწერილ უნარებს.

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

რეალობა ყოველთვის გვაძლევდეს მიზნის მიღწევის საშუალებას.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა