ახალციხეში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე დამსწრე დელეგატებმა სპმთპ-ის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კლარა კუპრეიშვილი ერთხმად აირჩიეს. 29 მარტს, ახალციხეში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა
კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები: ამბარცუმ ბაბოიანი და გიორგი ბეროშვილი
და ახალციხის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მოწვეული სტუმრები.
სპმთპ–ის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციას თავმჯდომარეობდა ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე მეგი გურგენიძე.
კონფერენციის მონაწილეებს სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე მიესალმა. მან მადლობა გადაუხადა მათ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და აქტიური პროფკავშირული საქმიანობისთვის. ,,ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევქმნათ სოლიდარობის განწყობა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში. სოლიდარობითა და ერთად ყოფნით ყველა მიზნის მიღწევა შეიძლება“ - აღნიშნა მაია კობახიძემ.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა პროფკავშირის მიზნებსა და ამოცანებზე, განხორციელებულ საქმიანობაზე, წევრთა უფლებების დაცვის საქმეში მიღწეულ წარმატებებსა და საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
სპმთპ-ის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, კლარა კუპრეიშვილმა დელეგატებს 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგაც ორგანიზაციის პრიორიტეტები და გაძლიერებისთვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები გააცნო.
კონფერენციაზე დამსწრე 42-მა დელეგატმა სპმთპ-ის ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კლარა კუპრეიშვილი ერთხმად აირჩია.
კონფერენციაზე, ასევე, აირჩიეს სპმთპ-ის ახალციხის რაიონული საბჭოს შემადგენლობა და სპმთპ-ის რიგით მე-9 საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები.