32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონულ/საქალაქო ორგანიზაციებში სანგარიშო-საარჩევნო კონფერენციები გრძელდება. 30 აპრილის სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის რიგით მე-7 კონფერენციაზე, 56-მა დელეგატმა, ღია კენჭისყრით, ლალი სეფისკვერაძე ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია. კონფერენციას, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე ესწრებოდა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: ცენტრალური აპარატიდან - სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა, სპმთპ-ის განათლებისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თემურ კიკნაძემ, ასევე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ბოჭორიშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან გიორგაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით კიკნაძემ, ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა მაია ბლუაშვილმა და საჯარო სკოლების დირექტორებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები: გაზეთი „ჩემი იმერეთის“ რედაქტორი ლაურა გიგოლაძე და ჟურნალისტი ნინო კაპანაძე, გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ ჟურნალისტი თამარ მაღრაძე, ასევე, სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანებიდან მოწვეული სტუმრები. სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ლალი სებისკვერაძემ კონფერენციის მონაწილეებს ორგანიზაციის 2013-2018 წლის საქმიანობის დეტალური ანგარიში წარუდგინა. ასევე, მან ხაზგასმით გამოყო სუსტი და ძლიერი მხარეები, სამომავლო პრიორიტეტები და დასაქმებულთა პროფესიული განვითარების დახმარებისათვის განხორციელებული ტრენინგების სტატისტიკა. განაცხადა, რომ მომავალი კვირიდან გეგმავს მასწავლებელთა გადამზადებას - ტრენინგებს საგნობრივ და სხვა საჭიროებებზე მორგებულ მოდულებში. კონფერენციის დელეგატებს მიესალმა სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე. მაია კობახიძემ ორგანიზაციის 4 წლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მან ყურადღება გაამახვილა სპმთპ-ის ინიციატივით საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რამაც გააუმჯობესა საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებები. სპმთპ-ის პრეზიდენტსა და აუდიტორიას შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილებოდა აქტუალური საკითხები და პრობლემები. ხარაგაულის მე-7 საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის დელეგატებმა, თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, კენჭისყრა გააგრძელეს. კონფერენციამ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ადგილობრივი საბჭოს 37 კაციანი შემადგენლობა დაამტკიცა (რომელშიც ყველა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე შედის) და სპმთპ-ის ყრილობის 4 დელეგატი, პლიუს 1 სათადარიგო დელეგატი აირჩია. ლალი სებისკვერაძის ინიციატივით, ექვს მასწავლებელს „ამაგდარი პედაგოგი პროფკავშირელის“ სტატუსი მიენიჭათ და პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.